ძირითად დროთა წარმოება

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

„…მარტო არსებული ეთნოლოგიური და

ენათმეცნიერული წყაროების გამოყენებითა და მხოლოდ

ქართულ-ქართველური ენოვანი მასალის ანალიზით

ქართველთა სადაურობისა და უძველესი კულტურის

საკითხების გამორკვევა და გადაჭრა შეუძლებელია.

ამისთვის ე.წ. კავკასიური ერებისა და ენების

ეთნოგრაფიული და ლინგვისტიკური მასალების გამოყენება

მაინც აუცილებლად საჭიროა“

– ივანე ჯავახიშვილი; „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა.“

1993 წლის 30 სექტემბერს დაეცა გალი და ენგურს მიღმა რუსული საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. პერიფერიის იმპერიის სამხედრო ძალებმა და მათმა მოკავშირე მარიონეტულმა მთავრობამ ჩაიდინა უამრავი სამხედრო დანაშაული და დღემდე ფაშისტურ პოლიტიკას ატარებს აფხაზეთში. საოკუპაციო რეჟიმის პირობებში, უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობენ აფხაზები, სადაც მხოლოდ მცირერიცხოვანი დაწინაურებული კლანი იღებს სარგებელს. განსაკუთრებით მძიმეა აფხაზეთში ქართველების ბედი. ბევრი ქართველი დღემდე ცხოვრობს გალის რაიონში, მათ რეჟიმი დაქვემდებარებულ, მეორეხარისხოვან ხალხად თვლის და ართმევს თავისუფლებას.

პირველად, საოკუპაციო რეჟიმის დამყარების შემდეგ, 2021 წლის სასწავლო წელი დაიწყება ისე, რომ აფხაზეთის არცერთ სკოლაში ერთი მოსწავლეც აღარ ისწავლის ქართულად.

ქართული ენის აკრძალვისთვის მრავალი წელი მუშაობდა საოკუპაციო რეჟიმი, თავდაპირველად, ქართული განიდევნა ოჩამჩირის და ტყვარჩელის სკოლებიდან. წელს, ქართული აიკრძალა გალის ყველა სკოლაში.

რუსული საოკუპაციო ხელისუფლება ამ დანაშაულს აფხაზური ადმინისტრაციის ხელით აკეთებს. რუსებთან გარიგებული ჩინოვნიკები დაკვეთას მორჩილად ასრულებენ, რადგან ამ ძალებმა არა მხოლოდ ქართული ენის განათლების კერების მოსპობა დაიწყეს აფხაზეთში, არამედ იგივე გააკეთეს აფზახური ენის საკითხთან მიმართებითაც.

დღეს აფხაზეთში, აფხაზურ ენაზე არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. მშობლიურ ენას მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობენ, ისიც ფორმალურად. აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას და ამას, პირველ რიგში, ადგილობრივი ბიუროკრატია მიესალმება. მათმა უმრავლესობამ საერთოდ არ იცის აფხაზური (მიუხედავად იმისა, რომ ჩინოვნიკებს ამას კანონმდებლობა ავალდებულებთ), ან იმდენად უხეიროდ ამტვრევს, რომ ვერასოდეს გაბედავს საჯაროდ ესაუბროს ხალხს.

აფხაზურ ენაზე არ მიმდინარეობს სწავლება სკოლებში და, რა თქმა უნდა, არც უმაღლეს სასწავლებელში. აფხაზურ ენაზე არ იქმნება სამეცნიერო და ლიტერატურული ტექსტები, რაც ენას გაქრობის საფრთხეს უქმნის.

ენის სიკვდილი ის საკითხია, რომელიც აფხაზებისთვის მუდმივი საფიქრალი იყო. მათ კარგად იციან, რომ რუსული იმპერიის პოლიტიკამ მთლიანად გაანადგურა აფხაზთა ნათესავი უბიხები და ამ ხალხის ენა გააქრო.

*

აფხაზურ ენაზე დაწერილ ყველაზე დიდ რომანში, ბაგრატ შინკუბას ,,უკანასკნელი უბიხი’’, მოთხრობილია ენათმეცნიერ შარახ ქვაძბას შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმის წინააღდეგ მიდის საომრად. ენათმეცნიერი პეტერბურგში ნიკო მარის ლექციებს ისმენდა და იკვლევდა კავკასიურ ენებს. ომში წასვლამდე სახლში ჩაიკეტება და სწრაფად ჩაიწერს სამეცნიერო ექსპედიციის მიმოხილვას თურქეთში, სადაც უბიხურ ენაზე მოსაუბრე უკანასკნელ კაცს შეხვდა. მეომარი სოხუმში აღარ დაბრუნებულა. ამბობენ, რომ ომის უკანასკნელ დღეებამდე იტალიელ პარტიზანებთან ერთად იბრძოდა, იქ დაიღუპა და საძმო სასაფლაოზე დაკრძალეს. მრავლისმეტყველია, რომ აფხაზი მეომარი ენათმეცნიერი იყო, რადგან „ენების მთის ხალხისთვის“ ამ დარგის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

სხვა მეომარიც იყო და ის ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟი არ ყოფილა.

1938 წლის შემოდგომაზე (ამ დროს შარახმა არ იცოდა, რომ ომში გაიწვევდნენ) სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში 27 წლის მეცნიერი, ქეთევან ლომთათიძე იწყებს ზოგადი ენათმეცნიერების კურსზე ლექციების კითხვას.

ახალგაზრდა ენათმეცნიერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, იკვლევდა აფხაზურ, აბაზურ, უბიხურ, ადიღეურ და სხვა კავკასიურ ენებს. მისი მასწავლებელი სიმონ ჯანაშია იყო, რომლის ხელმძღვანელობით, 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,ძირითად დროთა წარმოება აფხაზურში’’. ახალგაზრდა ენათმეცნიერს, ამ დროისათვის, უკვე დაწერილი ჰქონდა მრავალი სამეცნიერო გამოკვლევა მთის იბერიულ-კავკასიური ენების შესახებ.

ქეთევან ლომთათიძე გურიაში დაიბადა. მისი მეგობრები იხსენებენ, რომ ქეთევანს სურდა მათემატიკოსი გამხდარიყო, რათა დაემტკიცებინა, რომ ქალებსაც შეეძლოთ ამ დარგში წარმატების მიღწევა. საბოლოოდ, ენათმეცნიერება აირჩია და გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელსაც ჰუმანიტარულ მეცნიერებებში დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. სტუდენტობისას ის მონაწილეობდა მრავალ სამეცნიერო ექსპედიციაში, სწავლობდა ქართული ენის დიალექტებს. მეცნიერულად შეისწავლა ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებები (ეგნატე ნინოშვილის „პარტახის“ აკადემიური გამოცემა აკაკი შანიძის რედაქტორობით. დედანი აღადგინა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ქ. ლომთათიძემ. თბილისი, 1935).

მომდევნო წლებში მან თავისი ცხოვრება მთლიანად მიუძღვნა კავკასიის ენების მეცნიერულ შესწავლას. სამეცნიერო ექსპედიციებით შემოიარა მთელი კავკასია. განსაზღვრა აფხაზური ლიტერატურული ენის განვითარება და შექმნა გრამატიკის სახელმძღვანელოები. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომებია: ,,რედუპლიკაციის ფუნქციებისათვის აფხაზურში’’, „ერთეულის კატეგორია და მისი მაწარმოებლები აფხაზურში“„მიმართებითი ნაცვალსახელები აფხაზური ენის ზმნურ ფორმებში“ , „გარდამავლობის კატეგორია აფხაზურ ზმნებში“, „ბრუნების საკითხი აფხაზურში“. 1988 წელს სოხუმში გამოვიდა მისი წიგნი ,,აფხაზური ენის საკითხები’’.

ქეთევან ლომთათიძე თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში უძღვებოდა ენათმეცნიერების მიმართულებას და ხელმძღვანელობდა ამ დარგის ინსტიტუტს.

მრავალი წელია, დიდი ენათმეცნიერის ნაშრომები სრულიად მივიწყებულია, რადგან მისი ხედვა, საქართველოს ისტორიის შესახებ, ეწინააღმდეგება ჩვენში დღეს გაბატონებულ იდეოლოგიას. რა თქმა უნდა, ქეთევან ლომთათიძის ღვაწლს არც საოკუპაციო ხაზს მიღმა აქვს დაფასება. გულუბრყვილობა იქნებოდა, რუსული ფაშისტური რეჟიმისგან და მშობლიური ენის არმცოდნე ადგილობრივი ჩინოვნიკებისგან მსგავსი მოლოდინი გვქონოდა.

*

1956 წელს ქეთევან ლომთათიძემ დაწერა სტატია აფხაზთა ვინაობის შესახებ, რეცენზია პავლე ინგოროყვას ,,გიორგი მერჩულეზე’’. ამ სტატიაში ენათმეცნიერმა თავისი მასწავლებლის, სიმონ ჯანაშიას ხედვა გაიზიარა, დაეყრდნო ივანე ჯავახიშვილის ფუნდამენტურ შრომებს და გააკრიტიკა პავლე ინგოროყვას პოზიციები, რომ აფხაზები საქართველოში გვიან, მე-17 საუკუნეში დამკვიდრდნენ.

ქეთევან ლომთათიძე ივანე ჯავახიშვილის ნაშრომზე, სიმონ ჯანაშიას გამოკვლევებზე, დასავლეთ საქართველოს, გურიის ტოპონიმებზე და ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, ავითარებს აზრს, რომ აფხაზური და ჩერქეზული წარმოშობის ხალხი უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ქართველებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე.

„პავლე ინგოროყვა უგულებელყოფს იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ქართველები და აფხაზები მონათესავე ხალხებია; რომ მათი მონათესავე ენები შეიცავენ უძველეს საერთო წარმოშობის ენობრივ მასალას; უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ამ ხალხებს ერთიანი ისტორია ჰქონდათ,რაც დაკავშირებულია მათ უძველეს ერთიან წარმოშობასთან”.

ენათმეცნიერმა ენობრივ მასალაზე დაყრდნობით, სრულყოფილად წარმოაჩინა ქართულ, მეგრულ და ჩერქეზულ-აფხაზურ ენებზე მოლაპარაკე ხალხთა კავშირები, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.

,,რაც უფრო მივიწევთ აფხაზეთის ტერიტორიის ჩრდილო ნაწილისკენ, მით უფრო ნაკლებად შეიმჩნევა მეგრული გავლენა და თავს იჩენს ქართული გავლენა. ბზიფურ მეტყველებას ქართული ენის ისეთი ფაქტები ახასიათებს, როგორიც უცხოა უფრო სამხრეთით მდებარე აბჟუის მეტყველებისთვის, რომელზედაც მეგრულის გავლენა ჭარბობს’’ვკითხულობთ მეცნიერის ნაშრომში.

ქეთევან ლომთათიძემ გააკრიტიკა პავლე ინგოროყვას მცდელობები, რომელშიც იგი ზოგ აფხაზურ ტოპონიმს ხსნის ქართული ენით, რადგან მიიჩნევდა, რომ ამგვარი ზედაპირული ცდები საკითხში ჩახედული ყველა ადამიანისთვის შეუწყნარებელია. მან ეს ტოპონიმები განმარტა აფხაზურ და უბიხურ ენებზე. საპასუხოდ, ქეთევან ლომთათიძემ თავის ნაშრომში წარმოადგინა აფხაზეთში არსებული ის ტოპონიმები, რომლებიც მართლაც ქართული ენით განიმარტება ( სოხუმი/ ცხუმი, ღალიძგა, ტყაურუ,მუხური,წყურგილი,ჯიხახორა,კვიტაული, მერხეული), ასევე დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტოპონიმები, რომლებიც ჩერქეზულ-აფხაზური ენიდან იღებს სათავეს.

ცალკე განხილვის საკითხია აბაზების საკითხი (აშხარელები და თაპანთელები). პირიქითა აფხაზების, აშხარელთა ტომმა, რომელიც ამჟამად ჩრდილო კავკასიაში მდინარე იენჯუგის სანაპიროზე ცხოვრობს, საქართველოდან გადაიტანა გვართა ქართული ძე-ძა დაბოლოება. ამ გვართა რუსულად გამოთქმისას ისინი ახლა ძა-ს ჩამოაშორებენ და აფხაზურ ბას-ს ურთავენ. ტაპანთელების ენაში მან გამოკვეთა ქართული ენობრივი მასალა.

ყველა ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ქეთევან ლომთათიძე მიიჩნევდა, რომ აბაზების მიგრაცია დაიწყო აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით და არა, პირიქით, როგორც ამას ამტკიცებენ.

ენათმეცნიერმა ყურადღება დაუთმო აფხაზთა სამეფოს საკითხს. ,,აფხაზეთის სამეფო თავისი შინაარსით იყო, ქართული სამეფო. სხვა აზრი არ ჰქონია ამის შესახებ ამ საკითხის არცერთ სერიოზულ მკვლევარს. ეს აუცილებლობით გამომდინარეობს სათანადო ფაქტებიდან, მაგრამ ეს როდის გულისხმობს ამ ქართულ სახელმწიფოებრივს ერთეულში არ შედიოდნენ არ მონაწილეობდნენ აფხაზები (აფხაზურ ენაზე მეტყველი ტომებიც) ისევე , როგორც მეგრელ ჭანები და სხვანები. პირიქით, ქართული კულტურის მაღალი მაჩვენებელია აღნიშნულ ეპოქაში სწორედ ის ფაქტი, რომ აფხაზები, რომ აფხაზეთის მესვეურები ქართული კულტურის წარმომადგენლები არიან’’ -წერს ქეთევან ლომთათიძე.

*

მომდევნო წლებში ისტორიკოსების დიდმა ნაწილმა პავლე ინგოროყვას შეხედულებებს დაუჭირა მხარი, დამოუკიდებელ საქართველოში ეს შეხედულება საერთოდ უალტერნატივოდაა გამოცხადებული. საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა თანამედროვე ქართულ აკადემიურ სივრცეში, შეიძლება ითქვას, რომ აკრძალულია. უფრო მეტიც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2018 წელს გამოცემულ ბიბლიოგრაფიის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:‘’ ქ. ლომთათიძე ასევე მონაწილეობდა პ. ინგოროყვას წიგნის „გიორგი მერჩულეს“ გამოცემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა აფხაზეთის ეთნიკური ისტორიის საკითხებს. მის ნაშრომში „აფხაზთა ვინაობისა და განლაგების ზოგი საკითხის შესახებ“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობის“ 1956 წლის მე-12 ნომერში, იმდროინდელ ქართულ ისტორიულ მეცნიერებაში მასობრივად გავრცელებულ პოზიციაზე დაყრდნობით გამოთქმულია აზრი, რომ აფხაზთა წინაპრები მუდამ ცხოვრობდნენ ამჟამინდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ეს ვარაუდი არ იყო მართებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში მეცნიერმა შეიცვალა თვალსაზრისი და მიიჩნევდა, რომ აფხაზთა წინაპრები XVI საუკუნის შემდეგ უნდა იყვნენ მოსულნი ამჟამინდელ საცხოვრისში’’.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ წიგნში არ არის დასახელებული ქეთევან ლომთათიძის ‘’სიცოცხლის ბოლო წლებში’’ შექმნილი ნაშრომები, სადაც უარყოფს თავის უწინდელ შეხედულებებს. უდავოა, რომ ასეთი ნაშრომი არც არსებობს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მეცნიერს უარი უნდა ეთქვა ივანე ჯავახიშვილის და სიმონ ჯანაშიას შრომებზეც.

სიზუსტისთვის, უნდა დავამატოთ, რომ ქეთევან ლომთათიძე აფხაზი და ჩერქეზი ხალხის უძველეს საცხოვრებლად არა მხოლოდ ამჟამინდელ ,,აფხაზეთის ტერიტორიას’’ მიიჩნევდა, არამედ მშობლიური, გურიის ტოპონიმების შესწავლის საფუძველზე, ვარაუდობდა, რომ აფხაზურ-ჩერქეზული მოდგმის ხალხი უძველესი დროიდან ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე და პავლე ინგოროყვას აკრიტიკებდა იმაშიც, რომ იგი აფხაზებისა და ქართველების ნათესაობას უარყოფდა.

რა თქმა უნდა, ამ პატარა წერილის მიზანი ვერ იქნება ამ ურთულესი სამეცნიერო პოლემიკის დროს წამოჭრილი არგუმენტების დაწვრილებით განხილვა, მაგრამ ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, რომ ის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება და ხანგრძლივ მეცნიერულ მუშაობას მოითხოვს.

*

ქეთევან ლომთათიძის შეხედულებების საფუძვლები კარგად რომ დავინახოთ, უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი მასწავლებლის სახელი, რომელიც ყველამ დაივიწყა.

პეტრე ჭარაია 1861 წელს ოჩამჩირეში, აფხაზურ სოფელში დაიბადა. მშობლები ადრე გარდაეცვალა და თბილისის სასულიერო სემინარია ბოლომდე არ დაუმთავრებია. ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო მასწავლებლად მუშაობა აფხაზეთში. მასწავლებელი, რომელიც ბავშვობიდან სრულყოფილად ფლობდა აფხაზურ ენას, იწყებს აფხაზურის მეცნიერულ შესწავლას. მისი წიგნი, რომელიც აფხაზური ენის სიღრმისეული კვლევაა, დაწერიდან დიდი ხნის შემდეგ, 1912 წელს გამოქვეყნდა. მან კრიტიკული შენიშვნები წამოაყენა აფხაზური ენის შესახებ მანამდე არსებულ ნარკვევებზე (როზენის რამდენიმე გვერდიანი მიმოხილვა, უსლარის ასევე მოკლე გრამატიკული ნარკვევი).

პარალელურად, პეტრე ჭარაია, ქართული ენის დასაცავადაც იბრძოდა აფხაზეთში. იმ დროისთვის, ქართულ ენაზე განათლების მიღებას რუსეთის იმპერია კრძალავდა, მაგრამ განმანათლებელი მალულად ავრცელებდა ქართულ წიგნებს.

მასწავლებლისთვის ქართული და აფხაზური, თითქოს, ორივე მშობლიური ენა იყო, ამიტომაც მან გამოკვეთა ამ ენებს შორის სიღრმისეული კავშირი და ნათესაობა, რაც სხვებისთვის წარმოუდგენლად რთული დასანახი იყო.

ამბობენ, რომ ივანე ჯავახიშვილს სურდა პეტრე ჭარაია, ახლადდაარსებულ პირველ ქართულ უნივერისტეტში მიეწვია, რათა აფხაზური ენის კურსი წაეკითხა, თუმცა მასწავლებელი მაშინ უკვე მძიმე სნეულებებით იყო დაავადებული. უკიდურესად რთულ პირობებში მუშაობამ და აფხაზეთში გარუსების პოლიტიკის წინააღდეგ ბრძოლამ, მას უკანასკნელი ძალები გამოაცალა. მისი მეგობარი მხოლოდ იაკობ გოგებაშვილი იყო, რომელიც გაჭირვებაში ჩავარდნილ ყველა მასწავლებელს უმართავდა ხელს. პეტრე ჭარაიამ 1919 წელს თავი მოიკლა. საუბედუროდ, მისი ღვაწლი სწრაფად დაივიწყეს, რადგან არც ეს შეხედულებები მოდიოდა თანხვედრაში გაბატონებულ იდეოლოგიასთან. ჩვენ მხოლოდ მკრთალი ცნობები შემოგვრჩა მასწავლებელზე, რომელიც ყველაზე უფრო ჭეშმარიტი ბრძოლის გზას გვიჩვენებდა – ერთი მხრივ, მეცნიერულად სწავლობდა აფხაზურ ენას და ასწავლიდა მშობლიურ ენას აფხაზ ახალგაზრდებს და მეორე მხრივ, რუსული იმპერიის ოფიციალური პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, დღევანდელი გალის სოფლებში ქართულს ასწავლიდა და ქართულენოვან წიგნებს ავრცელებდა. პეტრე ჭარაიას ასევე ეკუთვნის მეგრულ- ქართული ლექსიკონი, რაც კიდევ უფრო ნათელს ხდის თავისუფლებისთვის ბრძოლის თვალსაწიერს და მეცნიერული კვლევის ნამდვილ გზას.

ძველი მასწავლებლები, ქართული და აფხაზური ენის დასაცვად იბრძოდნენ რუსული იმპერიის წინააღდეგ, თუ მათ უკან არ დაიხიეს, მაშინ არც ჩვენ უნდა დავმარცხდეთ, პერიფერიის იმპერიასთან და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ჩინოვნიკების თუ ფაშისტი ბიუროკრატების წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაზიარება