პორტო-ფრანკო და ეროვნული ინტერესი

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იმპერიების ეპოქაში (1875-1888)

ავტორი: გიორგი ღვინჯილია

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ბათუმში მოწყობილი „პორტო-ფრანკოს“, საქართველოში პირველი თავისუფალი სავაჭრო ზონის, ისტორია და მის ირგვლივ მიმდინარე პოლემიკა ბევრ ნაცნობ თემას გაგვახსენებს – იმპერიების ბრძოლა ენერგორესურსებისათვის, ხალხში გავრცელებული ომის შიში, კაპიტალისტებისთვის გადაცემული ქვეყანა, სუსტი გლეხობა, მუშათა კლასი და ეროვნული ინტელიგენცია, რომელიც კოლონიზებულ მდგომარეობაში ცდილობს ქვეყნის ინტერესების გატარებას. ყველაფერთან ერთად ისტორია გვისვამს კითხვას – რას ნიშნავს იყო ქართველი და ცდილობდე ეროვნული ინტერესების გატარებას სუვერენიტეტის უქონლობის პირობებში?

ამბავი ორ დონეზე ვითარდება. პირველზე იმპერიები და გლობალური კაპიტალი მოქმედებდნენ, რომლებიც პლანეტის რესურსებს ინაწილებდნენ. ბათუმისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ოსმალეთის, რუსეთის და ბრიტანეთის ძალები დაუპირისპირდნენ. 1878 წელს ბერლინში კონგრესი გაიმართა, რომელსაც რუსეთ-თურქეთის ომის შედეგები უნდა შეეჯამებინა და ოსმალეთის დასუსტების შედეგად გაჩენილი გავლენის სფეროები გაენაწილებინა. კონგრესი შესავალი იყო იმ 50 წლიან პერიოდში, რომელსაც ისტორიკოსმა ერიკ ჰობსბაუმმა იმპერიების ეპოქა უწოდა. ეპოქა 1875-1914 წლებს მოიცავს, ის ცენტრის ქვეყნებში მომხდარი წარმოების ზრდით, გლობალური მონოპოლიების შექმნით და კოლონიური სისტემის გამყარებით ხასიათდება. შედეგი დრამატული უთანასწორობა იყო, როგორც ქვეყნების შიგნით, ისევე საერთაშორისო დონეზე. კონკურენციამ სავაჭრო სფეროში გადაინაცვლა. რამდენიმე მცირე ომი ვერ ცვლიდა საერთო სურათს, რომლის მიხედვითაც მსოფლიომ შედარებითი მშვიდობის ეპოქაში შეაბიჯა.[1]

სწორედ იმპერიების ეპოქაში გაჩნდა კავკასიის, როგორც ნავთობით მდიდარი რეგიონისადმი განსაკუთრებული ინტერესი. ამ დროისათვის, ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ნავთობის რაოდენობით, მსოფლიოში პირველ ადგილს გერმანია იკავებდა. ბაქოს საბადოების აღმოჩენამდე, ნავთობის 77 პროცენტი ამერიკაში მოიპოვებოდა. გერმანიას ამერიკულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება სურდა, სახელმწიფოს ამოცანა ევროპის საკუთარი ჰეგემონიის ქვეშ გაერთიანება იყო. საუკუნის მიწურულს ამერიკულ ნავთობთან კონკურენციაში, რომელიც „სტანდარტ ოილს“ და როკფელერების სახელს უკავშირდებოდა, ძმების რობერტ, ლუდვიგ და ალფრედ ნობელების ბაქოში დაფუძნებული კომპანია შევიდა. 1883 წელს ბათუმში გლობალური კაპიტალიზმის მესამე გიგანტის, როტშილდის კომპანიამ დაიწყო მუშაობა. 80-იან წლებში როტშილდებისა და ნობელების კომპანია მჭიდრო კავშირში შედის გერმანულ კაპიტალთან. „დოიჩე ბანკის“ ინიციატივით „გერმანია-რუსეთის ნავთობის საიმპორტო საზოგადოება“ დაფუძნდა. მსოფლიოში „ნავთობის ომად“ წოდებული გლობალური კონკურენცია იწყებოდა.[2]

საქართველო ბერლინის კონგრესს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეხვდა. ქვეყანას კავკასიის მეფისნაცვალი, მიხეილ რომანოვი მართავდა. კოლონიური რეჟიმის დამყარების შედეგად, ქვეყანა ეკონომიკური და ეროვნული ჩაგვრის ქვეშ მოექცა. ხალხი მძიმე ექსპლუატაციას განიცდიდა ცარიზმთან შეკრული ფეოდალური გადმონაშთებისა და საერთაშორისო მსხვილი ბურჟუაზიის მხრიდან. ეკონომიკურ ჩაგვრას დაპყრობილი ხალხების შევიწროვების პოლიტიკა ამძიმებდა.

ლოკალური ცხოვრების წესი შემოსვლისთანავე უცხო აღმოჩნდა რუსული ბიუროკრატიისთვის. ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინება იმპერიის მართვის საერთო ფორმას არღვევდა და კავკასიის რუსეთის იმპერიაში ინტეგრაციას ანელებდა.[3]

ამ შეუთავსებლობის ნიადაგზე, არსებობდა ორმხრივი უნდობლობა კოლონიურ მმართველობასა და კოლონიზებული ქვეყნის მოსახლეობას შორის. უნდობლობის მეორე მთავარი წყარო მეცხრამეტე საუკუნეში მომხდარი აჯანყებები იყო, რომლებშიც ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენები იღებდნენ მონაწილეობას. მდგომარეობა გამოუვალი იყო – რუსული მმართველობიდან გამოსვლა ქვეყანას ოსმალეთისა და სპარსეთის გავლენის ქვეშ მოაქცევდა, რაც საქართველოს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებდა. სწორედ ამ ჩიხის განცდა იქცა მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის მთავარ ინსპირაციად.

კონგრესს რომელსაც რეგიონის ბედი უნდა გადაეწყვიტა გერმანიის კანცლერი ოტტო ფონ ბისმარკი გაუძღვა. განხილვებში ამერიკა, ინგლისი, რუსეთი, ავსტრია-უნგრეთი, იტალია და საფრანგეთი მონაწილეობდნენ. ინგლისს ბენჟამინ დისრაელი წარმოადგენდა, თანამედროვე კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. რუსულ დელეგაციას იმპერიული ჟანდარმერიის ყოფილი ხელმძღვანელი პიოტრ შუვალოვი ხელმძღვანელობდა. სხვა საკითხებთან ერთად, კრებას ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი აჭარის ბედიც უნდა გადაეწყვიტა. ქართველი მკითხველი ყოველდღიურ ამბებს გაზეთი „დროების“ ფურცლებიდან იგებდა. ამ დროისათვის გაზეთი მთავარი ქართული მედია იყო, მაგრამ უმნიშვნელო ტირაჟით იბეჭდებოდა. ბეჭდური მედია შემოწმებას „კავკასიის ცენზურის კომიტეტში“ გადიოდა. ადგილობრივ გაზეთებთან ერთად კომიტეტს უცხოეთიდან შემოტანილი წიგნების შემოწმებაც ევალებოდა.[4]

მკითხველმა საზოგადოებამ აჭარლების არსებობა გიორგი ყაზბეგისა[5] და თედო სახოკიას[6] მოგზაურობებიდან გაიგო, რასაც გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილი პირველი სტატიები მოჰყვა. ქართული პუბლიკა ახლად აღმოჩენილი ქართველების გაცნობის მოლოდინში იყო. 1875 წელს სერგეი მესხის სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც „ოსმალოს საქართველო“ ერქვა: „რამდენიმე მაზრა, – როგორც ამბობენ, თითქმის ორასი ათასი შთამომავლობით ქართველი – დღეს თავის ქვეყანას მოწყვეტილია და ოსმალოს ექვემდებარება… ახალს ქართულს ლიტერატურაში ორი სიტყვაც არ თქმულა იმათზედ! ისინი ჩვენ ძმებად გვთვლიან, ჩვენ კი მათ ოსმალოებად ვრაცხავთ, არ ვიცნობთ, არ გვინდა გავიცნოთ! – სტატიის ბოლოს მესხი „დაკარგული ძმების“ შესახებ ცნობების შეგროვებას სთხოვს მკითხველებს.

მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში აჭარა მღელვარებებით იყო მოცული, მოსახლეობა ჯერ სტამბულის მიერ წამოწყებული რეფორმების წინააღმდეგ აჯანყდა, ხოლო შემდეგ ბალკანეთის სადამსჯელო მისიაში მონაწილეობაზე თქვა უარი. აჭარაში სამხედრო რეიდებს ატარებდა რუსეთის იმპერიაც.[7] იმავე წელს, „დროების“ ფურცლებზე მესხის მიერ საგანგაშო ტონით დაწერილი მეორე სტატიაც ვრცელდება, რომელშიც ავტორი ოსმალეთის წინააღმდეგ ქობულეთში დაწყებულ გამოსვლებს აღწერს. სტამბულმა ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში დაწყებული აჯანყების ჩახშობა აჭარლების გამოყენებით გადაწყვიტა: „როცა ფაშას მოახსენეს, რომ ქობულეთელები ჰერცოგოვინაში წასვლას არ აპირებენო, გახელებულმა ფიცხელი ბრძანება მისწერა კაიმაკებს და მუდირებს (უეზდის უფროსებს), რომ ძალით გამოიყვანეთ ხალხიო და ვინც წინააღმდეგობა იხმაროსო, ოჯახი და სახლ-კარი დაუწვით და მათი ცოლ-შვილი დაატუსაღეთო.

„რა არის ჩვენი მოვალეობა ამ შემთხვევაში? რას უნდა ვშვებოდეთ ჩვენ, როცა ჩვენ მოძმეებს სწვენ, დაგვენ, როცა იმათ შვილებს წიწილებივით სრესენ, როცა იმათ ცოლებს აუპატიურებენ?“ – წერდა მესხი.[8] ქართველ ინტელიგენციასა[9] და აჯანყებულებს შორის მეკავშირე ქობულეთ-გურიის საკორდონო ხაზის უფროსი, გრიგოლ გურიელი იყო. გურიელს ქობულეთში აკაკი წერეთელის ჩაყვანა და მისი აჯანყებულებთან დაკავშირება სურდა. წერეთელი თანახმა იყო, თუმცა მამის სიკვდილისა და უსახსრობის გამო მისი მოგზაურობა ვერ მოხერხდა. ფაშას ბრძანებით ქობულეთში ცხენოსანთა და ქვეითი ჯარები გადმოისროლეს, ეგზეკუციამ აჯანყების სამასამდე მონაწილე დააკავა.[10]

რუსეთისა და ოსმალეთის მიერ დამორჩილებული ხალხის ბედი სრულიად უცხო იყო კონგრესზე შეკრებილი გიგანტებისათვის. ევროპის მეორე ბოლოდან ინგლისური იმპერიალიზმი ითხოვდა წილებს, რომელიც ოსმალეთის სამხედრო დახმარების გზით აპირებდა კავკასიაში რუსული პოზიციების შესუსტებას. 1877 წელს ბრიტანეთს კავკასიის ანექსიის გეგმა ჰქონდა შემუშავებული, რომელიც რეგიონში ინდოეთის კოლონიური ჯარების გამოყენებით, სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ისახავდა მიზნად. ინდოეთიდან ჯარების გადმოსროლას ათი დღე დასჭირდებოდა. რუსეთთან ომის მომხრე იყო დედოფალი ვიქტორიაც.[11]

„დროების“ მკითხველი საზოგადოება სიხარულით შეხვდა ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებას. კონგრესმა თავიდან აირიდა ომი, რომელიც კავკასიას იმპერიების პოლიგონად გადააქცევდა. აჭარა რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. შემოერთებას ერთი წინაპირობა ახლდა – ბათუმი პორტო-ფრანკოდ, თანამედროვე ენაზე თავისუფალ სავაჭრო პორტად უნდა გადაქცეულიყო. ნიკო ნიკოლაძე ერთერთი პირველი იყო ვინც ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა: „როცა ინგლისელი მინისტრები ბათომს საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდნენ, ამით ადგილობრივი მოსახლეობის დაკმაყოფილებაზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ ითვალისწინებდნენ ამიერკავკასიის გზით ინგლისის საქონლის კონტრაბანდით გატანას სპარსეთსა და შუა აზიაში… თავისი მანუფაქტურული საქონლით იპყრობს…და ვარაუდობს გადააქციოს ბათომი ინგლისური საქონლის საიმედო პუნქტად, რომლის დაცვა, შენახვა და გაფართოება რუსეთის ხარჯზე უნდა მოხდეს.“[12]

ქალაქში რუსული ადმინისტრაცია დაფუძნდა, ხოლო საერთაშორისო კაპიტალი გადასახადებისგან გათავისუფლდა. ქართული საზოგადოების „დაკარგულ ძმებთან“ შეხვედრა მსოფლიოს მოწინავე კოლონიზატორების მიერ შექმნილ სავაჭრო სამოთხეში უნდა მომხდარიყო. პორტო-ფრანკოს გამოცხადებიდან რამდენიმე დღე იყო გასული, ბათუმში მყოფი სერგეი მესხი ქუჩებში ვაჭრებისა და საქმოსნების მოზღვავებას აღწერდა: „დარბიან, დახმახუნობენ, ჰყვირიან, ჩურჩულებენ, დილიდან-საღამომდინ აქა-იქ დაძვრებიან, სამაღაზიო, სადუქნო სახლებს ქირაობენ, ადგილებს ყიდულობენ, „საქმეს“ ეძებენ“. ვაჭარი „საქმის“ მაძებარი ხალხი მხოლოდ ახლა, რუსების შემოსვლისთანავე მორბის აქ და ეჩქარება რომელსამე საქმეს სტაცოს კუდში ხელი… ვერ წარმოიდგენთ, როგორ მუდამ დღე საშინლად იწევს ახლა აქ ყველაფრის ფასი…ის მაღაზია, რომელიც რუსების შემოსვლამდე წელიწადში 500 ყურუშად იყო გაქირავებული ახლა ხუთას მანეთად გაქირავდა.“[13]

კონტრაბანდის თავიდან აცილების მიზნით მეფის ადმინისტრაციას პორტო-ფრანკოს შემოღობვა და საბაჟოების დაწესება დასჭირდა. საზღვარი ერთმანეთისგან სასაწყობო-სამეურნეო ზონას და დანარჩენ ქვეყანას ჰყოფდა. კედლის შიგნით კაპიტალიზმის ნორჩი ნაყოფები ყვაოდა, ხოლო გარეთ სიღატაკე იყო გამეფებული. ბათუმში სამხედრო სამსახურში მყოფი დავით კლდიაშვილი ასე იხსენებდა გაყოფილ ქალაქს: „პორტო-ფრანკობის დროს ქალაქის გარშემო სადარაჯოები იყო; ყოველი გამვლელ-გამომვლელი იჩხრიკებოდა; გატანილ ნავაჭრზე, რაც უნდა მცირე ყოფილიყო, ბაჟი უნდა გადაეხადა; აქ რასაკვირველია დარაჯებისაგან ათასი თვითნებობა და შევიწროვება ხდებოდა; ერთი სიტყვით სოფლელები, რომლებიც ქალაქს ვერ რჩებოდნენ ძლიერ გაჭირვებულნი იყვნენ. ამგვარივე გაჭირვებაში იყვნენ ქალაქში მოსულები. გაბრუნებისას – დაჩხრეკა, დაზვერვა, გასინჯვა ბარგისა ხშირად იწვევდა დიდ უსიამოვნებას და შევიწროებას.“[14] ქალაქში შექმნილ მდგომარეობას აკრიტიკებდა ილია ჭავჭავაძეც, მისი შეფასებით „პორტო-ფრანკო სახეიროდ ორიოდე ვაჭრისათვის და თვით ქალაქში მცხოვრებთათვის დარჩა,“ ბათუმის ირგვლივ მცხოვრებმა მოსახლეობამ „მხოლოდ წაგება“ და „ბევრი შეწუხება“ ნახა.[15]

სწორედ ამ მომენტიდან იწყება ბათუმის კაპიტალისტური განვითარება. პროცესს ბაქოს ნავთობი აჩქარებს, კავკასიაზე გამავალი რკინიგზის აშენება ბათუმს მსოფლიო ბაზრისთვის საწვავის მიმწოდებელ ერთ-ერთ უმთავრეს პუნქტად აქცევს. საქართველოს ტერიტორიაზე იმპერიებისა და კაპიტალისტური გიგანტების სავაჭრო ომი იწყება. პოლიტიკურად ცნობიერი ინტელიგენციისა და მუშათა და გლეხთა მოძრაობების გაძლიერება არცერთი მათგანის ინტერესებში არ იყო.

კაპიტალის გაფართოვება, ეროვნული ჩაგვრის გაძლიერებას მოითხოვდა. სასამართლო ისევე, როგორც მთელი სახელმწიფო ბიუროკრატია, რუსულ ენაზე იწარმოებოდა. რუსული დებულება ხაზს უსვამდა განსხვავებას „ტუზემეც“ და „არატუზემეც“ მოსახლეობას შორის, „ტუზემცებად“ კავკასიის დაქვემდებარებულ ერებს მოგვიხსენებდნენ, ხოლო „არატუზემცები“ რუსები, ინგლისელები და სხვები იყვნენ. კანონდარღვევის შემთხვევაში „ტუზემცებს“ მეტი სასჯელი ეკუთვნოდათ. 80 კაცზე გათვლილი ბათუმის ციხე პატიმრებს ვერ იტევდა. რეგიონი კაზაკების არმიით გაივსო.[16]

რუსიფიკაციისა და სამართლებრივი პრივილეგიების პოლიტიკა მძიმე ტვირთად დააწვა აჭარის მოსახლეობას. სწორედ რუსული იმპერიალიზმის პროდუქტია ტერმინი „თათარი“, რომლითაც დამპყრობლები ყველა მუსულმანს მოიხსენებდნენ.[17] თერგდალეულები რუსული ჩინოვნიკობის საქმიანობას მიიჩნევდნენ „მუჰაჯირობის“ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად – „ახლად შემოერთებულ ქვეყანას, კალიასავით მიესია თურმე ყველა კალიაზე უფრო მსუნაგი, უფრო ხარბი და გაუმაძღარი წვრილი ჩინოვნიკობა, რამდენიმე კაცის გარდა…როცა იმათს ამბავს ლაპარაკობენ, თმა ყალყზედ დგება…“- წერდა ილია ჭავჭავაძე.[18] ახალი ადმინისტრაციის თავგასულობაზე მიუთითებდა სერგეი მესხიც: „არაერთხელ გვითქვამს ჩვენ, რომ ახლად-შემოერთებული ხალხის გულის მოგება როზგითა, საპყრობილითა და ხიშტებით როდი შეიძლება, არამედ მხოლოდ ლმობიერებითა, პატიოსნებითა და კეთილ გონიერებითა; რომ იქაური გამგებლები უნდა იყვნენ ხალხის ენის, ხასიათის, ზნის, ჩვეულებების და მდგომარეობის მცოდნენი.“[19]

დავით კდლიაშვილი ასე იხსენებს რუს ბიუროკრატებს: „უმრავლესობა მოსულთაგანი ფულიანი პირები იყვნენ, შემოხიზნულნი უფრო ჯიბის გასასქელებლად, მეტად ყრუ და უთავაზონი ადგილობრივ მკვიდრთა და მათ მოთხოვნილებათა მიმართ. განსაკუთრებით ეს ხდებოდა, როცა გავრონსკი გადადგა და მის ადგილზე დაინიშნა ვინმე კაიანდრა. ეს იყო ყოფილი მოსამართლე, ლიბერალი, განვითარებული, ენამახვილი, დაუღალავი მუშა, მცოდნე პიროვნება, მაგრამ ამასთანავე მეტისმეტი „მჟავე რუსი“, რომელსაც არავითარი პატივისცემა არ ჰქონდა სხვა ეროვნებისადმი, განსაკუთრებით ქართველობისადმი. მას ვერ წარმოედგინა, თუ ქართველ კაცს რაიმეს გაკეთება შეეძლო ან მუშაობის უნარი ჰქონდა და ქართველს ისე უყურებდა, როგორც უნიჭო, უგონო არსებას. მე კარგად ვიცნობდი მას და ერთხელ შევთავაზე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლისათვის გამართული საღამოს ბილეთი…- რაზე იკლავთ თავს… ტყუილად წვალდებით…არაფერი არ გამოგივათ! – გაიცინა მან.“[20]

დაძაბულობამ იმდენად მოიმატა, რომ 1880 წელს ბათუმში მეფისნაცვლის ნდობით აღჭურვილი პირი გამოგზავნეს, რომელსაც ვითარება უნდა შეესწავლა. წერილობითი მოხსენების მიხედვით, რუსი ჩინოვნიკები დამამცირებლად ექცეოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რუსული ბიუროკრატიის ქცევა ოსმალურთან იყო შედარებული. „ჩინოვნიკობაში“ განსხვავებული მოსაზრება ბატონობდა – მეფის სატრაპის, თავადი გოლიცინის უნდობლობის მთავარი ობიექტი ეროვნულად განწყობილი ინტელიგენცია იყო: „საქართველოში არიან ელემენტები, რომელთაც აქვთ პრენტენზიები ქართველთა ყველა ტომის გაერთიანებისა და აღორძინებისა… რაც საშიშია ხელისუფლებისათვის, იმ გართულებების მსგავსად, რომლის საწყისებიც უკვე შეინიშნება სოხუმის ოკრუგში.“ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს რუსიფიკატორებს არ მოსწონდათ ქართული გაზეთების აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელება. იგივე გოლიცინი მეფეს წერდა, რომ სოხუმის გუბერნიის ქუთაისთან შეერთება რუსულ ინტერესებს აზიანებდა.[21]

რუსეთის მიერ სახიფათოდ მიჩნეული დისკურსი შეგვიძლია იაკობ გოგებაშვილის წერილებში აღმოვაჩინოთ. გოგებაშვილი დაუნდობელ პოლემიკას აწარმოებდა იმ აზრთან, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია მუსულმანი ქართველი ყოფილიყო: „…ერთმანეთში ურევენ რელიგიას და ეროვნებას და ყოფილი თურქეთის ქართველებს უწოდებენ თურქებს, რომელთანაც მათ გარდა რელიგიისა, არაფერი აქვთ საერთო. სასურველია, რომ ეს ყალბი შეხედულება არ გავრცელდეს მკითხველ საზოგადოებაში…“.[22]

აჭარის რეინტეგრაციის პროცესი ურთულეს პირობებში მიმდინარეობდა, მიზნისკენ მიმავალ საზოგადოებას მრავალი დაბრკოლება და იმედგაცრუება გადახდა. სწორედ აჭარის საკითხის გადაწყვეტით შედგა ეროვნული იდეა პოლიტიკური და არა რელიგიური სახით. თერგდალეულების საერთო რწმენა, რომლის მიხედვითაც ქართველობის რელიგიამდე დაყვანა არ შეიძლებოდა, ცალსახად პროგრესული ფენომენი იყო.[23]

აჭარას ადმინისტრაციისგან შეწუხებული აჭარლები ტოვებდნენ, ხოლო საქართველოს სხვა მხარეებიდან ჩამოსული მცირემიწიანი გლეხები ქალაქის ქარხნებში პროლეტარებად იქცეოდნენ. შემდგომში გაზეთი „კვალი“ ასე აღწერდა ბათუმელი მშრომელების მდგომარეობას: „ძალიან იშვიათია აქ ისეთი მუშა, რომ მას ჰქონდეს რიგიანი ტანისამოსი, სადგომი სახლი, ლოგინი და სხვა აუცილებელი საჭირო ნივთები, მაგ. საცვალი, სარეცხი, პირსაბანი ტაშტი, დოქი, პირსახოცი, სავარცხელი, სკამი, მაგიდა და სხვა, ურომლისოდაც დღეს მგონია ველურები არ ცხოვრობენ აფრიკაში.“[24] ბავშვებს შრომა 8-9 წლის ასაკიდან უწევდათ. მოგვიანებით ეს ბავშვები ბურჟუაზიის ზრუნვის ობიექტად იქცნენ, 1882 წელს ძირითად ფაბრიკა ქარხნებში 12 წლამდე ბავშვების დასაქმება აიკრძალა. მუშათა კლასის მოძლიერებას კიდევ წლები დასჭირდა, ბათუმის საწარმოებში პირველი გაფიცვა 80-იანი წლების ბოლოს მოხდა, მაშინ ნობელის ქარხნის მუშები გაიფიცნენ, 92 წელს გაფიცვა უკვე მანთაშევის ქარხანაში გამოცხადდა, ორივე დამარცხებით დასრულდა.[25]

სწორედ ამ ველური კაპიტალიზმის ქაოსში დაფუძნდა პირველი ქართული სკოლა აჭარაში. სკოლა 1881 წლის 23 მარტს გაიხსნა, მისთვის გამოყოფილი სივრცე ძალიან მცირე იყო. 1883 წლის თებერვალში იბრაიმ აბაშიძე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართავდა: „ჩვენ წინათ გვქონდა საკუთარი სკოლა, იგი დაანგრიეს და ვიღაც ჩინოვნიკმა ხელი მოითბო. მიწის ფართობის დაბრუნებას ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, ამ საქმის დაბოლოვება თქვენ უფრო შეგიძლიათ. ჩემი წერილი არ ჩაითვლება კერძო წერილად, არამედ იგი შეიცავს მთელი ბათუმის მაჰმადიან ქართველების აზრს და შეხედულებას.“[26]

კავკასიაში ნავთობწარმოების დაწყების ამბავი კარგად ასახავს კონტრასტს ეროვნულ მოძრაობასა და გლობალური კაპიტალის სამყაროს შორის – 1881 წელს „დროების“ მკითხველი საზოგადოება, ბათუმის სკოლისათვის ბინის გამოყოფას ზეიმობდა, სკოლის პირველი მოსწავლე რვა წლის მემედ აბაშიძე გახდა. ექვსი წლით ადრე, 1875 წელს ბაქოში რობერტ ნობელი გამოჩნდა. სახელგანთქმული პრემიის დაფუძნებამდე, ნობელები იარაღის წარმოებით იყვნენ დაკავებულები. რობერტ ნობელი ბაქოში იშვიათი ხის ჯიშის სანახავად ჩამოვიდა. ხის მაგივრად მან ნავთობი აღმოაჩინა და სწრაფად მიხვდა, რომ საქმე იარაღზე ბევრად მომგებიანი იქნებოდა. 1875 წელს ნობელმა ბაქოში ნავთობით მდიდარი მიწა და მცირე ნავთის საწარმო შეიძინა. 1879 წელს ალექსანდრე მეორის დეკრეტის საფუძველზე რუსეთის ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებელი კომპანია „ძმები ნობელების ნავთობწარმოების ამხანაგობა“ დაფუძნდა.[27] ნავთობის წარმოებასთან ერთად ნობელების კომპანიამ კავკასიაში ნავთობის გადაზიდვის მონოპოლია მოიპოვა, რაც გასაქანს არ აძლევდა წვრილი მეწარმეობის განვითარებას: „ბაქოელი მრეწველები იძულებულნი არიან შესანიშნავი პროდუქცია, რაც ქარხნებს მეტისმეტად ძვირი დაუჯდათ, ნახევარ ფასად გაასაღონ, ვინაიდან მისი ადგილიდან დასაძვრელად ყველა გზა გადაკეტილი აღმოჩნდა, ხოლო მისი გასაღები „ერთ ფირმას“ ჩაუვარდა ხელში… ეს ფირმა ძმები ნობელების ამხანაგობაა.“- წერდა ნიკო ნიკოლაძე.[28]

რუსეთ ვერ ახერხებდა ამიერკავკასიის რესურსების საკუთარი ძალებით ათვისებას. რეგიონში უცხოური კაპიტალის მოზიდვა იმპერიის პირდაპირ ინტერესებში შედიოდა. თერგდალეულებს, არც მასების მობილიზება შეეძლოთ, და არც რაიმე სახის პოლიტიკური ძალაუფლება ჰქონდათ. მათი დისკურსი, საზოგადოების ვიწრო, ინტელექტუალურ ფენაში იყო კონცენტრირებული.

ნობელის ძალაუფლება უსაზღვროდ გაიზარდა, უდიდეს სიმდიდრესთან ერთად ის იმპერატორის წყალობითაც სარგებლობდა. ნავთობის წარმოებისა და გადაზიდვის გარდა, ნობელი გავლენას სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე ახდენდა. მას პირველი ადგილი დაუთმეს ბათუმის პორტის საკითხის განსჯისათვის მოწვეულ სპეციალურ კომისიაში.

***

ჩეხი ისტორიკოსი, მიროსლავ ჰროში, დაქვემდებარებულ და გაბატონებულ ქვეყნებში მომხდარ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს განასხვავებს. მაგალითად, საფრანგეთის რევოლუციის მომენტში ქვეყნის მმართველი ფენა და ბურჟუაზია საერთო ფრანგული იდენტობის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულები. ხოლო დაქვემდებარებული ერები, კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად, სხვა ეროვნების მმართველი ფენისა და ბურჟუაზიის დომინაციის ქვეშ ექცეოდნენ.[29]

დავით კლდიაშვილი ასე იხსენებდა ბათუმის პორტო-ფრანკოს: “ამ სივრცეზე მცირე კომისიას დაუხვდა ნავთის 11 ქარხანა და ნავთის გასაგზავნი თუნუქის ყუთებისა და კასრების 9 სახელოსნო. ქარხნები და სახელოსნოები ეკუთვნოდნენ: ხაზინას – 1, უცხოელებს – 8, სომხებს – 6, დანარჩენი სხვადასხვა პირებს, რომელთა შორის, რასაკვირველია, არც ერთი ქართველი არ ერია.[30] ჭიათურას რომელიც იმპერიების სამხედრო ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვან ნედლეულს, მანგანუმს აწარმოებდა, გერმანული კომპანიები ფლობდნენ. 1900 წელს, საქართველოში მდებარე 150 დიდი ინდუსტრიული ობიექტის 44 პროცენტი რუსულ და უცხოურ, ხოლო კიდევ 44 სომხურ ბურჟუაზიას ეკუთვნოდათ.“[31] სომხეთმა ფეოდალური ელიტა არაბთა შემოსევის შემდეგ დაკარგა. შედეგად, ხალხი სავაჭრო ელიტების სოციალური და პოლიტიკური დომინაციის ქვეშ მოექცა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში სომხეთის სავაჭრო ელიტამ სწრაფად აითვისა კაპიტალიზმის წესები და რეგიონულ ბურჟუაზიად გადაიქცა, რამაც ცნობილ სტერეოტიპებსა და შუღლს დაუდო საფუძველი. შუღლს კლასობრივი სათავე ჰქონდა. უეცარი გამდიდრება, სომხური საზოგადოების მხოლოდ ვაჭართა ძალიან ვიწრო ფენას შეეხო. სომეხი ხალხი ისეთივე ეკონომიკური და ეროვნული დაქვემდებარების ქვეშ ცხოვრობდა, როგორც სხვა კავკასიელები.

საქართველოს მდგომარეობას ტრადიციული ელიტის მორალური და ეკონომიკური გაბანკროტებაც ამძიმებდა. თავად-აზნაურებმა ალღო ვერ აუღეს კაპიტალისტურ ეპოქას. მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისის ირგვლივ მდებარე მამულების 50% თავდებში იყო ჩადებული.[32] საფრანგეთის რევოლუციის იდეალებით შთაგონებული თერგდალეულები აცნობიერებდნენ, რომ ქვეყანაში კაპიტალისტური ურთიერთობებების განვითარება ისტორიული აუცილებლობა იყო, თუმცა ხედავდნენ, რომ კაპიტალის უცხო ძალების ხელში კონცენტრირებისა და მონოპოლიების შექმნის შემთხვევაში, საზოგადოება კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებდა ფეხზე დადგომას. სწორედ ადგილობრივი კაპიტალის ამოძრავება იყო სათავადაზნაურო ბანკის შექმნის მთავარი მიზანი, ბანკის მოგების 40% ქართული ეკონომიკის, კულტურისა და მეურნეობის აღმავლობას ხმარდებოდა.[33]

ისტორიას ნობელის მონოპოლიის წინააღმდეგ მებრძოლი ნიკო ნიკოლაძის კრიტიკული წერილები შემორჩა, რომლის საჯარო სივრცეში გამოჩენას პროფესორ ვაჟა შუბითიძეს უნდა ვუმადლოდეთ.[34] „ბატონებო! მძიმე გრძნობა ეუფლება ადამიანს, როდესაც იგი აშკარად ხედავს ასეთ ბრმა მორჩილებას მთელი საზოგადოებისას მის მიერ თიხისგან შექმნილი კერპისადმი! მაგრამ კიდევ უფრო უსიხარულოა ეს გრძნობა, როდესაც ხედავ, რომ ამ კერპს ემორჩილება და თაყვანს სცემს არა მხოლოდ ბნელი მასა, არამედ მეცნიერებისა და მრეწველობის წარმომადგენელთა საუკეთესო ნაწილიც; როცა საქმის მუხრუჭი მის საყრდენადაა გამოცხადებული… ბაჟი რომ დავადოთ – უნდა შევეკითხოთ ბ-ნ ნობელს. ერთი სიტყვით, ბ-ნი ნობელის გარეშე უკვე ნაბიჯსაც ვერ გადადგამ. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვით ყველაზე სპეციალურ საკითხზე, ბათუმის პორტის მოწყობის საკითხზე მსჯელობის დროსაც კი, საგანგებოდ ამ საკითხის განსჯისათვის მოწვეულ კომისიაშიც კი, მას ეკუთვნის პირველი ადგილი.“

კრიტიკის საპასუხოდ ნიკოლაძეს რუსული მემარჯვენე გაზეთები დაესხნენ თავს, რომლებმაც ნობელის მხარე დაიჭირეს. ნიკოლაძე ჯიუტად ცდილობდა ნობელის მონოპოლიისა და ძალაუფლების დანგრევას. საქმე იქამდე მივიდა, რომ პეტერბურგში სპეციალური მოსმენა გაიმართა. ნობელი ჩიოდა, რომ საკუთარი საწარმოების დაცვა შეიარაღებულ ხალხთან ერთად უწევდა და ნიკოლაძეს ცილისწამებაში სდებდა ბრალს. ერთერთმა მომხსენებელმა ნიკოლაძე წინსვლასა და განვითარებასთან მებრძოლად გამოაცხადა.[35]

მსგავსი დისკუსია მიმდინარეობდა ჭიათურის ირგვლივაც. ამ დროისათვის მსოფლიოში მანგანუმის სამი ძირითადი საბადო არსებობდა, ინდოეთში, ბრაზილიაში და საქართველოში, პორტებთან ახლო მდებარეობისა და მანგანუმის ხარისხის გამო ჭიათურა განსაკუთრებით მიმზიდველი იყო მსოფლიო მონოპოლისტებისათვის. გერმანული კომპანიები მიწების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, მათ ადგილობრივი მომპოვებლები უპირისპირდებოდნენ. თერგდალეულები მიწების გაყიდვის წინააღმდეგი იყვნენ. 1879 წელს სერგეი მესხი წერდა: „თუ ამდენი ხანი მოგითმენიათ, თუ ამდენი ხანი შავი ქვა შავ ქვად ყრილა, ერთ-ორ წელიწადს, სანამ ყველაფერს დაწვრილებით გაიგებდეთ, კიდევ ეყაროს, თქვენი მადანი ისეთი საქმისთვის არის საჭირო, რომ მას შემდეგ, თუ არ მოემატება, დაკლებით მაინც არასოდეს დააკლდება ფასი.“ საბადოების გერმანელების ხელში გადასვლის წინააღმდეგ გამოვიდა აკაკი წერეთელიც: „აი, რა შეიძლება მოხდეს: ზოგი სიღარიბით, ზოგი სულწასულობით, ზოგი უმეცრებით ტყუილუბრალოდ დაკარგავენ ამ საშვილიშვილო საქმეს და ისეთის ხელში ჩააგდებენ, რომ თვითონვე საშვილიშვილო უღლად დააწვეთ კისერზედ და ბოლოს „არ ველოდოთ“, და „არ გვეგონაო“ იწყონ თავის მართლება, მაგრამ ეს ვეღარაფერს მიეხმარებათ მათ მაშინ, როდესაც შავი მიწის პატრონები თვითონ შავ მუშებად გადაიქცევიან და სხვის სამოწყალოდ დარჩებიან.“[36]

საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვასთან ერთად, ჩაგრული ერების თვითგამორკვევის პროცესი, საკუთარი იდენტობის გააზრებასა და გაცნობიერებას მოითხოვდა. გაბატონებული ერებისგან განსხვავებით, ასეთი საზოგადოება ორ იდენტობას შორის იხლიჩებოდა. ჩვენს შემთხვევაში, პირველი რუსული ცარიზმის პროექტი იყო, რომელიც ადამიანებს სოციალური პოზიციის გაუმჯობესებისა და უზრუნველყოფილი ცხოვრების საშუალებას აძლევდა. ტრადიციული ქართული ელიტის უამრავი წარმომადგენელი ცარიზმის, უეროვნებო მსახურად გადაიქცა. მეორე გზა, გაბატონებული პროექტისგან გამიჯვნა და ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლა იყო. ასეთი გამიჯვნის შემთხვევაში ადამიანებს პირადი კომფორტის დათმობა უწევდათ. ქართველების წინააღმდეგობის პროცესი, საკუთარ თავშივე ატარებდა წინააღმდეგობას – ერთ მხარეს დანებება და რეჟიმთან თანაარსებობის ცდუნება იყო, მეორე მხარეს ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლა.

თერგდალეულთა ცხოვრება ქარტეხილებით იყო სავსე, ისინი კონფორმიზმსა და რადიკალური იდეების მხარდაჭერას შორის იხლიჩებოდნენ. ასეთ წინააღმდეგობას ატარებდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც ქვეყნის ჩინებში გაცვლისთვის კიცხავდა მამების თაობას;[37] ნიკო ნიკოლაძე, რომელიც პეტერბურგის უნივერსიტეტიდან „მგლის ბილეთით“ გარიცხეს და შემდეგ გადაასახლეს; მძიმე ნერვული აშლილობის მქონე იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც ორჯერ სცადა თვითმკვლელობა; რუსი რევოლუციონერებისადმი თანაგრძნობისათვის სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებული დავით კლდიაშვილი; სერგეი მესხი, რომელიც უკიდურესი გაჭირვებისა და დამცირების ფონზე 14 წლის განმავლობაში უძღვებოდა გაზეთ „დროებას“ აკაკი წერეთელი ასე აღწერდა მესხის ცხოვრებას, მისი ციტატის განზოგადება დანარჩენ თერგდალეულებზეც შეიძლება: „დაამთავრა თუ არა სწავლა, ის მიადგა ორკაპ გზას, ერთი იყო ია-ვარდით მოფენილი, საპირადო, საფუნდრუკო, მაგრამ ქვეყნისათვის კი საუკუღმართო. მეორე-ეკლიანი, სახიფათო, მაგრამ საზოგადო. იმან ეს მეორე აირჩია.“[38]

კლდიაშვილი იხსენებს, რომ უნივერსიტეტში სწავლისას ქართული აღარ ახსოვდა და ცდილობდა საკუთარი ქვეყნის შესახებ ცნობები შეეგროვებინა. მწერალმა კიევში ორი ქართველი სტუდენტი გაიცნო: „მომიყვანეს გიმნაზიაში და თან წამომიღეს საკითხავად კვირეული გაზეთ „ივერიის“ მთელი წლის ნომრები, რომელშიაც დაბეჭდილი იყო ილიას „დიმიტრი თავდადებული“… იმ ღამეს არ დამძინებია; თავქვეშ მედვა გაზეთის ნომრები და ხვალისთვის წასაკითხი „დიმიტრი თავდადებული“. მეძნელებოდა კითხვა, მაგრამ ჩემს თავს ძალას ვატანდი და ისე ვერეოდი საკითხავს. მშველოდა და მიადვილებდა საქმეს ის, რომ ჩემი კეთილისმყოფელნი მუდამ კვირას ჩემთან იყვნენ და მიხსნიდნენ წაკითხულს.“[39] თერგდალეულები საკუთარი ეროვნული იდენტობის აღმოჩენის ძლიერი გრძნობით იყვნენ განსაზღვრულები.

იმპერიაში კარიერული წინსვლის საშუალება მხოლოდ რუსულად მოსაუბრეებს ჰქონდათ, სოციალურ კიბეზე აღმასვლა ქართულის ცოდნას არ მოითხოვდა. ქართველები კითხვის წრეებს ქმნიდნენ რუსულ უნივერსიტეტებში, ამ წრეებში ისინი საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და ევროპელი ხალხის ეროვნულ გამანთავისუფლებელ ბრძოლას ეცნობოდნენ. 1881 წელს ხალხოსნებმა იმპერატორი ალექსანდრე მეორე მოკლეს, რასაც რუსული შოვინიზმის გაძლიერება მოყვა. მეფის მკვლელობის შემდეგ თბილისის სემინარიში ქართულის სწავლება შეიზღუდა, გაზეთებში სიტყვა „გრუზიას“ გამოყენება აიკრძალა. სემინარია მუდმივი დაპირისპირების ადგილად იქცა, სილიბისტრო ჯიბლაძემ სილა გაარტყა რექტორს, რის შემდეგაც ორი წლით საჯარიმო ბატალიონში გაამწესეს. 1886 წელს ქართული გაზეთებისა და სოციალისტური ლიტერატურის გავრცელებისათვის სემინარიიდან გარიცხულმა იოსებ ლაღიშვილმა, სასიკვდილოდ დაჭრა სემინარიის რექტორი იოსებ ჩუდეცკი.[40]

ჰროშის მიხედვით დაქვემდებარებული ერები ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სამ ფაზას გადიან: პირველ ფაზაში ეროვნული იდენტობის საფუძველი იყრება, ჩნდებიან ჯგუფები და ინდივიდები, რომლებიც საკუთარი ხალხის კულტურულ, ისტორიულ და სოციალურ მონაცემებს აგროვებენ და მათგან საერთო ნარატივს ქმნიან; მეორე ფაზაში პატრიოტულად განწყობილი ჯგუფები საკუთარი იდეებისა და ნაშრომების გავრცელებას იწყებენ; მესამე ფაზა საერთო ეროვნული მობილიზაციაა, ჩაგრული ერი კოლონიზაციის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ერთმანეთს სხვადასხვა იდეოლოგიური ჯგუფები უპირისპირდებიან.[41]

1886 წელს პორტო-ფრანკო რუსული ბურჟუაზიის ზეწოლის შედეგად გაუქმდა, რომელიც საკმარისად მოძლიერდა უცხოურ კაპიტალთან კონკურენციაში შესასვლელად. გაუქმდა ქალაქის ირგვლივ მოწყობილი საბაჟოებიც, თუმცა ამას ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეუცვლია. კავკასიის ნავთობწარმოებაზე ნობელის, როტშილდისა და მანთაშევის ბატონობა გაგრძელდა.

1888 წელს მისი უდიდებულესობა კავკასიაში ჩამოვიდა. იმპერატორს სანავთობო სასწაულის ხილვა სურდა, რომელმაც რუსეთი მსოფლიო ბაზარზე ამერიკის კონკურენტად გადააქცია. მეფე საქართველოს ეგზარქოს პალადისთან (ერისკაცობაში რაევთან) ერთად ეწვია ნობელების ბაქოს საწარმოს. სტუმრებს პირადად ემანუელ ნობელმა უმასპინძლა. ცერემონიაზე ბავშვთა ქორომ ბეთჰოვენის „ღმერთის დიდება ბუნების მიერ“ შეასრულა. ნობელების ოჯახმა სიმბოლური საჩუქარი გადასცა იმპერატორს – რკინით მოქარგული მუხის ყუთი, რომელზეც ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული იმპერატორის ინიციალები. ყუთში 24 ბროლის ფლაკონი იყო მოთავსებული, რომელშიც 24 სახეობის ნავთობი ესხა. იმპერატორი ბათუმსაც ესტუმრა და ქალაქის ბულვარში მაგნოლია დარგო. მეფის ჩამოსვლას დავით კდლიაშვილი იხსენებს, რომელიც იქაურ ჯარში მსახურობდა. ამ დღისათვის საგანგებოდ შეუკერავთ ქუდები და განიერი შარვლები, ტანსაცმელთან ერთად პეტერბურგიდან ულვაშები ჩამოიტანეს, რომლებიც ჯარისკაცებს ცხვირებზე, იერის გასალამაზებლად მიამაგრეს: „ზეიმის დღეს ასეთ გამოწყობილ გუნდს საოცარი შეხედულება ჰქონდა და ყველა გარეშეს აკვირვებდა. მეფემაც მიაქცია ყურადღება და ღიმილით თქვა:

  • რა ყოჩაღებს მოუყრიათ თავი ამ ნაწილში!“[42]

ისტორიის მიხედვით გამომშვიდობისას, კმაყოფილმა ალექსანდრე მესამემ ნავთის ქალაქს გადახედა და სახელგანთქმული ფრაზა წარმოთქვა: Стоит миллион выбросить ради Батуми!

***

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, რუსეთის იმპერიამ კავკასიის რეგიონი საერთაშორისო კაპიტალისათვის გახსნა, რასაც გლობალური მონოპოლიების დაფუძნება და ეროვნული ჩაგვრის გაძლიერება მოჰყვა. ქვეყანა რუსეთის კოლონიური ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ბურჟუაზიის დომინაციის ქვეშ მოექცა.

მოცემულ პერიოდში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველ და მეორე ფაზებს ვხედავთ. პატრიოტული ჯგუფები ცნობებს აგროვებენ ქართველი ხალხის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, მიმდინარეობს ამ ცნობების გადამუშავება და გავრცელება. ამ ეტაპზე განსაკუთრებული როლი თერგდალეულთა ინტელიგენციამ შეასრულა, რომელიც ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებაზე მუშაობდა და ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დაცვას ცდილობდა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესამე ფაზა, ანუ ეროვნული მობილიზაცია, მესამე დასს უკავშირდება, რომელმაც ქართველი ხალხის სოციალური საკითხების ირგვლივ გაერთიანება დაისახა მიზნად.

სქოლიო

[1] Eric Hobsbawm, Age of Empire 1875-1914, Wiedenfield & Nicolson, 1987

[2] გ. მანჯგალაძე, გერმანული კაპიტალი ამიერკავკასიაში (1860-1918), „მეცნიერება“ თბილისი, 1991, გვ.98-100

[3] R. Hamilton Rhinelander, Russia`s Imperial Policy: The Administration of Caucasus in the First Half of The Nineteenth Century, Canadian Slavonic Papers, Vol. 17, 1975, pp. 218-235

[4] ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორია

[5] გიორგი ყაზბეგი, სამი თვე თურქეთის საქართველოში, ბათუმი: აჭარა, 1995

[6] თ. სახოკია, მოგზაურობანი, გამომცემლობა საბჭოთა აჭარა, 1985

[7] ა.სურგულაძე, განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიიდან აჭარაში, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, 1978

[8] ს. მესხი, წერილები აჭარაზე 1875-1882, გამომცემლობა ალიონი, 2000, გვ. 46

[9] აქ ინტელიგენციას განათლების მქონე ფენას ვუწოდებთ, რომელიც თავს გონებრივი შრომით ირჩენდა.

[10] ა. სურგულაძე, განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიიდან აჭარაში, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, 1978, გვ. 43-44

[11] ა. ჩხეიძე, ბათუმი ინგლისის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში (1875-1878 წწ.), გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, 1974, გვ.20

[12] ა.სურგულაძე და მ. სიორიძე, პორტო-ფრანკო ბათუმში, გამომცემლობა აჭარა, 1996, გვ. 37

[13] ს. მესხი, წერილები აჭარაზე 1875-1882, გამომცემლობა ალიონი, 2000, გვ.116

[14] დ. კლდიაშვილი, ჩემი ცხოვრების გზაზე, გამომცემლობა საბჭოთა აჭარა,1984 გვ. 37

[15] ა. სურგულაძე და მ. სიორიძე, პორტო- ფრანკო ბათუმში, გამომცემლობა აჭარა, 1996, გვ.38-39

[16] ვ. სიჭინავა, ბათუმის ისტორიიდან, სახელმწიფო გამომცემლობა ბათუმი, 1958, გვ.80

[17] Kalpana Sahni, Crucifying the Orient: Russian Orientalism and the Colonization of Caucasus and Central Asia, Trinity: Orchid Press, 2006

[18] ა. სურგულაძე და მ. სიორიძე, პორტო-ფრანკო ბათუმში, გამომცემლობა აჭარა, 1996, გვ. 38

[19] ს. მესხი, წერილები აჭარაზე 1875-1882, გამომცემლობა ალიონი, 2000, გვ.168

[20] დ. კლდიაშვილი, ჩემი ცხოვრების გზაზე, გამომცმემლობა საბჭოთა აჭარა, 1984, გვ.39

[21] ვ.სიჭინავა, ბათუმის ისტორიიდან: რუსეთთან შეერთება და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება 1878-1907 წლებში, სახელმწიფო გამომცემლობა ბათუმი, 1958, გვ. 83

[22] ა, გობრონიძე, იაკობ გოგებაშვილი და აჭარა, გამომცემლობა აჭარა, ბათუმი, 2000, გვ. 201

[23] აჭარის ინტეგრაციის პროცესში ქრისტიანობასა და ისლამს, ცენტრსა და პერიფერიას შორის შექმნილი დაძაბულობის კრიტიკული ანალიზი თამთა ხალვაშისა და პოლ მენინგის ნაშრომებში არის შემოთავაზებული, ნაშრომები ეროვნული მოძრაობის კრიტიკასა და მის შიდა წინააღმდეგობებზე კონცენტრირდება. მოცემულ სტატიაში შევეცადე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმდინარეობა იმპერიალიზმის გლობალურ კონტექსტში განმეხილა.

P. Manning, Strangers in a Strange Land: Occidentalist Publics and Orientalist Geographies in Nineteenth-Century Georgian Imaginaries, Boston, 2012

T. Khalvashi, Peripheral Affects: Shame, Publics, and Performance on the Margins of the Republic of Georgia, University of Copenhagen, 2015

[24] ხ.ახვლედიანი, ნარკვევი აჭარის ისტორიიდან (მე-16-19 საუკუნეები), აჭარის სახელმწიფო გამომცემლობა, ბათუმი, 1944

[25] ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორია (ტომი 2), საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1962, გვ. 182

[26] ა. გობრონიძე, იაკობ გოგებაშვილი და აჭარა, გამომცემლობა აჭარა, ბათუმი, 2000, გვ.213

[27] Е. Н. Земляной, Братья Нобели и Российская нефть: от инноваций к экономическому успеху, Караван историй

[28] ვ.შუბითიძე, ნიკო ნიკოლაძის დაპირისპირება ძმები ნობელების ნავთობგადაზიდვის მონოპოლიასთან;

[29] M. Hroch, Social Preconditions of National Revival in Europe, Columbia University Press, 2000, p.8

[30] დ.კლდიაშვული, ჩემი ცხოვრების გზაზე, გამომცემლობა საბჭოთა აჭარა, 1984, გვ. 45

[31] Ronald Suny, The Making of the Georgian Nation, Indiana University Press, p. 118

[32] Ronald Suny, The Making of the Georgian Nation, Indiana University Press, p. 116

[33] ა. თელია, ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე, გამომცემლობა „განათლება“, 1989

[34] . შუბითიძე, ნიკო ნიკოლაძის დაპირისპირება ძმები ნობელების ნავთობგადაზიდვის მონოპოლიასთან

[35] Газета «Кавказ», N.283, 26.10.1882

[36] გ. მანჯგალაძე, გერმანული კაპიტალი ამიერკავკასიაში (1860-1918), „მეცნიერება“ თბილისი, 1991, გვ.18-19

[37] ი. ჭავჭავაძე, პასუხის პასუხი

[38] მ. მარჯანიშვილი, სერგეი მესხი (1845-1883)

[39] დ. კლდიაშვილი, ჩემი ცხოვრების გზაზე, გამომცემლობა საბჭოთა აჭრა, 1984, გვ.15

[40] Ronald Suny, The Making of the Georgian Nation, Indiana University Press, p. 140

[41] Hroch, Social Preconditions of National Revival in Europe, Columbia University Press, 2000

[42] დ. კლდიაშვილი, ჩემი ცხოვრების გზაზე, გამომცემლობა საბჭოთა აჭრა, 1984, გვ. 88

გაზიარება