რაჯანი პალმ დატი
წიგნიდან: „ფაშიზმი და სოციალური რევოლუცია: კაპიტალიზმის დასასრულის ექსტრემალური ეტაპების ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევა“
ინგლისურიდან თარგმნა მარიამ პაიჭაძემ
წინასიტყვაობა დაურთო ცოტნე ცხვედიანმა

სოციალ-დემოკრატია და ფაშიზმი
რაჯანი პალმ დატი
წიგნიდან: „ფაშიზმი და სოციალური რევოლუცია: კაპიტალიზმის დასასრულის ექსტრემალური ეტაპების ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევა“
ინგლისურიდან თარგმნა მარიამ პაიჭაძემ
წინასიტყვაობა დაურთო ცოტნე ცხვედიანმა
წინასიტყვაობა
25 ივნისს, მაროკოში, 1500 ადამიანი ცდილობდა ესპანეთში გადასვლას. პოლიციამ სასოწარკვეთილ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, რომელიც ესპანეთის „სოციალისტურ მუშათა პარტიას“ წარმოადგენს, გაიმეორა ულტრამემარჯვენეების რიტორიკა და ამართლებს პოლიციის ქმედებას. მან მადლობა გადაუხადა მაროკოს და ესპანეთის საპოლიციო ძალებს, რომელთაც აღკვეთეს ”ორგანიზებული შეჭრა”. ხალხი მმართველისგან ელოდა, სულ მცირე, ადამიანური თანაგრძნობის გამოჩენას დაღუპულთა მიმართ, თუმცა, ამის ნაცვლად, მან პოლიციელივით ილაპარაკა. სოციალისტი პრემიერ-მინისტრის ასეთი ქმედება ბევრს მაინც არ გაჰკვირვებია.
ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია იმ ევროპული მემარცხენე პარტიების სახეა, რომლებიც სოციალ დემოკრატებიდან იქცნენ ლეიბორისტებად და ბოლოს, ნეოლიბერალებად.
ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია უძველესია, მისი ისტორია იწყება 1879 წელს. ხელისუფლებაში იყო 1982 წლიდან 1996 წლამდე, 2004-იდან 2011 წლამდე და 2018 წლიდან დღემდე მართავს ესპანეთს კოალიციურ მთავრობასთან ერთად. ესპანეთში ფრანკოს ფაშიზმის გამარჯვებისთანავე პარტია აკრძალეს და მხოლოდ 1977 წელს დაბრუნდა ლეგალურ პოლიტიკაში, 1979 წელს პარტიამ უარი თქვა მარქსიზმზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი იყო. პარტიამ გაცილებით უფრო ადრე განიცადა სრული დეგრადაცია. მიუხედავად ამისა, დღემდე მხარს უჭერს ხალხი, რომელსაც ულტრამემარჯვენეებთან ბრძოლის უდიდესი ისტორია აქვს.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ არის მარტივი გასააზრებელი, თუ როგორ იქცა სოციალისტური მუშათა პარტია მემარჯვენე ეკონომიკურ პოლიტიკის ერთგულად და თუ ნამდვილად ასეა, რაღატომ ჰქვია მას მუშათა და სოციალისტური?
ამ, ერთი შეხედვით, კომიკური ვითარების ასახსნელად საუკუნისწინანდელ მოვლენებს უნდა დავუბრუნდეთ, როცა ევროპის მრავალ მემარცხენე პარტიაში და მუშათა გაერთიანებებში ჩამოყალიბდა ოპორტუნისტული იდეოლოგია. მისი მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ მუშათა კლასის და კაპიტალიზმის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და კაპიტალისტური სისტემის კრახი მუშების მარცხიცაა. ამ პოზიციას იზიარებდნენ ბრიტანეთის, ევროპის მემარცხენე ძალების დიდი ნაწილი. ამით ისინი დაუბრუნდნენ წინა-მარქსისტულ, თავდაპირველად ლიბერალურ, მოგვიანებით ფაბიანურ და ბოლოს ფაშისტურ იდეოლოგიას.
ევროპის ყველა დიდი მემარცხენე პარტიის ისტორიაში გარდამტეხი იყო 1919-1921 წლები, როცა წყდებოდა საკითხი მსოფლიო ინტერნაციონალის შესახებ. მეორე ინტერნაციონალის მომხრეები, რომლებიც იზიარებდნენ სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკას და უარს ამბობდნენ მსოფლიო რევოლუციაზე, დაუპირისპირდნენ მესამე ინტერნაციონალს. მეორე ინტერნაციონალში თავი მოიყარა ყველა მიმართულების ოპორტუნისტმა, მათ შორის იყვნენ კოლონიალიზმის მომხრეები და ანტისემიტები. მაგალითისთვის, ბრიტანელ მარქსისტი ჰენრი ჰაინდმენი, რომელსაც ახსენებს ლუქსემბურგი თავის წერილში ‘’მარქსიზმის სტაგნაცია და პროგრესი’’.
როზა ლუქსემბურგი და კარლ ლიბკნეხტი გერმანიის ოპორტუნისტმა მემარცხენე მთავრობამ მოკლა, 1919 წლის იანვარში. ეს იყო უდიდესი დაპირისპირება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ სამყაროში, რომლის შედეგებმაც განაპირობა მსოფლიოში ფაშიზმის გამარჯვება. სოციალ-დემოკრატები და ფაშისტები სხვადასხვა მეთოდებით გახდნენ კაპიტალიზმის მოკავშირეები. ამ მოვლენებს დეტალურად აღწერს ისტორიკოსი რაჯანი პალმ დატი. მისი ნაშრომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო ისტორიის შესასწავლად.
პალმ დატმა ოპორტუნისტული მეორე ინტერნაციონალის საპირისპიროდ, რომელიც ღიად აცხადებდა თავს კაპიტალიზმის მოკავშირედ, მხარი დაუჭირა მესამე ინტერნაციონალს, რომელიც იცავდა მსოფლიო რევოლუციის იდეას. მისთვის ტრაგიკულად, ძალიან მალე, სტალინის კონტრრევოლუციამ გაანადგურა მესამე ინტერნაციონალი. რაც მთავარია, უარი თქვა მსოფლიო რევოლუციაზე და გაურიგდა ჰიტლერის ნაცისტურ რეჟიმს. ნიშანდობლივია, რომ სტალინის დავალებით, ინტერნაციონალმა დაგმო როზა ლუქსემბურგი, რომელმაც 1918 წელს გააკრიტიკა ბოლშევიკები. უკვე იმ დროს ლუქსემბურგი წერდა, რომ ბოლშევიკურმა ბიუროკრატიზაციამ საფრთხე შეუქმნა მსოფლიო რევოლუციას, ასევე, მან მწვავედ გააკრიტიკა ბოლშევიკები ხალხთა თვითგამორკვევის უფლების შეზღუდვისთვის და იმპერიული გერმანიის წინაშე კაპიტულანტური პოზიციისათვის. რის შედეგადაც, რუსეთის იმპერიის მთელი რევოლუციური არეალი (ლუქსემბურგი უპირველესად მოიაზრებს: ფინეთს, ბალტიისპირეთს, უკრაინას, შავიზღვისპირეთს და კავკასიას), ყველაზე უფრო მებრძოლი კერები, გერმანიის გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ, ხოლო გერმანელი რევოლუციონერები მოკავშირეების გარეშე დარჩნენ.
შემდგომში სტალინმა ფიზიკურად გაანადგურა ინტერნაციონალის წევრები, რომლებიც ფაშისტებთან გარიგებას ეწინააღმდეგებოდნენ. დახოცეს ათასობით პოლონელი და გერმანელი კომუნისტი, რომლებიც საბჭოთა კავშირს აფარებდნენ თავს. კომუნისტური ინტერნაციონალის ოფიციალური აპარატის მოწვევით, ჩავიდნენ რუსეთში პრაღიდან და ვარშავიდან, ყველანი საშინლად მოატყუეს და მოკლეს. ასეთი ბედი გაიზიარეს ესპანელებმა და საერთაშორისო ბრიგადების წევრებმა, რომლებიც ფრანკოს ებრძოდნენ. 1937 წლისთვის მთლიანად განადგურდა გერმანიის კომუნისტური პარტია, მათი ნაწილი „ენკავედემ“ დახოცა, დანარჩენი – „გესტაპომ“.
1939 წლის 23 აგვისტოს, „მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაქტის დადების შემდეგ, სტალინმა გესტაპოს გადასცა პატიმრები თავიანთ ოჯახებთან ერთად. დახვრიტეს საბერძნეთის, მექსიკის, ირანის, ბულგარეთის კომუნისტური პარტიის ლიდერები. სწორედ ამ საზარელმა ტრაგედიებმა გაანადგურა ინტერნაციონალური ბრძოლის ფრონტი მსოფლიოში და დასაბამი დაუდო მრავალ ოპორტუნისტულ პარტიას, რომლებიც დღესაც წამყვანი ძალები არიან ევროპულ ქვეყნებში.
თავად პალმ დატი დარჩა უკვე ”პიკვიკის კლუბად ” გადაქცეული სტალინისტური ინტერნაციონალის წევრად (რომელსაც უკვე აღარავითარი ძალა გააჩნდა და 1943 წელს საერთოდ გაუქმდა. სტალინსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე). ეს გარემოება ღირებულებას არ უკარგავს პალ დატის ნაშრომს. მეტიც, მის მიერ დეტალურად აღწერილი განადგურების პროცესი, რომელიც დაიწყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მხოლოდ ფაშიზმის გამარჯვების წინაპირობების შესახებ არ გვაწვდის ცნობებს. არანაკლებ ღირებულია, იმის დასანახადაც, თუ რა პირობებში გახდა შესაძლებელი სტალინური კონტრრევოლუცია. საბჭოთა ბიუროკრატიის ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რომელიც უპირველესად დაეფუძნა მსოფლიო რევოლუციაზე უარის თქმას. და მაინც, პალმ დატი წერს ისტორიის მხოლოდ პირველ ნაწილს, უდიდესი მარცხისა, რომელიც კაცობრიობამ განიცადა. მეორე ნაწილი კონტრრევოლუციაა.
***
იტალიაში, გერმანიასა და ავსტრიაში ფაშიზმის ისტორიული განვითარების აქამდე არსებული მიმოხილვიდან აშკარაა, რომ სოციალ-დემოკრატია გადამწყვეტი მნიშვნელობის როლს თამაშობს ფაშიზმის განვითარებაში. ომისშემდგომი პერიოდის ამ ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფენომენების – თანამედროვე სოციალ-დემოკრატიისა და ფაშიზმის – გააზრებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ომისშემდგომი კაპიტალისტური პოლიტიკის სრულად გაგებისთვის. თუმცა, მთლიანობაში, ეს საკითხი წინააღმდეგობებით არის გარშემორტყმული და გულდასმით ანალიზს საჭიროებს, თუკი ფაშიზმის რეალური საკითხებისა და მისი გაძლიერებისთვის საჭირო პირობების გაგება გვსურს.
უნდა აღინიშნოს, რომ ცნება „სოციალ-დემოკრატია“ ჩვენ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ ომისშემდგომი ფენომენის აღსაწერად. იგულისხმებიან, 1914 წლის შემდგომ წარმოქმნილი სოციალ-დემოკრატიული პარტიები, რომლებიც ომის მერე, 1923 წელს, მეორე ინტერნაციონალისა თუ „ლეიბორისტული და სოციალისტური ინტერნაციონალის” შესაქმნელად გაერთიანდნენ.
ჯერ კიდევ ომამდე, მთელი იმპერიალისტური ეპოქის განმავლობაში, ოპორტუნისტული საპარლამენტო მმართველობები კრახს განიცდიდნენ და კაპიტალისტურ სახელმწიფოებად გარდაქმნის ტენდენციები ძლიერდებოდა. რევოლუციური მარქსიზმის პროგრამა არსებითად შენარჩუნებული იყო და მეოცე საუკუნის დასაწყისში ასეთ პარტიებს სულ უფრო მეტად ებრძოდა რევოლუციური ფრთა, მიუხედავად ყველაფრისა, მხოლოდ 1914 წლის გადამწყვეტმა გამოცდამ, იმპერიალისტურმა ომმა, მისცა სრულყოფილი სახე ამ ტენდენციებს და გამოააშკარავა ეს პარტიები — როგორც კაპიტალიზმის მხარეს გადასულები.
1914 წლიდან ყველა იმპერიალისტურ ქვეყანაში, მუშათა კლასის მსხვილი ორგანიზაციების ამ გზით განვითარება და, განსაკუთრებით, საპარლამენტო და პროფკავშირების ლიდერების კაპიტალიზმთან და კაპიტალისტურ სახელმწიფოსთან გაერთიანების დასაწყისი, დიდი ისტორიული მოვლენაა; სხვა ომისშემდგომი პარტიების სამომავლო სახეცვლილებამ გავლენა იქონია პირველივე წლებში მუშათა კლასის რევოლუციის დამარცხებასა და მომავალ წლებში, ფაშიზმის ზრდაზე.
ამ უკანასკნელის როლი, მკვეთრად გამოხატული ფორმებით, თავს იჩენდა მეორეულ სახელმწიფოებში: უნგრეთში, ფინეთში, ბულგარეთში და ა.შ. იქ, სადაც თეთრკანიანთა დიქტატურები უკვე დამყარებული იყო. სოციალ-დემოკრატიის დახმარებით, კაპიტალიზმის რეკონსტრუქციისა და ნაწილობრივი სტაბილიზაციის პერიოდში და, კიდევ უფრო მეტად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზრდისა და კაპიტალისტური რეკონსტრუქციის საფუძვლების მორყევის შემდეგ, ეს როლი სულ უფრო გამოიკვეთა მთელს სოციალ-დემოკრატიაში. უშუალოდ ფაშიზმის უნებლიე წახალისებასთან ერთად, „ფაშიზაციის“ პროცესი მრავალფეროვანი ფორმებითა და ეტაპებით შეიძლება გამოვყოთ.
ბევრი იმედგაცრუებული სოციალ-დემოკრატი გერმანიის თვალშისაცემი მაგალითისა და მთელს მეორე ინტერნაციონალში არსებული კრიზისის შემდეგ, სულ უფრო მეტად აღიარებს სოციალ-დემოკრატიის როლს ფაშიზმის განვითარებაში. თუმცა, „სოციალისტური ფაშიზმის“, უკანასკნელ პერიოდში — სოციალ-დემოკრატიის დომინანტური ფორმის, კომუნისტური ანალიზი, რომელიც დღესდღეობით ფაშიზმის ბაზისს საფინანსო-კაპიტალის მმართველობის შენარჩუნებაზე აფუძნებს, ხშირად გამხდარა აღშფოთებისა და გაუგებრობის საგანი.
შესაბამისად, კაპიტალიზმის არსებობისთვის აუციელებელი ორი ბაზისის — სოციალ-დემოკრატიისა და ფაშიზმის, „ერთნაირი“ მახასიათებლები სრულყოფილად უნდა გამოვიკვლიოთ.
1. სოციალ-დემოკრატიისა და ფაშიზმის კაპიტალისტური ხედვა.
ყველაზე სასარგებლო იქნება, თუ საკითხს შევისწავლით თანამედროვე ფინანსური კაპიტალის შეხედულებებიდან, სოციალ-დემოკრატიისა და ფაშიზმის როლებზე.
ფინანსური კაპიტალის ხედვა სამაგალითო სიცხადით არის გადმოცემული აქამდე ნახსენებ გერმანულ ფიურერბრიფეში , ანდაც კრიტიკულ 1932 წელს გამოცემულ გერმანიის მრეწველობის ფედერაციის კონფიდენციალურ ბიულეტენში. „ფიურერბრიფე“ ანუ „წერილები ლიდერებისთვის“ წარმოადგენს „პოლიტიკურ-ეკონომიურ კერძო კორესპონდენციას“, რომელიც თავდაპირველად გერმანიის მრეწველობის ფედერაციაში ფინანსური კაპიტალის მფლობელებისთვის კონფიდენციალურად იყო გაცემული შიდა მოხმარებისთვის. 1932 წლის 16 და 20 სექტემბრის 72-ე და 75-ე ნომრები მოიცავდა კვლევას „კაპიტალიზმის ხელახალი სოციალური გაერთიანების“ შესახებ, რომელიც ზუსტ წარმოდგენას იძლეოდა დომინანტური ფინანსური ჯგუფების მსოფლმხედველობაზე. ავტორი თავის ძირითად თვალსაზრისს აფუძნებდა დებულებას, რომლის მიხედვითაც კაპიტალისტური მმართველობის შენარჩუნება დამოკიდებულია მუშათა კლასის გახლეჩაზე:
„ომისშემდგომ გერმანიაში ნებისმიერი ბურჟუაზიული მმართველობის ხელახალი სოციალური გაერთიანებისთვის აუცილებელი პირობა არის მუშათა მოძრაობის გახლეჩა. ნებისმიერი ქვევიდან წარმოქმნილი ერთიანი მუშათა მოძრაობა, თავისი არსით რევოლუციურია და არსებული ხელისუფლება ვერ გაბედავს მის წინააღმდეგ წასვლას, თუნდაც სამხედრო ძალის მეშვეობით“.
ამრიგად, მთავარ საფრთხეს მუშათა კლასის ერთიანი ფრონტი წარმოადგენს: მის წინააღმდეგ სამხედრო ძალაც კი უძლური გახდებოდა. შესაბამისად, კაპიტალიზმი მოითხოვს სოციალურ საფუძველს საკუთარ რიგებს გარეთ და მუშათა კლასის გახლეჩას. სწორედ ეს უზრუნველყო ომის შემდეგ სოციალ-დემოკრატიამ.
„ომისშემდგომ გერმანიაში ბურჟუაზიული რეჟიმის გაერთიანების პრობლემა აიხსნება იმით, რომ მოწინავე ბურჟუაზია, რომელიც ეროვნულ ეკონომიკას აკონტროლებს, ზედმეტად მოსუსტებულია იმისთვის, რომ მარტო შეინარჩუნოს ძალაუფლება. იმ შემთხვევაში, თუ მათ არ სურთ ისეთ საშიშ იარაღზე იყვნენ დამოკიდებულები, როგორიც სამხედრო ძალაა, ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ ალიანსს იმ ფენებთან, რომლებიც მათ სოციალურად არ ეკუთვნიან, თუმცა შეუცვლელ სამსახურს სწევენ ხალხში მათი ძალაუფლების გასამყარებლად და ამ გზით, ძალაუფლების ფაქტობრივი და გადამწყვეტი მატარებლები გამოდიან. ომისშემდგომი გაერთიანების პირველ ეტაპზე, ბურჟუაზიული მმართველობის ამ უკანასკნელი როლის, ანდაც, სხვანაირად რომ ვთქვათ, „ცენტრალური როლის მატარებელი“, სოციალ-დემოკრატია იყო.
ჯერჯერობით ანალიზი მარტივ ხაზს მიუყვება. სოციალ-დემოკრატიამ საფუძველი ჩაუყარა კაპიტალისტური მმართველობის შენარჩუნებასა და მუშათა კლასის გახლეჩას. თუმცა რამ მისცა მას ძალა მუშათა კლასის გასახლეჩად? აქ ფინანსური კაპიტალის წარმომადგენლის ანალიზი ძალზედ უახლოვდება იმპერიალისტურ ქვეყნებში, მუშათა კლასში არსებული განხეთქილების მიზეზების შესახებ, ლენინის ანალიზს:
„ომისშემდგომი ბურჟუაზიული რეჟიმის პირველი გაერთიანების ეპოქაში, 1923-24 წლებიდან 1929-30 წლებამდე, მუშათა კლასის განხეთქილება ეფუძნებოდა სახელფასო და სოციალურ პოლიტიკებში არსებულ მიღწევებს, რომელშიც სოციალ-დემოკრატიამ მოახერხა რევოლუციური სულისკვეთების კაპიტალიზაცია.
როგორც თავდაპირველად მუშათა პარტიამ, თავისი სოციალური ხასიათის წყალობით, ისე სოციალ-დემოკრატიამ იმდროინდელ რეკონსტრუქციის სისტემას თავისი წმინდა პოლიტიკური ძალის გარდა, რაღაც უფრო ღირებული და მდგრადი შემატა, კერძოდ, ორგანიზებული მუშათა კლასი, ხოლო მათი რევოლუციური სულისკვეთების პარალიზებამ მსწრაფლ მიაჯაჭვა ისინი ბურჟუაზიულ სახელმწიფოს.
მართალია, ნოემბრის სოციალიზმი, იდეოლოგიურად მასობრივ წარღვნას წააგავდა, თუმცა მის უკან არ იდგა „მხოლოდ ორგანიზებული მუშათა კლასის თუ პროფკავშირების სოციალური ძალა. ეს წარღვნა შეიძლება მიინავლა, თუმცა დარჩნენ პროფკავშირები და მათთან ერთად, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, მათი წყალობით, სოციალ-დემოკრატიული პარტიაც”.
ამის საფუძველზე, ორგანიზებული მუშათა კლასის ძირითადი ნაწილი სოციალ-დემოკრატიისა და პროფკავშირების მეშვეობით „მსწრაფლ მიჯაჭვულიყო ბურჟუაზიულ სახელმწიფოს“, ხოლო მის გარეთ, კომუნიზმი ინახებოდა, როგორც „გამრღვევი მექანიზმი“:
„ეს მიღწევები (სახელფასო და სოციალური პოლიტიკების მხრივ) ფუნქციონირებდა, როგორც ერთგვარი „გამრღვევი“, რომლის მეშვეობითაც, შრომითი ბაზრის დაცემის პირობებში, მუშათა კლასის დასაქმებული და მტკიცედ ორგანიზებული ნაწილი მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა დაბალი კატეგორიის უმუშევართა და მერყევ მასასთან შედარებით. შესაბამისად, უფრო დაცული იყო უმუშევრობის ზეგავლენისგან და ზოგადი კრიტიკული ხედვისგან, მათი ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებით.
პოლიტიკური ზღვარი, სოციალ-დემოკრატიასა და კომუნიზმს შორის, ამ გამრღვევი მექანიზმის სოციალურ და ეკონომიკურ ხაზზე გადის; და კომუნიზმის მთელი ძალისხმევა, რომელიც, აქამდე უშედეგო იყო, მიმართულია პროფკავშირების ამ დაცული სფეროს გარღვევისკენ”.
ეს სისტემა კარგად მუშაობდა მანამ, სანამ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა სტაბილიზაციის საფუძვლის განადგურება არ დაიწყო. ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა კაპიტალიზმი უარი ეთქვა სახელფასო და სოციალური პოლიტიკების „მიღწევებზე“ და ამ გზით, ძირი გამოეთხარა სოციალ-დემოკრატიისთვის. თუმცა, ამან გაზარდა მუშათა კლასის კომუნიზმისკენ გადაბირების საფრთხე, ამიტომ მშრომელთა გასახლეჩად საჭირო იყო ახალი ინსტრუმენტი — ნაციონალ-სოციალიზმი:
„ტრანზიციის პროცესი, რომელსაც ამჟამად გავდივართ, მწვავე საფრთხის წინაშე დგას. ეკონომიკური კრიზისი ანგრევს არსებულ მიღწევებს. ამ მიღწევებზე დაფუძნებული მუშათა კლასის გარღვევის მექანიზმი მოქმედებას შეწყვეტს, რის შედეგადაც, მუშათა კლასი სვლას კომუნიზმის მიმართულებით დაიწყებს და ბურჟუაზიული ხელისუფლება სამხედრო დიქტატურის დამყარების აუცილებლობის წინაშე დადგება. ეს კი, შეიძლება ბურჟუაზიული მმართველობის უკურნებელი ავადმყოფობის დასაწყისად მოვიაზროთ. ვინაიდან ძველი გარღვევის მექანიზმი დამაკმაყოფილებელი სახით ვეღარ აღდგება, ბურჟუაზიული ხელისუფლების ამ უფსკრულისგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება, მუშათა კლასის გახლეჩა და მისი სხვადასხვა, უფრო პირდაპირი გზებით სახელმწიფო აპარატთან დაკავშირებაა. სწორედ ამაში ძევს ნაციონალ-სოციალიზმის პოზიტიური შესაძლებლობები და ამოცანები”.
თუმცა, ახალი პირობები სახელმწიფოს ფორმის ცვლილებასაც გულისხმობს. ორგანიზებული მუშათა კლასის სოციალ-დემოკრატიის გზით სახელმწიფოსთან დაკავშირება მოითხოვს საპარლამენტო მექანიზმს და პირიქით, ლიბერალური საპარლამენტო კონსტიტუცია შეიძლება მისაღები იყოს მხოლოდ მონოპოლისტური კაპიტალიზმისთვის იმ პირობით, რომ სოციალ-დემოკრატია წარმატებით გააკონტროლებს და გახლეჩს მუშათა კლასს. თუ კაპიტალიზმი იძულებულია გაანადგუროს სოციალ-დემოკრატიის საფუძველი, მაშინ ის თანაბრად იძულებულია გარდაქმნას საპარლამენტო კონსტიტუცია არასაპარლამენტო „შეზღუდულ“ (ე.ი. ფაშისტურ) კონსტიტუციად.
„პროფკავშირების ბიუროკრატიის დაკავშირება სოციალ-დემოკრატიასთან დგას პარლამენტარიზმის გვერდით და მასთან ერთადვე განიცდის დაცემას. მონოპოლისტური კაპიტალიზმის პირობებში ლიბერალური სოციალური კონსტიტუციის არსებობის შესაძლებლობა განისაზღვრება იმგვარი ავტომატური მექანიზმებით, რომელიც ხლეჩს მუშათა კლასს. ლიბერალურ ბურჟუაზიულ კონსტიტუციაზე დაფუძნებული ბურჟუაზიული რეჟიმი არ უნდა იყოს მხოლოდ საპარლამენტო; იგი უნდა ეყრდნობოდეს სოციალ-დემოკრატიის მხარდაჭერას და უშვებდეს სოციალ-დემოკრატიისთვის ადეკვატური მიღწევების არსებობას. ბურჟუაზიულმა რეჟიმმა, რომელიც ამ მიღწევებს ანადგურებს, უნდა შესწიროს მათ სოციალ-დემოკრატიაცა და პარლამენტარიზმიც, შექმნას სოციალ-დემოკრატიის შემცვლელი და გადავიდეს შეზღუდულ სოციალურ კონსტიტუციაზე“.
კრიზისის პერიოდში კაპიტალიზმის შესანარჩუნებლად, ავტორი გამოსავალს ნაციონალ-სოციალიზმსა და „შეზღუდული“ ანუ ფაშისტური რეჟიმის დამყარებაში ხედავს. ნაციონალ-სოციალიზმის დღევანდელ როლში ავტორი მნიშვნელოვან პარალელს პოულობს წინა პერიოდის სოციალ-დემოკრატიის როლთან.
„პარალელიზმი მართლაც შთამბეჭდავია. მაშინდელი (1918-1930 წწ.) და დღეს არსებული ნაციონალ-სოციალიზმი მსგავს ფუნქციებს ასრულებენ იმით, რომ ისინი წარმოადგენენ წინა სისტემის მესაფლავეებს და შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ მასები მათ მიერ გამოცხადებულ რევოლუციამდე მიიყვანონ — ბურჟუაზიული მმართველობის ახალ ფორმასთან მიჰყავთ. შედარება, რომელიც ხშირად კეთდებოდა ებერტსა და ჰიტლერს შორის, ამ მხრივაც მართებულია. ორივეს ემანსიპაციის ანტიკაპიტალისტური მისწრაფება აქვს; ორივე გვპირდება ახალ „სოციალურ“ ან „ეროვნულ“ თანამეგობრობას”.
აქედან კი, მომდინარეობს საბოლოო დასკვნა:
„პარალელიზმი თავადვე გვიჩვენებს, რომ გერმანიაში ნაციონალ-სოციალიზმმა მოიპოვა სოციალ დემოკრატიის იმ მასების მხარდაჭერა, რომელიც ბურჟუაზიულ მმართველობის დამყარებას უზრუნველყოფდნენ.“
სწორედ ასეთია ფინანსური კაპიტალის მფლობელი ოლიგარქიის აზრით მისი ორი ინსტრუმენტის, სოციალ-დემოკრატიისა და ფაშიზმის როლის ახსნა-განმარტება. ამ განმარტებას ჩვენ აქამდე კრიტიკის გარეშე განვიხილავდით, ვინაიდან მას, როგორც ავტორიტეტულ განცხადებას, აქვს დამოუკიდებელი ღირებულება. მით უმეტეს, რომ ის არ დაწერილა საჯარო მოხმარებისთვის, უფრო ღირებულია ფინანსური კაპიტალის რეალური ხედვის შესასწავლად. ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დოკუმენტს შეიძლება რეკომენდაცია გავუწიოთ როგორც სოციალ-დემოკრატიის, ისე ფაშიზმის დისციპლინათა შესასწავლად. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საოცრად გულწრფელი და მკაფიო განცხადება ფაშიზმის რეალური საქმის შესახებ, როგორადაც მას მისი რეალური დამფინანსებლები და მაკონტროლებლები წარმოიდგენენ, იზიარებს მისტიკურ, ეროვნულ, რასობრივ, „კორპორაციულ“ შოვინისტურ სისულელეს, რომლის მიხედვითაც, ფაშიზმი საზოგადოებრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა სავსებით რაციონალური და თავხედურია. აქ მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ ფაშიზმის ე.წ. „თეორიის“ განხილვას.
ამასთანავე, სოციალ-დემოკრატიისა და ფაშიზმის საკითხებზე დისკუსიის დაწყებისას, რეალური ანალიზი გარკვეულწილად კრიტიკასაც მოითხოვს. ავტორი სწორად ჭვრეტს ომისშემდგომი კაპიტალისტური მმართველობის მექანიზმებს, რომელთა საფუძველიც სოციალ-დემოკრატიიდან მომდინარეობს, თუმცა ის იმგვარად წარმოადგენს საკითხს, თითქოს ფაშიზმმა „სოციალ-დემოკრატიისგან ბურჟუაზიული მმართველობის მასობრივი მხარდაჭერა გადაიბარა“. გუშინ ამ როლს სოციალ-დემოკრატია ასრულებდა; დღეს კი, ეს ფაშიზმია; თითოეულს თავისი პერიოდი აქვს. ამრიგად, სოციალ-დემოკრატია და ფაშიზმი განიხილებიან, როგორც არსებითად იდენტური როლის შემსრულებლები, უბრალოდ განსხვავებულ პერიოდებსა და პირობებში და, შესაბამისად, სახელმწიფო კონსტიტუციის განსხვავებული მეთოდებითა და ფორმებით. თუმცა, ეს ძალიან პრიმიტიული და არასწორი აზრია. ორივე ერთდროულად არსებობს, თითოეული თავის როლს ასრულებს და ერთმანეთს ავსებს.
ფაშიზმი, უპირველეს ყოვლისა, თავისი სოციალური ბაზისით, ეფუძნება სხვადასხვა წვრილბურჟუაზიულ ფენებს, გლეხობას, დაკლასიფიცირებულ ელემენტებსა და ჩამორჩენილ მშრომელებს. სოციალ-დემოკრატია ეფუძნება ინდუსტრიულ მშრომელთა ზედა ფენებს. ბურჟუაზია კი, თავის მმართველობას, ორივეს მხარდაჭერაზე აფუძნებს, წინ ხან ერთს და ხან მეორეს აყენებს, საბოლოოდ კი, ორივეს საკუთარი მხარდაჭერისთვის იყენებს.
ფაშიზმი არასდროს იქცევა ბურჟუაზიის მთავარ ბაზისად (თუმცა ის შეიძლება იქცეს მის მთავარ და ერთადერთ სამთავრობო ინსტრუმენტად, როდესაც კრიზისი საჭიროებს ყველა მშრომელის იძულებას და სოციალ-დემოკრატიის ძალაუფლება შესუსტების საფრთხის წინაშე დადგება), ვინაიდან ფაშიზმი ვერასდროს გახდება ორგანიზაციული ტრადიციის მქონე მშრომელების მთავარი სტრუქტურა, გამონაკლისი, რომელსაც შეუძლია კაპიტალიზმის დამხობა. ამ მოცემულობაში, სოციალ-დემოკრატიას, ფაშისტური დიქტატურის დამყარების შემდეგაც კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს აშკარაა ისეთი ქვეყნების მაგალითზე, როგორებიცაა პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ესპანეთი დე რივერას მეთაურობით და ა.შ., სადაც სოციალ-დემოკრატია დიქტატურის პირობებშიც არსებობს. ამასთანავე, ეს ჭეშმარიტია იმ ქვეყნების მაგალითებზეც, რომლებმაც ფაშისტური დიქტატურა სრულყოფილ ფორმამდე მიიყვანეს — გერმანიასა და იტალიაში, სადაც სოციალ-დემოკრატია, როგორც ორგანიზაცია ფორმალურად ჩახშობილია და პროფკავშირები ფაშისტურ ფრონტში არიან ჩაბმულნი. მხოლოდ იქამდე, სანამ სოციალ-დემოკრატიული გავლენა, იდეოლოგია და ტრადიციები ჯერ კიდევ დომინირებს ინდუსტრიულ მშრომელებზე, არღვევს რევოლუციურ ბრძოლას, ხელს უშლის ერთიანი ფრონტის წარმოშობასა და მასობრივ დაპირისპირებას, მხოლოდ მანამდეა შესაძლებელი კაპიტალისტური მმართველობის შენარჩუნება, თუნდაც ფაშისტური ფორმებით. ასევე, ამ ქვეყნებში ფაშისტური დიქტატურის შესუსტების შემთხვევაში, სოციალ-დემოკრატია მუდამ მზადაა კაპიტალიზმის გადასარჩენად.
სოციალ-დემოკრატიისა და ფაშიზმის განსხვავება მათ პარალელიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ორივე მონოპოლისტური კაპიტალის მმართველობის ინსტრუმენტია. ორივე ასუსტებს და არღვევს მშრომელთა კლასობრივ ერთიანობას, თუმცა განსხვავება მათი მეთოდებია .
ფაშიზმი ამსხვრევს მშრომელთა კლასობრივ ორგანიზაციებს გარედან, უპირისპირდება მათ მთლიან საფუძველს და აყენებს ალტერნატიულ „ნაციონალისტურ“ იდეოლოგიას. სოციალ-დემოკრატია ძირს უთხრის მუშათა კლასობრივ ორგანიზაციებს შიგნიდან, ეფუძნება წინად არსებულ დამოუკიდებელ მოძრაობას და „მარქსისტულ“ იდეოლოგიას, რომლითაც ჯერ კიდევ გაჯერებულია მუშათა ტრადიციები და დისციპლინა, რათა ამ გზით უფრო ეფექტურად გაატაროს კაპიტალის პოლიტიკა და გაანადგუროს მებრძოლი სულისკვეთება.
შესაბამისად, ფაშიზმი მისი სრული განხორციელებისთვის საჭიროებს „ტოტალიტარულ ტერორისტულ კლას-სახელმწიფოს”.
სოციალ-დემოკრატია ყველაზე შესაფერისად და წარმატებულად აკონტროლებს მშრომელებს ლიბერალურ საპარლამენტო კლას-სახელმწიფოებში, იყენებს დისციპლინის „შიგნით“ არსებულ მეთოდებს და ზოგჯერ სახელმწიფო იძულებასაც ყოველგვარი მებრძოლი სულისკვეთების ჩასახშობად.
ფაშიზმი, ძირითადად, იძულების გზით მოქმედებს, რასაც მოტყუებაც ემატება.
სოციალ-დემოკრატია მოქმედებს ძირითადად მოტყუებით, იძულებასთან ერთად.
მეთოდისა და პარალელიზმის ძირითად მიზანსა და როლს შორის განსხვავების ეს ურთიერთმიმართება საფუძვლად უდევს უკვე 1924 წელს სტალინის მიერ გაკეთებულ განმარტებას („ახლანდელი საერთაშორისო სიტუაციის ძირითადი ფაქტორები“, კომუნისტური ინტერნაციონალი, ინგლისური გამოცემა 1924, No. 6), რომლის მიხედვითაც, „სოციალ-დემოკრატია ობიექტურად ფაშიზმის ზომიერ ფრთას წარმოადგენს“.
2. ფაშიზმის ჩანასახები სოციალ-დემოკრატიაში.
ფაშიზმი არა მხოლოდ ისტორიულად იღებს სათავეს დიდწილად სოციალ-დემოკრატიიდან იმ გაგებით, რომ მისი არაერთი მთავარი ლიდერი სწორედ სოციალ-დემოკრატიიდან მოდის: მუსოლინი, იტალიის სოციალისტური ცენტრალური ორგანოს ავანტის ყოფილი რედაქტორი; პილსუდსკი, პოლონეთის სოციალისტური პარტიის ყოფილი ლიდერი; მოსლი, მაკდონალდის მეორე შრომის მთავრობის ყოფილი მინისტრი.
ფაშიზმი თავის იდეოლოგიურ საფუძველს სოციალ-დემოკრატიის მიერ წინასწარ გაკვალული გზებიდანაც იღებს.
სოციალიზმის ომამდელ არამარქსისტულ ფორმებში შეიძლება ვეცადოთ მივაკვლიოთ აქამდე არსებულ მიმართულებებსა და ტენდენციებს, რომლებიც უკვე მიუთითებს ფაშიზმში მოგვიანებით განვითარებულ თავისებურებებზე: მაგალითად, ლასალის სოციალიზმის „ნაციონალისტური“ სახე (უნდა აღინიშნოს, რომ ლასალის პარტიის დეპუტატებმა 1870 წელს ომს დაუჭირეს მხარი, მაშინ როდესაც მარქსისტებმა თავი შეიკავეს), პრუსიული ტენდენციები და ბისმარკთან კეკლუცობა; პრუდონის საკრედიტო სიცრუე და კლასობრივი ბრძოლისადმი წინააღმდეგობა; სორელის ძალადობის კულტი, „სოციალური მითები“ მასობრივი ტყუილისთვის და აბსტრაქტული ბრალდებები დემოკრატიისადმი; დაყოფის „ოკუპაციური“ ხაზების სინდიკალისტური კულტი; ფაბიანური სუპერ-კლასის სახელმწიფოს განდიდება; ჰაინდმანის ჯერ კიდევ ომამდელი სოციალ-შოვინიზმი და აგიტაცია. ფაშისტი ავტორები თავიანთი სულიერი წინამორბედების აღმოჩენას ძირითადად სამი წყაროდან ცდილობენ: მაძინიდან (ძველი ლიბერალ-დემოკრატი, ალბათ საფლავში ბრუნავს ამის გაგონებისას), პრუდონი და სორელი. თუმცა ეს მხოლოდ მითების კვლავწარმოებაა. ფაშიზმი არსებითად კაპიტალიზმის ომისშემდგომი ზოგადი კრიზისის ნაყოფია და სულიერი წინამორბედები არ გააჩნია. ფაშიზმი პრაქტიკულად პროლეტარული სოციალური რევოლუციის უიღბლობის ნაყოფია.
სწორედ მაშინ, როდესაც სოციალ-დემოკრატიამ 1914 წლიდან მიატოვა მარქსიზმი და ინტერნაციონალიზმი, იწყება ფაშიზმის მსგავსი იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი ტენდენციების წინ წამოწევა. ომის სოციალისტების, განსაკუთრებით, გერმანიაში პოლ ლენშის, ალექსანდრე პარვუსისა და ჰაინრიხ კუნოვის, საფრანგეთში გუსტავ ერვესა და ინგლისში რობერტ ბლაჩფორდის, რადიკალური გამონათქვამების შესწავლა, შემდგომ ფაშიზმთან არაერთ გასაოცარ მსგავსებას გამოავლენს. 1916 წელს ლენში წერდა:
„ამ მსოფლიო ომში გერმანია დააგვირგვინებს თავის რევოლუციას“ („რევოლუციის“ ტიპური გამოყენება უკიდურესი მონოპოლისტური დიქტატურისა და შოვინიზმის გადასაფარად); „გერმანიის რევოლუციის სათავეში ბეტმან-ჰოლვეგი დგას“. კუნოვმა განაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატია უნდა მოერგოს იმპერიალიზმს და გადააგდოს ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიის ნაშთები „ერების პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფლების შესახებ“.
„ომი ინგლისში“, წერდა ომის სოციალისტი ჰენიში, „ასახავს რეაქციულ, ხოლო გერმანიაში რევოლუციურ პრინციპს“. ყოველივე ეს ასახავს „რევოლუციური” ფრაზების გამოყენებას და მოძველებული „ლიბერალ-დემოკრატიული“ ცრურწმენების განხილვას მონოპოლისტური კაპიტალიზმისა და შოვინიზმისადმი სრული მორჩილების გადასაფარად. ინტერნაციონალიზმის უარყოფა, კლასობრივი ერთიანობის ან „წმინდა ზავის“ ადვოკატირება და კაპიტალისტური სახელმწიფოს სამსახური „სოციალისტური“ ან „რევოლუციური“ ფრაზების სახელით — 1914 წლიდან ეს არის თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის, უფრო განვითარებული სახით კი, ფაშიზმის საერთო საწყისი წერტილი.
მაგრამ სწორედ ომისშემდგომ პერიოდში ხდება სოციალ-დემოკრატიის იდეოლოგია რეალური ნიადაგი ფაშიზმისთვის. სოციალ-დემოკრატია ომიდან ორი მკაფიოდ გამოკვეთილი მახასიათებლით გამოვიდა: პირველი, თითოეული პარტიის მჭიდრო გაერთიანება საკუთარ „ნაციონალურ“, ანუ იმპერიალისტურ სახელმწიფოსთან და ყველაფრის უარყოფა, გარდა ყველაზე ფორმალური „საფოსტო ყუთების“ ინტერნაციონალიზმისა; მეორე — კლასობრივი თანამშრომლობა, კოალიციური მინისტერიალიზმისა და პროფკავშირების თანამშრომლობის სახით, რაც დაეხმარება კაპიტალისტური კეთილდღეობის ჩამოყალიბებას, როგორც მუშათა კლასის კეთილდღეობისთვის აუცილებელ პირობას. თვალსაჩინოა, რომ ეს ძირითადი პრინციპები უკვე მიახლოებულია „ნაციონალ-სოციალიზმის“ ძირითად პრინციპებთან.
ომის შემდეგ სოციალ-დემოკრატია ორი ამოცანის წინაშე დადგა: პირველი — მუშათა კლასის რევოლუციის დამარცხება; მეორე — კაპიტალიზმის დანგრეული სტრუქტურის აღდგენის ხელშეწყობა. პირველმა ამოცანამ სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლება მჭიდრო კავშირში მოიყვანა რეაქციულ, მილიტარისტულ და თეთრგვარდიელთა წრეებთან; ისინი სამთავრობო პასუხისმგებლობის აღებაში და მებრძოლი მუშაკების უგულებელყოფაში გაწვრთნა. კაპიტალისტური რეკონსტრუქციის მეორე ამოცანა, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, მოითხოვდა სოციალ-დემოკრატიისა და პროფკავშირების მჭიდრო თანამშრომლობას მონოპოლიურ კაპიტალიზმთან.
რეკონსტრუქციისა და სტაბილიზაციის პერიოდში სოციალ-დემოკრატიის ამგვარი თანამშრომლობა კაპიტალიზმთან შესაბამისი ახალი იდეოლოგიის განვითარებას საჭიროებდა. ომისდროინდელი „ეროვნული საფრთხის“ იდეოლოგია და „საერთო მტრის“ წინააღმდეგ ერთიანობის აუცილებლობა მშვიდობიან დროს მიზანს ვეღარ ემსახურებოდა. რეკონსტრუქციისა და სტაბილიზაციის პერიოდში ახალი თეორიული საფუძველი უნდა შემუშავებულიყო. ამტკიცებდნენ, რომ კაპიტალიზმის დაშლა მუშათა კლასის ინტერესებში არ შედიოდა; მუშათა კლასი მოითხოვდა აყვავებულ კაპიტალიზმს, როგორც სოციალიზმის წინსვლის საფუძველს; „უბედურების სოციალიზაცია უსარგებლოა”, განაცხადა კაუცკიმ და რუსეთის „ეკონომიკურ ნგრევაზე“, როგორც ალტერნატიული გზების არჩევის შედეგზე მიუთითა.
კაპიტალიზმს ჯერ კიდევ არ ამოეწურა თავისი განვითარება; მას წინ ჰქონდა „ორგანიზებული კაპიტალიზმის“ ახალი აყვავებული ეპოქისკენ სვლა; ეს იყო გზა სოციალიზმისკენ. მშრომელების ამოცანას წარმოადგენდა დახმარებოდნენ კაპიტალიზმის რეკონსტრუქციას, წარმოების გაზრდას და დახმარებოდნენ ახალი რაციონალიზებული „ორგანიზებული კაპიტალიზმის“ განვითარებას პროფკავშირების გაზრდილი მონაწილეობით ეკონომიკაში („ეკონომიკური დემოკრატია“ მონდიზმი) და პოლიტიკურად სოციალ-დემოკრატიის მეშვეობით მთავრობაში. ეს იყო ჭეშმარიტი წინსვლის გზა კომუნიზმის „კატასტროფული“ პოლიტიკის წინააღმდეგ. სტაბილიზაციის, რაციონალიზაციისა და 1927-29 წლების ხანმოკლე ბუმის პერიოდში სოციალ-დემოკრატიის ამ ახალმა იდეოლოგიამ განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია.
მეტ-ნაკლებად დაიწყო მარქსიზმის უკუგდებაც, განსაკუთრებით, პროფკავშირების ხელმძღვანელობების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ის ჯერ კიდევ რჩებოდა პროგრამაში. გერმანული პროფკავშირების წამყვანი თეორეტიკოსი ტარნოვი ღიად გამოვიდა სიტყვით გერმანიის პროფკავშირების ფედერაციის ბრესლაუს კონგრესზე:
„მარქსიზმმა, როგორც მუშათა კლასის მოძრაობის წამყვანმა იდეოლოგიამ, თავისი დრო მოჭამა. თუმცა, ვინაიდან დიდი, მასობრივი მოძრაობა რეალურად ვერ იარსებებს შესაბამისი იდეოლოგიის გარეშე, ჩვენ, პროფკავშირების ლიდერებმა, ახალი იდეოლოგია უნდა შევქმნათ“.
„ახალი იდეოლოგიის“ არსს ფაქტობრივად მუშათა კლასისა და კაპიტალიზმის ინტერესების იდენტურობის წინამარქსისტული (თავდაპირველად ლიბერალური, მოგვიანებით ფაბიანური და ბოლოს ფაშისტური) თეორია წარმოადგენდა. როგორც გერმანიის პროფკავშირების კიდევ ერთმა წამყვანმა თეორეტიკოსმა განაცხადა:
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მუშათა კლასი კაპიტალისტური სისტემის ნაწილია, რომლის დაცემა, მისი დაცემაცაა; და ამიტომ მუშათა კლასის უდიდესი ისტორიული მოვალეობაა ამ სისტემაში თავისი ადგილის რეგულირების გზით, მიაღწიოს მთელი სოციალური სტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც ისევ მისივე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ტოლფასია“.
იგივე აზრი გამოთქვა ბრიტანეთის პროფკავშირების კონგრესის გენერალურმა საბჭომ 1928 წელს სუონსის კონგრესის მოხსენებაში, როდესაც პროფკავშირების წინაშე არსებული სამი შესაძლო კურსის გაანალიზების შემდეგ, მხარი მესამეს (მონდისტური თანამშრომლობის ხაზს კაპიტალიზმთან), როგორც საუკეთესოს, დაუჭირა:
„მესამე კურსი, პროფკავშირული მოძრაობისთვის, თამამად შეიძლება ითქვას, იქნება ორიენტირებული არა მხოლოდ მრეწველობის აყვავებაზე, არამედ მას ექნება ხმის ამოღების საშუალება იმაზე, თუ როგორ მუშაობს ინდუსტრია, რათა ამ გზით გავლენა მოახდინოს მიმდინარე პროცესების განვითარებაზე. მოძრაობის საბოლოო პოლიტიკას მეტის მიცემა შეუძლია გაუმჯობესებული ინდუსტრიისთვის, ვიდრე მიტოვებულისთვის, და გაერთიანებებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ძალა, რათა ხელი შეუწყონ და წარმართონ ინდუსტრიის სამეცნიერო რეორგანიზაცია და ასევე, მიიღონ მატერიალური სარგებელი ამ რეორგანიზაციისგან“.
ამგვარად, სოციალ-დემოკრატია და მისი ხელმძღვანელობით, პროფკავშირებიც, სოციალ-დემოკრატიული თეორიის თანახმად, ხდებიან თანამედროვე კაპიტალისტური ორგანიზაციისა და სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილები (ეს თეორია ვებსებმა ომამდე დიდი ხნით ადრე შეიმუშავეს; და იგი მათი „პროფკავშირული ისტორიის“, ისევე როგორც ყველა მათ ნაშრომის საფუძველმდებარე ხაზს წარმოადგენს). „სოციალური დემოკრატია დღეს, სახელმწიფოს შეუცვლელი ელემენტია“ – დაადასტურა 1927 წელს ჰილფერდინგმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კილის კონგრესზე. “პროფკავშირების გარეშე”, წერდა უოლტერ სიტრინი, “თანამედროვე პირობებში, ინდუსტრია ეფექტურად ვერ იფუნქციონირებდა” (უ. მ. სიტრინი, „პროფკავშირი — საყრდენი ქაოსის წინააღმდეგ“, რეინოლდს ნიუსი, 4 სექტემბერი, 1932).
ამრიგად, ორგანიზაციის ყოველი განვითარება და მონოპოლისტური კაპიტალიზმისა და მისი დიქტატურის გაძლიერება შეფასებულია, როგორც „სოციალიზმის“ წინსვლა. ამის დასახასიათებლად გამოდგება ლეიბორისტული პარტიის მიერ „საჯარო კორპორაციის“ (ე.ი. სახელმწიფოს მიერ დაცული კაპიტალისტური მინდობილობა, გარანტირებული დივიდენდებით აქციონერებისთვის), როგორც თანამედროვე სოციალიზმის, ადვოკატირება. ეს ასახულია ლონდონის სამგზავრო ტრანსპორტის აქტით, რომელიც ლეიბორისტულმა მთავრობამ შემოიღო, კონსერვატიულმა მთავრობამ განახორციელა და ლეიბორისტული პარტიის მხრიდან, “სოციალიზმის ტრიუმფად” შეფასდა. ამის შესახებ კონსერვატიული „თაიმსი“ წერდა:
„წამოჭრილი წინააღმდეგობები, შეიძლება დაჯგუფდეს სამი ძირითადი არგუმენტის გარშემო —კერძოდ, კანონპროექტი არის „სოციალისტური“ ღონისძიება; ის ქმნის სახიფათო მონოპოლიას; და ეს გაზრდის ტრანსპორტის ღირებულებას. არცერთი არგუმენტი არ საჭიროებს დიდხნიან გამოკვლევას. უთუოდ მართალია, რომ კანონპროექტი თავდაპირველი სახით სოციალისტური მთავრობის მიერ შეიქმნა და მაშინდელმა ტრანსპორტის მინისტრმა, მისტერ მორისონმა, კინაღამ მოახერხა მისი სამუდამოდ დაგმობა, სოციალიზმის ტრიუმფად გამოცხადებით, მაგრამ სინამდვილეში, სად შემოდის აქ სოციალიზმი? რა პრინციპით განსხვავდება ახალი სატრანსპორტო კომპანია ცენტრალური ელექტროენერგიის საბჭოსგან ან იმპერიული კომუნიკაციების კომპანიისგან, რომელთაგან ორივე კონსერვატიული მთავრობის მიერ შეიქმნა? მათ მსგავსად, ეს ნამდვილად არის კანონიერი მონოპოლია და, შესაბამისად, ექვემდებარება გარკვეული ხარისხის საჯარო კონტროლს; მაგრამ ის კერძო და არა საჯარო საკუთრებაა” (Times-ის რედაქცია, „კანონპროექტი ლონდონში მოძრაობის შესახებ“, 1932 წლის 1 დეკემბერი.)
აშკარაა, რომ ლეიბორისტული პარტიისა და სოციალ-დემოკრატიის „საჯარო კორპორაცია“ პრინციპების ნაწილში ფაშისტური „კორპორაციის“, როგორც ინდუსტრიის ორგანიზაციის სისტემის ანალოგიურია.
ამის საფუძველზე სოციალ-დემოკრატია მხარს უჭერს მონოპოლისტური კაპიტალიზმის თანამედროვე განვითარებას, უკვე „სოციალიზმის“ სახით. როგორც გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა დიტმანმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მაგდებურგის კონგრესზე განაცხადა: „ჩვენ აღარ ვცხოვრობთ კაპიტალიზმში; ჩვენ ვცხოვრობთ სოციალიზმისკენ გარდამავალ პერიოდში, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად… გერმანიაში ჩვენ ათჯერ მეტი სოციალისტური მიღწევა გვაქვს დასაცავი, ვიდრე მათ აქვთ რუსეთში”.
მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა ამ იდეოლოგიას. მაგრამ სოციალ-დემოკრატია კრიზისს თავისი თეორიების გაფართოებით მოერგო. როგორც მან განაცხადა, ახლა საჭირო იყო, კაპიტალიზმის „გადარჩენა“ ქაოსისა და პროლეტარული რევოლუციისგან. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლაიფციგის კონგრესმა 1931 წელს გამოსცა მოწოდება: „ჩვენ ექიმების მსგავსად უნდა ვუწამლოთ დაავადებულ კაპიტალიზმს“. ემილ ვანდერველდემ, მეორე ინტერნაციონალის თავმჯდომარემ, 1932 წელს ბელგიის დეპუტატთა პალატაში გამოაცხადა: „კაპიტალისტურ სისტემას ყველა მხრიდან ბზარები უჩნდება. მისი გადარჩენა მხოლოდ სერიოზული და გადაუდებელი ზომებითაა შესაძლებელი. მეთერთმეტე საათზე ვართ. იზრუნეთ, რომ პროლეტარიატმა, ისევე როგორც სამსონმა, ტაძრის სვეტები არ ჩამოანგრიოს“. (ე. ველვედერე, ხალხი, 7 მაისი, 1932 წ.)
ფრანგმა სოციალისტმა, პიერ მონტელმა, მართლაც, ჯერ კიდევ კრიზისამდე გამოაცხადა (სოციალური რესპუბლიკა, 15 ნოემბერი, 1928): „სოციალისტური პარტია თავს წარმოაჩენს ერთადერთ პარტიად, რომელსაც ბურჟუაზიული საზოგადოების გადარჩენა შეუძლია“.
მთელი ამ ხაზით და პროპაგანდით აშკარაა, რომ სოციალ-დემოკრატია პრაქტიკაში ამზადებდა და გზას უკვალავდა ფაშიზმს და ფაშიზმის კონცეფციებს. და მართლაც, ფაშიზმის გამარჯვების შემდეგაც კი, გერმანული პროფკავშირის ლიდერმა, თეოდორ ლაიპარტმა, პირდაპირ გამოიყენა არგუმენტის იგივე ხაზი, რათა დაემტკიცებინა, რომ პროფკავშირები შეიძლება მისაღებნი იყვნენ ფაშიზმის პირობებშიც, როგორც ფაშისტურ დიქტატურას დაქვემდებარებული ინსტრუმენტები:
„პროფკავშირები გაჩნდა, როგორც მუშათა კლასის ორგანიზებული თვითდახმარება; და ისტორიის განმავლობაში ბუნებრივი მიზეზების გამო სულ უფრო და უფრო შერწყმული გახდა თავად სახელმწიფოსთან.
პროფკავშირების სოციალური ამოცანები უნდა განხორციელდეს, იმის მიუხედავად, თუ როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფო რეჟიმი…
პროფკავშირები მზად არიან, მუდმივი თანამშრომლობისთვის დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან, ხელფასების და სამუშაო პირობების მიღმაც კი.
სახელმწიფო ზედამხედველობამ ასეთ თანამშრომლობაზე, გარკვეულ გარემოებებში, შეიძლება ხელი შეუწყოს მისი ღირებულების ამაღლებას და გახადოს მისი განხორციელება უფრო მარტივი.
პროფკავშირები არ იჩემებენ პირდაპირ გავლენას სახელმწიფო პოლიტიკაზე. მათი ამოცანა ამ კუთხით შეიძლება იყოს მხოლოდ მშრომელთა სამართლიანი პრეტენზიების მთავრობის ყურადღების ცენტრში მოქცევა მისი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკისა და კანონმდებლობის ზომების მითითებით, აგრეთვე, მთავრობისა და პარლამენტის სამსახურში ყოფნა ამ სფეროში თავისი ცოდნითა და გამოცდილებით”.
ეს იყო გერმანული პროფკავშირის 1933 წლის მარტის ოფიციალური დეკლარაცია, რომლითაც მან ფაშისტურ დიქტატურას ალიანსი შესთავაზა. არაგერმანულ სოციალ-დემოკრატიულ პრესაში ეს ფაქტი მწუხარებითა და აღშფოთებით მიიღეს და დაახასიათეს, როგორც „სამარცხვინო კაპიტულაცია“. მიუხედავად ამისა, გამოთქმული ხაზი ზუსტად პროფკავშირულებისა და სახელმწიფოს საკითხთან დაკავშირებული არგუმენტების ხაზის იდენტურია, რომელსაც იყენებდა სიტრინი ბრიტანეთში, გრინი შეერთებულ შტატებში ან ჟუჰო საფრანგეთში.
ამას შეიძლება შევადაროთ მუსოლინის წინადადება 1921 წელს რეფორმისტული სოციალ-დემოკრატიისა და ფაშიზმის შესაძლო ალიანსის შესახებ:
„სოციალური კანონმდებლობისა და მუშათა კლასების ცხოვრების დონის გაუმჯობესების ნაწილში, სოციალისტებმა შეიძლება მოულოდნელი მოკავშირეები იპოვონ ფაშიზმში. ქვეყნის ხსნა შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს და არა ფაშიზმსა და სოციალიზმს შორის ანტითეზის ჩახშობით, არამედ პარლამენტში მათი შერიგებით. სოციალისტებთან თანამშრომლობა სავსებით შესაძლებელია, განსაკუთრებით შემდგომ ეტაპზე, იმ იდეებისა და ტენდენციების გარკვევის შემდეგ, რომლებზე დაყრდნობითაც სოციალისტური პარტია ამჟამად მუშაობს. აშკარაა, რომ ერთ პარტიაში შეურიგებელი და რეფორმისტი სოციალისტების თანაარსებობა დროთა განმავლობაში შეუძლებელი გახდება. გამოსავალია რევოლუცია ან რეფორმა, რომელიც გამოწვეულია ძალაუფლებრივ პასუხისმგებლობებში მონაწილეობით“. (მუსოლინი, პოპოლო დ’იტალია, 22 მაისი, 1921 წ.)
მოვლენების განვითარებამ ეს პირდაპირი ალიანსი საჭირო არ გახადა; მაგრამ შემდგომში მუსოლინიმ თავის სამსახურში რეფორმისტი პროფკავშირის ლიდერები დ’არაგონა და მისი კოლეგები აიყვანა.
ამგვარად, სოციალ-დემოკრატიამ იდეოლოგიურად მოამზადა გზა ფაშიზმისთვის: უპირველესად, მარქსიზმის მიტოვებით ან მისი ჩამოშლით; მეორე, ინტერნაციონალიზმის უარყოფითა და მუშათა „საკუთარი“, იმპერიალისტური სახელმწიფოს სამსახურში მიმაგრებით; მესამე – კომუნიზმთან და პროლეტარულ რევოლუციასთან ომით; მეოთხე, „სოციალიზმის“ დამახინჯებით ან ბუნდოვნად „სოციალისტური“ ფრაზების გამოყენებით („ახალი სოციალური წესრიგი“, „თანამეგობრობა“, „ინდუსტრია, როგორც საჯარო სამსახური“ და ა.შ.) მონოპოლისტური კაპიტალიზმის გადასაფარად; მეხუთე, მუშათა კლასის ორგანიზაციების კაპიტალისტურ სახელმწიფოსთან გაერთიანებითა და მათი კლასობრივი თანამშრომლობის ადვოკატირებით. ყოველივე ეს იძლევა იდეოლოგიურ საფუძველს ფაშიზმისთვის, რომელიც წარმოადგენს კაპიტალიზმსა და კაპიტალისტურ სახელმწიფოში ხელფეხშეკრული მუშათა კლასის სრული შთანთქმის პოლიტიკის საბოლოო ეტაპს.
სოციალ-დემოკრატიის მთელმა ამ ხაზმა და პროპაგანდამ, დააბნია, შეასუსტა და დაარტყა იმ მშრომელთა კლასობრივ, სოციალური აზროვნებას, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ხელს უშლიდნენ რევოლუციური მარქსისტული გაგების გავრცელებას, ხელს უწყობდნენ ნახევრად ფაშისტურ წარმოდგენებს ნაციონალიზმის, იმპერიალიზმისა და კლასობრივი თანამშრომლობის შესახებ და ამით მასები იოლად შეატოვეს მსხვერპლად ფაშიზმს.
3. როგორ ეხმარება სოციალ-დემოკრატია ფაშიზმს ძალაუფლებაში.
წინა ორ თავში იტალიური, გერმანული და ავსტრიული მაგალითების ისტორიული განხილვისას ჩვენ პრაქტიკაში ვნახეთ, თუ როგორ ეხმარება სოციალ-დემოკრატია ფაშიზმს ძალაუფლებაში. ამიტომ ახლა მხოლოდ იმ შედეგების შეჯამება დაგვრჩენია, თუ რა აჩვენა ისტორიულმა გამოცდილებამ.
უპირველესად, სოციალ-დემოკრატია არღვევს პროლეტარიატს და პროლეტარულ ბრძოლას. სოციალ-დემოკრატიული და პროფკავშირების ხელმძღვანელობა მოქმედებს, როგორც დამსაქმებელთა და მმართველ კლასთა სააგენტო მუშათა კლასის რიგებში, ქადაგებს დამარცხებისა და წინააღმდეგობის წინააღმდეგ ბრძოლას, და იქ, სადაც მუშათა კლასის ბრძოლა გარდაუვალი ხდება, შლის ბრძოლას უშუალოდ შიგნიდან.
ეს ყველაზე ნათლად ჩანს სოციალ-დემოკრატიის როლში გაფიცვების დროს. როგორც შემდგომ გაირკვა, ამ პროცესის თვალსაჩინო მაგალითი იყო დიდი საბრძოლო გაფიცვა გერმანიაში 1918 წლის იანვარში, რომელმაც ლამის გამოიყვანა გერმანია ომიდან და გააერთიანა რუსეთის რევოლუციასთან. სოციალ-დემოკრატების ლიდერებმა, ებერტმა, ბრაუნმა და შაიდემანმა, მათი აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საკუთარ თავზე აიღეს გაფიცვის ხელმძღვანელობა და მოუწოდეს მუშებს, არ დამორჩილებოდნენ მობილიზაციის ბრძანებებს. როგორც წლების შემდეგ თავადვე განაცხადეს, მათი გაფიცვის კომიტეტში შესვლის მიზანი გაფიცვის ჩახშობა იყო. 1924 წელს ებერტმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა 1918 წლის აჯანყების ხელმძღვანელობის გამო ღალატის ბრალდების წინააღმდეგ. ამ სასამართლო პროცესზე მან ფარდა ახადა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ საიდუმლო დადგენილებას, რომლითაც მათ დაეკისრათ გაფიცვის ხელმძღვანელობა მის დასასრულებლად. ებერტმა სასამართლოში განაცხადა (ტაიმსი, 1924 წლის 11 დეკემბერი):
„სოციალისტებს მოსთხოვეს გაფიცვაზე კონტროლის აღება, რათა თავიდან აეცილებინათ ყველაზე უარესი სცენარი. ბატონმა ლედებურმა გაფიცულებს მიმართა, რომ გაფიცვას აზრი დაეკარგებოდა, თუ გაფიცვის კომიტეტში უმრავლესობით სოციალისტები მოვიდოდნენ, და ამ დროს, ის (ბატონი ებერტი) მას ბალანსის აღდგენის მიზნით შეუერთდა… მან განაცხადა, რომ გაფიცვის კომიტეტში შევიდა, რათა გაფიცვა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო“.
იმავე სასამართლო პროცესზე შაიდენმანმა განაცხადა („თაიმსი“, 1924 წლის 13 დეკემბერი):
„გაფიცვა ჩვენს გარეშე მოხდა. ჩვენ გაფიცვის კომიტეტს იმ მტკიცე განზრახვით შევუერთდით, რომ სასწრაფოდ შეგვეწყვიტა გაფიცვა მთავრობასთან მოლაპარაკებით გზით. გაფიცვის კომიტეტში ჩვენ მიმართ დიდი წინააღმდეგობა იყო: ჩვენ ცნობილნი ვიყავით, როგორც „გაფიცვის მახრჩობელები“.
ზუსტად იგივე პროცესი გაიარა ლეიბორისტული პარტიისა და პროფკავშირების კონგრესის გენერალური საბჭოს ხელმძღვანელობამ 1926 წლის ბრიტანეთის საყოველთაო გაფიცვაში, რომელიც ასე მხოლოდ მაკდონალდის მიერ (სოციალისტური მიმოხილვა, 1926 წლის ივნისი) იყო მოხსენიებული, ვინაიდან „თუ არ გამოცხადდებოდა საყოველთაო გაფიცვა, ინდუსტრია თითქმის ისეთივე პარალიზებული იქნებოდა არაავტორიზებული გაფიცვებით“. ჯ.ჰ.თომასმა მოგვიანებით კაპიტალისტურ ჟურნალ “ანსვერში” განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვის წინააღმდეგი იყო, ის არ გადადგა თანამდებობიდან, „რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ დარჩენით გაცილებით მეტი სიკეთის გაკეთება შემეძლო, ვიდრე წამოსვლით“. როგორც მან 1926 წლის 13 მაისს თემთა პალატას განუმარტა, ხელმძღვანელობის მიზანი იყო ბრძოლის გამოგლეჯა „მათ ხელიდან, ვინც შეძლებდა გარკვეული კონტროლის დამყარებას“.
კონსერვატორმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯოინსონ-ჰიქსმა, რომელიც საყოველთაო გაფიცვის დამარცხების მიზეზებს აანალიზებდა, მთავარ მიზეზად წამოაყენა ის, რომ „პროფკავშირის პასუხისმგებლობიანმა ლიდერებმა შეინარჩუნეს თავიანთი ძალა პროფკავშირებზე და აიღეს კონსტიტუციური კურსი, რომლის მიხედვითაც საყოველთაო გაფიცვა უკანონო იყო და იგი გააუქმეს“ (ჯოინსონ ჰიქსი, წერილი ტვიკენჰემის კონსერვატიულ ასოციაციას, 1926 წლის 14 აგვისტო).
იგივე პროცესი განვითარდა იტალიაში ქარხნების ოკუპაციასთან დაკავშირებით, სადაც რეფორმისტულმა ხელმძღვანელობამ ყველა სამთავრობო ძალა იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ქარხნები ვერ აღდგებოდა კაპიტალიზმში.
თუმცა ეს პირდაპირი გაფიცვა (რომლის მაგალითებიც ყოველწლიურად და თითქმის ყოველთვიურად მეტ-ნაკლებად ცნობილია მუშებისთვის ყველა ქვეყანაში) მხოლოდ კლასობრივი ფრონტის დეორგანიზაციისა და სამუშაო პროცესის დარღვევის უნივერსალური პროცესის უმარტივესი და უბრალო გამოხატულებაა — კაპიტალიზმისადმი ნდობის ქადაგება, მჭიდრო ალიანსები კლასობრივ მტერთან და ომი მებრძოლი მუშების წინააღმდეგ.
მხოლოდ სოციალ-დემოკრატიის მიერ მუშათა კლასის ფრონტის თვალსაჩინო და განმეორებითი შიგნიდან რღვევის შედეგად, მუშების დასუსტებისა და იმედგაცრუების შემდეგ, იხსნება გზა ფაშიზმის წინსვლისთვის.
საყოველთაო გაფიცვის ღალატს მოჰყვა მონდიზმი – პირველი ნაბიჯი ფაშიზმისკენ, რომელსაც იტალიური ფაშისტური პრესაც შეუერთდა (უნდა აღინიშნოს, რომ მონდმა ღიად დაადასტურა თავისი სიმპათია ფაშიზმის მიმართ).
მეორე ლეიბორისტული მთავრობის მეშვეობით მუშების წინააღმდეგ შეტევას 1931 წელს ეროვნული მთავრობის კენჭისყრა და ბრიტანეთში პირველი სერიოზული ფაშისტური მოძრაობის დასაწყისი მოჰყვა.
სოციალ-დემოკრატების მხრიდან ბრუნინგის დიქტატურის მხარდაჭერას მაშინვე მოჰყვა ფაშიზმის ფართო წინსვლა გერმანიაში.
ეს არის ძირითადი გზა, რომლითაც სოციალ-დემოკრატია დაეხმარა ფაშიზმს ხელისუფლებისკენ სვლაში — მუშათა კლასის ფრონტის დეზორგანიზებით, გაფიცვების ჩაშლით, კლასობრივი ბრძოლის უარყოფით, ლეგალიზმისა და კაპიტალიზმისადმი ნდობის ქადაგებით, ყველა მებრძოლი ელემენტის განდევნითა და პროფკავშირებისა და მუშათა კლასის ორგანიზაციების გახლეჩით.
კომუნიზმთან ომი სოციალ-დემოკრატიისთვის წინა პლანზე დგას. გერმანიის მაგალითმა აჩვენა, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პირდაპირი ალიანსი მილიტარიზმსა და სოციალ-დემოკრატიის თეთრგვარდიელებს შორის რევოლუციონერი მუშების დასამარცხებლად . მაგრამ კომუნიზმთან ომის სლოგანი არის ფაშიზმის ლოზუნგი. სოციალ-დემოკრატია და ფაშიზმი, ფაქტობრივად, კონკურენტ სერვისებს სთავაზობენ ბურჟუაზიას კომუნიზმის მკვლელობისთვის.
ომისშემდგომი პერიოდის განვითარებასთან ერთად, სოციალ-დემოკრატია სულ უფრო ეხმარება ფაშიზმისკენ წინსვლას, რაც ხელს უწყობს კაპიტალისტური მექანიზმისა და კაპიტალისტური დიქტატურის გაძლიერებას.
სოციალ-დემოკრატია ხელს უწყობს კაპიტალისტური მონოპოლიის განმტკიცებისთვის საჭირო ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელებას (რაციონალიზაცია და ა.შ.); ის მხარს უჭერს ბრუნინგისა და რუზველტის ყველა ტიპის გამძაფრებულ კაპიტალისტურ დიქტატურას და თავად ეხმარება გაძლიერებული დიქტატურის ზომების დანერგვასა და სისრულეში მოყვანაში. ეს შესამჩნევი იყო მეორე ლეიბორისტული მთავრობის პერიოდში, 1929-31 წლების ქვანახშირის მაღაროების აქტით და კანონპროექტით ლონდონში მოძრაობის შესახებ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ტექსტილის ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით, ასობით მუშის დაპატიმრებით, განაჩენით პროფკავშირების აქტის მიხედვით, ხელკეტით მმართველობითა და სამოცი ათასი დაპატიმრებით ინდოეთში. ასეთივე მეთოდებით ჩაახშო შინაგან საქმეთა მინისტმა სევერინგმა ბერლინში 1929 წლის 1 მაისის მუშათა დემონსტრაციები. ანალოგიურად, პრუსიის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ფაქტობრივად ტრაბახობდა საკუთარი თავდაცვით, რომ ამან „მარცხნივ უფრო მეტი სიკვდილი გამოიწვია, ვიდრე მარჯვნივ“:
„პრუსიის მთავრობას მოჰყავს პოლიციის სტატისტიკა რათა დაამტკიცოს, რომ პოლიციურმა ჩარევამ მეტი სიკვდილი გამოიწვია მემარცხენეებში, ვიდრე მემარჯვენეებში, და რომ პოლიციურმა ზომებმა უფრო მეტი ჭრილობა გამოიწვია მარცხნივ, ვიდრე მარჯვნივ.
(ბრაუნ-სვერინგის მემორანდუმი ჰინდენბურგს, რომელიც აპროტესტებს დეპონირებას:
- Z. am Mittag, 1932 წლის 19 ივლისი.)
დასკვნით ეტაპზე, როდესაც ფაშისტური მოძრაობა პირდაპირ ძალაუფლებას უახლოვდება, სოციალ-დემოკრატია საბოლოოდ ეხმარება ფაშიზმს, ერთიანი სამუშაო კლასის ფრონტის წინააღმდეგ ბრძოლითა და აკრძალვით, ერთადერთი საშუალებით ფაშიზმის ხელისუფლებაში მოსვლის თავიდან ასაცილებლად, იმედების კონცენტრირებით მოჩვენებითად ლეგალურ გზებში — თავდაცვა, კენჭისყრა, „დემოკრატია“, ზომიერი ბურჟუაზიული მთავრობები და ბოლოს, წინა-ფაშისტური და თითქმის ფაშისტური დიქტატურის, როგორც „ნაკლები ბოროტების“ მხარდაჭერაც კი (ბრუნინგი, დოლფუსი).
სწორედ სოციალ-დემოკრატი მინისტრი კარლ ზევერინგი, რომელიც კრძალავს და აუქმებს წითელ ფრონტს, მოიერიშე ჯარებს მოქმედების ნებას აძლევს.
ეს არის სოციალ-დემოკრატია, რომელიც უარს ამბობს ერთიანი ფრონტის შესახებ კომუნიზმის განმეორებით მოწოდებებზე, კრიტიკულ 1932 და 1933 წლის პირველ ნახევარში.
ეს ხაზი გარდაუვალს ხდის ფაშიზმის გამარჯვებას.
4. მუშათა კლასში განხეთქილების საკითხი.
ფაშიზმთან ერთიანი მუშათა კლასის ბრძოლის გადამწყვეტ მნიშვნელობას დღეს ყველა ხედავს, განსაკუთრებით გერმანიაში განხეთქილების დამღუპველი მაგალითის შემდეგ.
მიუხედავად გერმანიის მაგალითისა, სოციალ-დემოკრატია აგრძელებს ერთიანი ფრონტის უარყოფას და ეწინააღმდეგება მას ყველა ქვეყანაში. ამავდროულად, ერთიანი ფრონტის პირდაპირ უარყოფასთან ერთად, სოციალ-დემოკრატია ხშირად ცდილობს არასწორად წარმოაჩინოს მუშათა კლასის განხეთქილების მიზეზი კომუნიზმისა და კომუნისტური ინტერნაციონალის გამო, რომლებსაც მუშათა კლასის გამხლეჩ ძალებად ყოფნაში ადანაშაულებენ.
ამიტომ აუცილებელია ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის, მუშათა კლასში განხეთქილებისა და მისი მიზეზების შემდგომი განხილვა.
მუშათა კლასის განხეთქილების ანალიზი, თითქოს იგი გამოწვეულია კომუნიზმისა და კომუნისტური ინტერნაციონალის მიზეზით, არასწორია როგორც ისტორიულად, ისე დღევანდელ პრაქტიკაში.
მუშათა კლასის განხეთქილება თარიღდება 1914 წლიდან, ჯერ კიდევ კომუნისტური ინტერნაციონალის არსებობამდე. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიების დომინანტურმა ოფიციალურმა ხელმძღვანელობამ მიატოვა თავისი დაპირებები და ვალდებულებები ჯერ კიდევ ინტერნაციონალამდე, პირდაპირ შეეწინააღმდეგა იმ პრინციპებს, რომლებზე დაყრდნობითაც მათი პარტიები შეიქმნა და გადავიდა კაპიტალიზმთან გაერთიანებაში. განხეთქილება ფორმალური მაშინ გახდა, როდესაც ამ მთავრობამ გააძევა ის დეპუტატები, რომლებმაც ხმა ომს მისცეს, შესაბამისად, მათი საერთაშორისო ვალდებულებებთან და მხარდამჭერ სექციებთან ერთად. ეს ყველაფერი უკვე მოხდა
ომის დროს, სანამ კომუნისტური ინტერნაციონალი იარსებებდა. იმის მტკიცება, რომ პასუხისმგებლობა განხეთქილებაზე რევოლუციონერს უნდა დაეკისროს, არის იმის მტკიცება, რომ ლიბკნეხტს ომისთვის უნდა დაეჭირა მხარი.
განხეთქილება გაღრმავდა, როდესაც იმპერიალისტური ომის საკითხი გადაიზარდა მუშათა კლასის რევოლუციისა თუ თეთრი გვარდიის მხარდაჭერის საკითხად მუშათა რევოლუციის ჩახშობაში. მენშევიკები ცარისტებთან და უცხოურ იმპერიალიზმთან გაერთიანდნენ, რათა მუშათა მმართველობის წინააღმდეგ იარაღი აეღოთ; გერმანიის სოციალ-დემოკრატმა ლიდერებმა შეაიარაღეს კონტრრევოლუციონერ ოფიცერთა კორპუსი რევოლუციონერი მუშების ჩასახშობად. 1914 წლის განხეთქილება სამოქალაქო ომამდე მივიდა, რომელშიც სოციალ-დემოკრატია ბარიკადებზე კაპიტალიზმის მხარეს იყო. შეიქმნა გადაულახავი ბარიერი – ისეთივე გადაულახავი, როგორც მუშათა კლასის გაყოფაა. მთელი ეს პროცესები 1914-1919 წლებში უკვე განვითარდა და სრულიად გამოავლინა მუშათა კლასის დაყოფის მიზეზი — მუშათა ბანაკში იმპერიალისტური ფრთის არსებობა, სანამ რევოლუციური კომპონენტები ქმნიდნენ კომუნისტურ ინტერნაციონალს, 1919 წელს. განხეთქილების მიზეზად კომუნისტური ინტერნაციონალის მიჩნევა, არის თავად შედეგის მიჩნევა გამომწვევ მიზეზად.
ლენინმა კომუნისტური ინტერნაციონალის ჩამოყალიბებისკენ მოწოდება უკვე 1914 წლის შემოდგომაზე გააკეთა, მხოლოდ მას შემდეგ, და იმიტომაც, რომ სოციალ-დემოკრატი მმართველების უმრავლესობამ გაანადგურა ძველი, მეორე ინტერნაციონალი, ფეხქვეშ გაიგდო საერთაშორისო სოციალიზმი და ღიად გაერთიანდა კაპიტალიზმთან. საერთაშორისო სოციალიზმისთვის ბრძოლის გაგრძელებისთვის სხვა გზა აღარ არსებობდა.
აშკარაა, რომ განხეთქილების პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იმ ხალხს, რომლებმაც მიატოვა პარტიული პროგრამა და გაერთიანდა კაპიტალიზმთან და არა მათ, ვინც პარტიის პროგრამის ერთგულად დარჩა და განაგრძო ბრძოლა კაპიტალიზმთან. ეს პასუხისმგებლობა, 1914 წლიდან მოყოლებული, 1917-21 წლების სამოქალაქო ომებით გაგრძელებული, დღესაც გრძელდება. სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების ერთობა კაპიტალიზმთან, გარდაუვალად ყოფს მუშათა კლასს და განხეთქილების მიზეზია. სწორედ ეს არის განხეთქილების საფუძველიც.
თუმცა, მუშათა კლასის ორგანიზაციებში ამ განხეთქილების გათვალისწინებით, რომლის დაძლევა მხოლოდ მშრომელთა მასის ხელახალი ორგანიზებით (ბრძოლით, იდეოლოგიური დაპირსპირებით, გამოცდილებით დარწმუნებით) და კაპიტალიზმთან კლასობრივი ბრძოლით, ანუ კომუნიზმის საფუძველზეა შესაძლებელი – აქტუალური საკითხი ხდება დღევანდელ საერთო ბრძოლაშიც, კაპიტალისტური და ფაშისტური შემოსევების წინააღმდეგ. აშკარაა, რომ ამ სიტუაციაში საჭიროა, ყველა მშრომელი და მუშათა კლასის ორგანიზაცია, როგორიც არ უნდა იყოს მათი პოლიტიკური შეხედულება, გაერთიანდეს საერთო ფრონტზე გადაუდებელი ბრძოლისთვის, სადაც ამ ბრძოლის ფუნდამენტზე მაქსიმალური შეთანხმება იქნება მიღწეული. ამისკენ კომუნისტური ინტერნაციონალი 1921 წლიდან მუდმივად იღვწოდა.
მაგრამ სწორედ აქ სოციალ-დემოკრატია, თავდაპირველი განხეთქილების გამოწვევის შემდეგ, აგრძელებს და აღრმავებს მუშათა კლასის განხეთქილებას ერთიან ფრონტთან დაპირისპირებით, მისი მხარდამჭერი ყველა ნაწილისა და მუშათა კლასის ორგანიზაციების განდევნით, რათა საკუთარი დომინაცია შეინარჩუნოს.
ეს მკაფიოდ ჩანს პროფკავშირების საკითხში. კომუნისტური ხაზი გულისხმობს ერთ, გაერთიანებულ პროფკავშირულ ორგანიზაციას, რომელიც მოიცავს ყველა მუშაკს, მათი პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად, რომლის შიგნითაც რევოლუციონერი მუშები თავიანთი შეხედულებების თუ წინადადებების პროპაგანდას პროფკავშირული დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად აწარმოებენ. სოციალ-დემოკრატია უარყოფს ამ ხაზს და ცდილობს პროფკავშირის წევრობა ან აქტიური წევრობა (დელეგატური თანამდებობები, ოფიციალური თანამდებობები) დამოკიდებული გახადოს რეფორმისტული შეხედულებების შენარჩუნებაზე, ლეიბორისტული პარტიის პროგრამის გაფორმებაზე და ა.შ. ამ მიზნის მისაღწევად სოციალ-დემოკრატიული პროფკავშირის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ აძევებს არა მხოლოდ პროფკავშირის ცალკეულ წევრებს (ხშირად გამოჩენილ მებრძოლებს, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ბრძოლაში და არჩეულნი არიან სათავეში თავიანთი თანამოაზრეების მიერ არჩევნების გზით), არამედ, სოციალ-დემოკრატიის ბატონობის შესანარჩუნებლად, მთელ სექციებსა და ორგანიზაციებს და უმრავლესობასაც კი, თუ კი ეს უმრავლესობა გამოხატავს რევოლუციურ თვალსაზრისს.
აშკარაა, რომ გაერთიანებებში სოციალ-დემოკრატიის ეს სისტემა ნიშნავს პროფკავშირების, როგორც მუშათა გაერთიანებული ორგანიზაციების, განადგურებას. სოციალ-დემოკრატები ხშირად ახსენებენ „წითელი გაერთიანებების“ არსებობას, როგორც კომუნიზმის როლის მტკიცებულებას პროფკავშირული მოძრაობის გახლეჩაში. თუმცა, მათ უმრავლესობას, ვინც ამ ბრალდებებს დადებითად აფასებდნენ, არ ესმით, რომ წითელი გაერთიანებები, ისტორიულად განვითარდნენ გახლეჩილი პროფკავშირული მოძრაობის ქვეყნებში სოციალ-დემოკრატიული დევნისა და პროფკავშირული დემოკრატიის უარყოფის პოლიტიკის შედეგად.
შოტლანდიელი მაღაროელების შემთხვევა ამ პროცესის კლასიკური მაგალითია ბრიტანეთში, სადაც კავშირის წევრთა უმრავლესობამ კონსტიტუციურად აირჩია ახალი აღმასრულებელი და ოფიციალური პირები აბსოლუტური რევოლუციური უმრავლესობით. თუმცა, ძველმა რეფორმისტმა აღმასრულებელმა და ჩინოვნიკებმა უარი თქვეს თანამდებობის დატოვებაზე და განაგრძეს ორი უმსხვილესი ოლქიდან ერთ-ერთი, ფაიფის ოლქის გაძევება; ერთიანობისთვის არსებული ყველა კონსტიტუციური ძალისხმევის ამოწურვის შემდეგ, რევოლუციური უმრავლესობა იძულებული გახდა შეექმნა შოტლანდიის მაღაროელების გაერთიანებული კავშირი. ამის მსგავსად, საფრანგეთში C.G.T.U. ან შრომის უნიტარული კონფედერაცია (რევოლუციური) მხოლოდ 1921 წლის ბოლოს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც რევოლუციონისტმა პროფკავშირის წევრებმა მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა შრომის ძველ კონფედერაციაში. ძველი რეფორმისტული ხელმძღვანელობა ამ უმრავლესობას გაძევებათა სერიით შეხვდა, რათა იგი უმცირესობაში მოექცია; C.G.T.U.-ს დამფუძნებელ კონგრესს რეალურად ესწრებოდა გაერთიანებათა უმრავლესობა (1,564), რომელიც მიეკუთვნებოდა ძველ C.G.T.-ს. განხეთქილებაზე პასუხისმგებლობა რეფორმისტებს დაეკისრათ.
სოციალ-დემოკრატიის მიზანი, პროფკავშირების ამგვარი გახლეჩის გზით შეენარჩუნებინა თავისი დომინაცია, მკაფიოდ იყო გაცხადებული გენერალური საბჭოს სპიკერის მიერ 1926 წლის პროფკავშირების ყრილობაზე, უმცირესობის მოძრაობის წევრთათვის პროფკავშირების გენერალურ საბჭოში არჩევის აკრძალვის დასაცავად: „თუ საბჭო დათანხმდება ამ წევრობას, უმცირესობის მოძრაობა უმოკლეს დროში გახდება უმრავლესობა“.
(ა. კონლი, გენერალური საბჭო, ბორნმუთის პროფკავშირების კონგრესზე, 1926: ჰერალდის ყოველდღიური ანგარიში, 8 სექტემბერი, 1926 წ.)
ამრიგად, რევოლუციური უმცირესობის უმრავლესობად ქცევის თავიდან ასაცილებლად, პროპაგანდისა და დარწმუნების კონსტიტუციური საშუალებებით, რეფორმისტულმა მმართველობამ გაატარა პროფკავშირების ჩამოშლის დამღუპველი პოლიტიკა.1928 წელს სუონსის პროფკავშირების კონგრესზე მაღაროელთა ფედერაციის პრეზიდენტმა გაამჟღავნა, თუ რა დონეზე იყვნენ მზად ამ პოლიტიკის განსახორციელებლად:
„თუ მოძრაობის დაღუპვაზე ვისაუბრებთ, მე მირჩევნია მყავდეს 50 პატიოსანი, ვიდრე 500 იმიტირებული ადამიანი; და თუ ჩვენ მოგვიწევს მოძრაობის ძირითადი ნაწილის განდევნა, მე მზად ვარ ამის გასაკეთებლად“.
ანუ, რეფორმისტული მმართველობა მზადაა „მოძრაობის ძირითადი ნაწილი განდევნოს“, წევრთა რაოდენობა მეათედამდე შეამციროს და ცხრა მეათედი განდევნოს, ვიდრე რევოლუციური უმრავლესობის გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ნათელს ფენს „დემოკრატიის“ ლეიბორისტულ ან სოციალ-დემოკრატიულ კონცეფციას, რომლის პრინციპიც ხშირად გამოიყენება ერთიანი ფრონტის წინააღმდეგობის მიზეზად. ანალოგიურად, 1927 წელს პროფკავშირების კონგრესის დელეგატმა ამერიკის შრომის ფედერაციაში, შერვუდმა, გენერალური და მუნიციპალური მუშაკების სახელით, ლოს-ანჯელესის კონვენციაზე გამოსვლისას, თქვა:
”ჩვენი ორგანიზაციის 15 000-ზე მეტმა ფილიალმა უარი თქვა ჩვენი გენერალური საბჭოს მითითებების შესრულებაზე. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ უბრალოდ დავამსხვრიეთ ეს ფილიალები… ჩვენი გენერალური საბჭოს ორ წევრს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მსხვილ სფეროებს წარმოადგენდნენ, თუმცა უმცირესობათა შეხვედრებზე დადიოდნენ, ჩვენ ვუთხარით: „მოაწერეთ ხელი დეკლარაციას ან წადით“, გამოვიდა რომ მათ წასვლა მოუწიათ”.
ეს არის თვალსაჩინო ილუსტრაცია, რომელიც აქ შეგნებულად არის მოყვანილი ბრიტანული პროფკავშირებიდან, სადაც პროცესი ყველაზე ბოლოს და ნელა განვითარდა. შეიძლება ამას უფრო ძლიერი სახით ვხვდებოდეთ ევროპის სხვა ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში. კერძოდ, გერმანიაში, სადაც რევოლუციური მოძრაობა ყველაზე ძლიერი იყო. სოციალ-დემოკრატიულმა პოლიტიკამ, რომელიც კონტროლის შესანარჩუნებლად გაერთიანებებს პროფკავშირებიდან გაძევებით ანადგურებდა, დიდი როლი ითამაშა მუშათა კლასის რღვევასა და ფაშიზმის გამარჯვებისთვის გზის გაკვალვაში. ეს ხდება ერთიანი ფრონტის უარყოფის ზოგადი პოლიტიკის პარალელურად.
ამ ხაზის კრიტიკა ეფუძნება პირობების გაგების ნაკლებობას. ზემოდან გაერთიანებული ფრონტის პოლიტიკა, ქვევიდან გაერთიანებული ფრონტის პოლიტიკის გვერდით, პრინციპულად არასოდეს გამორიცხულა კომუნისტური ინტერნაციონალის მიერ და არაერთხელ იქნა გამოყენებული შესაფერის მოცემულობაში; მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს სხვადასხვა პერიოდებსა და სიტუაციებში არსებულ პირობებს. როდესაც სოციალ-დემოკრატებისგან განცალკევებული შინაგან საქმეთა მინისტრი 1929 წელს მუშათა პირველი მაისის დემონსტრაციებს არბევდა, მიმართვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობისადმი ერთიანი ფრონტზე მუშებზე თავდასხმის წინააღმდეგ, უკიდურესად უაზრო იქნებოდა. როგორც კი ფონ პაპენის მიერ ბრაუნ-სევერინგის მთავრობის გაძევების შესაძლებლობა დადგა, კომუნისტურმა პარტიამ დაუყოვნებლივ მიმართა თავისი წინადადებით ერთიანი ფრონტის შესახებ პირდაპირ სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და გენერალური პროფკავშირების ფედერაციის აღმასრულებლებს. ამ ორგანოების მიერ ერთიან ფრონტზე უარის თქმამ დააკანონა ფაშიზმის გამარჯვება.
შენიშვნები:
[1] გერმანული ფიურერბრიფე [გერმ. Deutsche Führerbriefe] წარმოადგენდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კერძო კორესპონდენციას, რომელიც 1928 წლიდან ქვეყნდებოდა კიოლნში და 1929 წლიდან ბერლინში. ეს კორესპონდენცია არ იყო ხელმისაწვდომი საჯაროდ და განკუთვნილი იყო მხოლოდ მრეწველობის, სახელმწიფო ბიუროკრატიის და მსხვილი ფერმერებისთვის. 1932 წლისთვის მისი ტირაჟი 1250 ეგზემპლარი იყო და ქვეყნდებოდა კვირაში ორჯერ. 1933 წლიდან, გერმანულ ფიურერბრიფეს ეწოდა Deutsche Briefe, რათა თავიდან აეცილებინათ აშკარა პოლიტიკური ასოციაცია ადოლფ ჰიტლერთან. გამოცემა შეწყდა 1935 წელს.
[2] მემარცხენე სოციალ-დემოკრატები ხშირად ამბობენ კომუნიზმზე: „ჩვენი მიზნები ერთი და იგივეა; ჩვენ განვსხვავდებით მხოლოდ ჩვენი მეთოდებით“. სოციალ-დემოკრატიასა და ფაშიზმზე უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: „მათი მიზნები ერთია (კაპიტალიზმის გადარჩენა მუშათა კლასის რევოლუციისგან); ისინი განსხვავდებიან მხოლოდ თავიანთი მეთოდებით“.
[3] იგულისხმებიან ცოლ-ქმარი ბეატრის და სიდნი ვებები. ბრიტანელი სოციალისტები, ეკონომისტები და რეფორმატორები, რომელთა ნაშრომები მოიცავს ლეიბორისტული პარტიის, მშრომელთა ორგანიზაციების, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების კრიტიკულ ანალიზს. დიდი წვლილი მიუძღვით ფაბიანური საზოგადოების ჩამოყალიბებაში. თანამოაზრეებთან ერთად, ასევე იყვნენ დღესდღეობით ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, ლონდონის ეკონომიკის სკოლის [London School of Economics, LSE] დამფუძნებლები.
[4] ფრაზას „მეთერთმეტე საათი“ ბიბლიური წარმოშობა აქვს; იგი მომდინარეობს მათეს სახარებიდან, სადაც ბოლო წუთებში, სხვების შემდეგ დაქირავებულ რამდენიმე მუშაკს, იმავე ხელფასს უხდიან. ფრაზის მნიშვნელობა წლების განმავლობაში ოდნავ შეიცვალა, მაგრამ დღესდღეობით რაღაცის გაკეთება მეთერთმეტე საათზე ნიშნავს რაღაცის წკიპზე მოსწრებას (მთარგმნ. შენიშვნა).
[5] შეადარეთ ბრიტანეთის პირველი ლეიბორისტული პრემიერ-მინისტრის, მაკ დონალდის 1924 წლის განცხადება ზინოვიევის ყალბ წერილთან დაკავშირებით:
„ვინ არის ის, ვინც ბოლშევიზმის წინააღმდეგ იდგა? ლიბერალებს არანაირი წვლილი არ შეუტანიათ, ტორიელებს არაფერი…
მთელი სამუშაო ლეიბორისტების ლიდერებისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერების მიერ გაკეთდა“ (ავტ. შენიშვნა).

მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა ამ იდეოლოგიას. მაგრამ სოციალ-დემოკრატია კრიზისს თავისი თეორიების გაფართოებით მოერგო. როგორც მან განაცხადა, ახლა საჭირო იყო, კაპიტალიზმის „გადარჩენა“ ქაოსისა და პროლეტარული რევოლუციისგან. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლაიფციგის კონგრესმა 1931 წელს გამოსცა მოწოდება: „ჩვენ ექიმების მსგავსად უნდა ვუწამლოთ დაავადებულ კაპიტალიზმს“. ემილ ვანდერველდემ, მეორე ინტერნაციონალის თავმჯდომარემ, 1932 წელს ბელგიის დეპუტატთა პალატაში გამოაცხადა: „კაპიტალისტურ სისტემას ყველა მხრიდან ბზარები უჩნდება. მისი გადარჩენა მხოლოდ სერიოზული და გადაუდებელი ზომებითაა შესაძლებელი. მეთერთმეტე საათზე ვართ . იზრუნეთ, რომ პროლეტარიატმა, ისევე როგორც სამსონმა, ტაძრის სვეტები არ ჩამოანგრიოს“. (ე. ველვედერე, ხალხი, 7 მაისი, 1932 წ.)