ილია ჭანტურია – სტუდენტების პროტესტი გრძელდება

თითქმის ორი თვეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების პროტესტი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გაძვირებული ბინების გამო, ათასობით სტუდენტი ვერ ახერხებს თბილისში ჩამოსვლას და სააუდიტორიო სწავლებაზე დასწრებას. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაიწყო საუბარი ჰიბრიდულ სწავლებაზე, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ჰიბრიდულად სწავლება სრულად ჯერ არცერთ ფაკულტეტზე არ დაწყებულა, ზოგიერთი ფაკულტეტი კი სრულად სააუდიტორიო სწავლებაზე რჩებს. როგორც სტუდენტები ამბობენ, ლექტორებს ჰიბრიდული სწავლება საკუთარი რესურსებით უწევთ.

ადმინისტრაცია ასევე არ ცვლის გადაწყვეტილებს გამოცდების დასწრებით ფორმატთან დაკავშირებით, მათ სტუდენტებს 3 საგამოცდო ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ახალციხე შესთავაზეს, მიუხედავად ამისა, სტუდენტები ამბობენ, რომ ეს ვერ გადაჭრის პრობლემას, რადგან ისინი ან ვერ მოახერხებენ ამ ქალაქებში ჩასვლას და დარჩებიან დასკვნითი გამოცდების მიღმა ან მოუწევთ ორმაგი რესურსების გაღება.

სტუდენტები ასევე ელოდებიან პასუხს, სტუდენტურ საცხოვრებელთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც გიორგი შარვაშიძე ამბობს, კერძო ინვესტორმა უნდა ააშენოს და რომლის ქირაც საკმაოდ მაღალი იქნება. სტუდენტები ამბობენ, რომ მათ ღირსეული და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სჭირდებათ.

შესაბამისად, სტუდენტები ორშაბათს, 23 მაისს, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, კიდევ ერთ აქციას გამართავენ.

გაზიარება