სოციალ-დემოკრატია სასწაულის მოლოდინში

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე

1960-70-იან წლებში დასავლეთ ევროპა და სოციალ-დემოკრატია ერთმანეთისგან განუცალკევებელ ცნებებს წარმოადგენდნენ. დემოკრატიული თანამეგობრობის წევრი ყველა ქვეყანა თავის პრიორიტეტად კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობას აცხადებდა. მემარცხენე-ცენტრისტულ კონცეფციებს კონსერვატიული და ქრისტიანული ჯგუფებიც იზიარებდნენ. შედეგად, ძალიან მალე სოციალ-დემოკრატებმა ჰეგემონია კონტინენტის მთელ თავისუფალ ნაწილზე გაავრცელეს და არაერთი ხელისუფლების სათავეში მუშათა მოძრაობის მეთაურები მოიყვანეს, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის ისტორიაზე. გერმანიის კანცლერ ვილი ბრანდტს, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულოფ პალმეს, ავსტრიის კანცლერ ბრუნო კრაისკისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ უილსონს უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ მასობრივი დასაქმების, შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, საყოველთაო ჯანდაცვისა და განათლების, სამართლიანი საპენსიო სისტემის უზრუნველყოფა ავტორიტარიზმის დამყარების გარეშეც იყო შესაძლებელი. სოციალ-დემოკრატ ლიდერთა მცდელობები წარმატებული აღმოჩნდა, მათ მიერ დაფუძნებული უამრავი ინსტიტუტი დღემდე გამართულად ფუნქციონირებს, დასავლეთ ევროპის ყოველდღიურობა მემარცხენეების მიერ შექმნილი საჯარო სიკეთეების გარეშე ძნელად წარმოსადგენია.

1980-იანი წლებიდან სოციალ-დემოკრატიის დაღმასვლის ეპოქა დაიწყო და მსოფლიოში ნეოლიბერალიზმის ბატონობის ხანას დაედო სათავე. რეიგანისა და ტეტჩერის მომხრეებმა მთავარი შეტევა სახელმწიფოზე მიიტანეს. ეკონომიკურმა გლობალიზაციამ, პრივატიზაციის შეუჩერებელმა ტალღებმა, საჯარო და კერძო სექტორებს შორის საზღვრების ბუნდოვანებამ, სუპრანაციონალური ორგანიზაციებისა და კორპორაციების გაძლიერებამ სახელმწიფო ბერკეტებისგან გაძარცვეს, მას მხოლოდ „მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქციები დაუტოვეს. მაშასადამე, სოციალ-დემოკრატები თავიანთი იდეების განსახორციელებლად აუცილებელი მთავარი ინსტრუმენტის – ჩარევის უნარის მქონე სამთავრობო ხელისუფლების გარეშე დატოვეს, რამაც მემარცხენე-ცენტრისტების გავლენა და შესაძლებლობები უკიდურესად შეამცირა. სოციალ-დემოკრატების დასუსტება საზოგადოების სტრუქტურის დრამატულმა გარდაქმნამაც გამოიწვია. დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ტრადიციული მუშათა კლასი აღარ არსებობს, დეინდუსტრიალიზაციამ და ავტომატიზაციამ, მიგრაციამ, არასტაბილური სამუშაო ადგილების წარმოქმნამ, პოსტ-მატერიალისტური ღირებულებების აქტუალიზაციამ კლასობრივი ქსოვილის რღვევას შეუწყო ხელი, შედეგად, დემოკრატ სოციალისტებს თავიანთი ელექტორალური დასაყრდენიც გამოეცალათ. 1980-იანი წლებიდან ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტზე თავიანთი ადგილის მოპოვება სცადეს მწვანეთა პარტიებმა, რომელთაც უამრავი ახალგაზრდა და ქალაქში მცხოვრები ამომრჩეველი მოსტაცეს სოციალ-დემოკრატებს. საარჩევნო ველზე კონკურენციის გაძლიერება მომავალში უკიდურესი მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების ხარჯზეც მოხდა. ევროპელ სოციალ-დემოკრატებს გამანადგურებელი დარტყმა 1990-იანი წლების ბოლოს მიადგათ, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ტონი ბლერი, გერმანიის კანცლერად კი სოციალისტი გერჰარდ შრიოდერი აირჩიეს. ორივე ლიდერმა ე.წ. „მესამე გზის“ პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა, რაც გულისხმობდა უმნიშვნელოვანეს სოციალურ ვალდებულებებსა და ხარჯებზე უარის თქმას, ეკონომიკის დერეგულაციას, გადასახადების შემცირებას, საპენსიო ასაკის ზრდას, პრივატიზაციის ტემპების დაჩქარებას და ა.შ. მაშასადამე, ორი უდიდესი ევროპული ქვეყნის, ორმა გავლენიანმა, მემარცხენე-ცენტრისტმა ლიდერმა უარი თქვა მემარცხენე პოლიტიკაზე და სოციალ-დემოკრატია ნეოლიბერალიზმის მიზნებსა თუ ამოცანებს დაუქვემდებარა. შედეგად, ერთ დროს უძლიერეს პოლიტიკურ ოჯახს ოცდამეერთე საუკუნის ათიანი წლების მიწურულისთვის გადაშენების პირას მყოფ დინოზავრად მოიხსენიებდნენ. ზოგიერთ ქვეყანაში სოციალ-დემოკრატები პოლიტიკური ველის ყველაზე პატარა და შეუმჩნეველ ერთეულებად იქცნენ – მაგალითად, საფრანგეთის უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალისტმა ბენუა ამონმა მხოლოდ 6%-ის მოგროვება შეძლო, საბერძნეთის ბოლო საპარლამენტო კენჭისყრის დროს კი სოციალ-დემოკრატებმა მხოლოდ 8%-იან ნიშნულს ოდნავ გადააჭარბეს.

გერმანელი სოციალ-დემოკრატები ათწლეულთა გზაგასაყარზე

2017 წლის არჩევნები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისათვის (გსდპ) კატასტროფული აღმოჩნდა. ევროპარლამენტის ქარიზმატული და საყოველთაოდ ცნობილი თავმჯდომარის – მარტინ შულცის მეთაურობით ბრძოლაში ჩართულ პარტიას ანგელა მერკელის ბანაკის დამარცხების იმედი ჰქონდა. თავდაპირველად, რეიტინგები შულცის სასარგებლოდ მეტყველებდა, საბოლოოდ კი პოლიტიკურმა ძალამ ხმების მხოლოდ 20% მიიღო, რაც ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში მემარცხენე-ცენტრისტთა ყველაზე უარესი შედეგი გახლდათ.

პარტიის ხელმძღვანელთა ნაწილმა წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად „დიდ კოალიციებში“ მონაწილეობა დაასახელა („დიდი კოალიცია“ – არის სამთავრობო კოალიცია, რომელიც მთავარი მემარცხენე და მემარჯვენე პარტიებისგან შედგება. ანგელა მერკელი ოთხჯერ აირჩიეს გერმანიის კანცლერად, ოთხიდან სამ შემთხვევაში ის ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტის მეთაური გახლდათ) და უპირობოდ მოითხოვა პოლიტიკური პოლიტიკური ორგანიზაციის ოპოზიციაში გადანაცვლება. პარტიის საბჭომ ოპოზიციაში გადანაცვლების იდეა გაიზიარა, პარტიის ლიდერმა კი არაერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატების უარს ამბობდნენ მერკელთან თანამშრომლობასა და მთავრობის შემადგენლობაში შესვლაზე. მარტინ შულცმა გამორიცხა, რომ ქრისტიან-დემოკრატი კანცლერის ხელისუფლებაში მინისტრის თანამდებობაზე იმუშავებდა.

2017 წელს გერმანელებს ფედერაციული რესპუბლიკისათვის რეკორდული დრო – ექვსი თვე დასჭირდათ ახალი მთავრობის შემადგენლობის ჩამოყალიბებისათვის. ნახევარი წელიწადის განმავლობაში ქრისტიან-დემოკრატები სამთავრობო პროგრამაზე ვერ შეუთანხმდნენ ლიბერალებსა და მწვანეებს, შედეგად, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შუამავლობით იძულებულები გახდნენ კვლავ სოციალ-დემოკრატებთან ეწარმოებინათ მოლაპარაკებები. შულცი მერკელს მთავრობის ჩამოყალიბებაზე დათანხმდა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დასაკავებლად მოემზადა, რასაც პარტიის რიგითი წევრების აღშფოთება მოჰყვა. ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციაში შესვლის საკითხმა სოციალ-დემოკრატებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავა, საკითხი შიდაპარტიულ რეფერენდუმზე გადაწყდა, გსდპ ოპოზიციაში ვეღარ წავიდა, მაგრამ პარტიის ბაზისმა განაჩენი გამოუტანა მარტინ შულცს და ის, პირობის დარღვევისთვის ყველა თანამდებობიდან გადააყენა.

შულცის შემდეგ პარტიის ისტორიაში თავმჯდომარის პოსტი პირველად დაიკავა ქალმა, შრომისა და სოციალური საკითხების ექს-მინისტრმა ანდრეა ნალესმა, რომელიც ასევე მალე გაიქცა თანამდებობიდან. მისი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპარლამენტის არჩევნებზე პარტიის მიერ მხოლოდ 15%-ის აღება გახლდათ.

2018 წლის მიწურულს სოცილ-დემოკრატებმა დაცემის შესაჩერებლად ახალი სტრატეგია შეიმუშავეს. მათ გადაწყვიტეს პარტიის თავმჯდომარის პირდაპირი წესით, გსდპ-ის ყველა წევრის მონაწილეობით არჩევა. ამასთანავე, გაიზიარეს სხვა მემარცხენე პარტიების პრაქტიკა და წესდებაში ჩაწერეს, რომ პარტიას ერთი ადამიანის ნაცვლად თანათავმჯდომარეების წყვილი, ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი დუეტი უხელძღვანელებდა. შიდაპარტიულმა წინასაარჩევნო კამპანიამ, დებატებმა, ყველა მიმართულების კანდიდატთა წყვილების ასპარეზობამ ოდნავ ხელი შეუწყო გსდპ-ის სასოწარკვეთის გაფანტვას. საბოლოოდ, პარტიის თავმჯდომარეები მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი – ნორბერტ ვალტერ-ბოიანი და ბადენ-ვიურთენბერგელი დეპუტატი სასკია ესკენი გახდნენ.

მოკლედ, წელიწადნახევრის განმავლობაში პარტიამ სამჯერ შეიცვალა თავმჯდომარე და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მოახერხა კრიზისიდან გამოსვლა, რადგან მემარცხენე ფრთის წევრების თავმჯდომარეებად არჩევამ პარტიის წევრთა „კონსერვატიული“ ნაწილი გარიყვის საფრთხის წინაშე დააყენა. ამგვარი არეულ-დარეულობებით, დაძაბულობითა და ენერგიის დიდი დანახარჯით, 14%-იანი სამარცხვინო რეიტინგით შეხვდა გერმანული სოციალ-დემოკრატია 2021 წლის კამპანიის დასაწყისს.

უხმაურო აღმასვლის წინაპირობა

ბევრისთვის მოულოდნელად პარტიის ახლადარჩეულმა მემარცხენე ლიდერებმა გსდპ-ის წიაღში არსებული კონფლიქტი აღარ გააღრმავეს და ნელ-ნელა შეუდგნენ ძალების კონსოლიდაციას. თავდაპირველად, ლიდერებმა ხელი შეუწყვეს იმას, რომ პარტიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტები ორგანიზაციის სხვადასხვა ტენდენციის წარმომადგენლებს შორის განაწილებულიყო. პარტიის მმართველ საბჭოში ადგილი მოიპოვა, როგორც ქევინ ქიუნერთმა, ახალგაზრდა და შედარებით რადიკალურად განწყობილმა მემარცხენე პოლიტიკოსმა, ასევე კლარა გეივიტცმა, ბრანდენბურგელმა პრაგმატიკოსმა.

ჟურნალისტთა ნაწილი დაცინვით ვარაუდობდა, რომ მუდმივად კლებადი მხარდაჭერის კვალდაკვალ სოციალ-დემოკრატიული პარტია 2021 წლის არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატს არ წარადგენდა ან თავმოყვარეობის შენარჩუნებისა და მოვალეობის მოხდის მიზნით სიმბოლურ ფიგურას მოძებნიდა წაგებულ ბრძოლაში შესასვლელად. პარტია სრულიად განსხვავებულად მოიქცა. ესკენმა და ვალტერ-ბოიანმა მომავალი მთავრობის მეთაურის პოსტზე დაასახელეს შიდაპარტიულ არჩევნებში მათ მიერ დამარცხებული იდეოლოგიური მეტოქე – ოლაფ შოლცი. საბოლოოდ, გამოვიდა, რომ პარტიის თავმჯდომარეები მემარცხენეები არიან, საარჩევნო სიის პირველი ნომერი და მთავარი კანდიდატი კი გსდპ-ის ზომიერ, „კონსერვატიულ“ ფრთას მიეკუთვნება. შედეგად, გერმანული სოციალ-დემოკრატია მეტ-ნაკლებად შეკრული, გაერთიანებული ჩაება 2021 წლის არჩევნებში. თან მათ კანცლერობის კანდიდატი ნომინაცია პირველებმა შეძლეს, ოლაფ შოლცს ერთ წელზე მეტი ჰქონდა საკუთარი უპირატესობების წარმოსაჩენად.

ვინ არის ოლაფ შოლცი?

შოლცი სამი წლის იყო, მისი ოჯახი ჰამბურგში რომ დასახლდა, პოლიტიკოსის ცხოვრების ძირითადი ნაწილი ფედერალური მიწის სტატუსის მქონე ქალაქთან არის დაკავშირებული. 17 წლიდან ირიცხებოდა გსდპ-ის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში – „ახალგაზრდა სოციალისტებში“, მაგრამ მისი ნამდვილი პოლიტიკური კარიერა გაცილებით უფრო გვიან დაიწყო. ორმოცი წლის ასაკამდე ჰამბურგელი ძირითადად იურიდიული საქმიანობით იყო დაკავებული. შოლცი შრომის სამართლის მაღალანაზღაურებად, პირველი კლასის სპეციალისტად ჩამოყალიბდა და წლების განმავლობაში მონაწილეობდა შრომით დავებსა თუ შესაბამის სასამართლო განხილვებში.

ოლაფ შოლცს კანცლერის გარდა ყველა სხვა უმაღლეს თანამდებობაზე უმუშავია, რომლის მოპოვებაც გერმანიის პარტიულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ პირს შეუძლია. იგი გახლდათ ბუნდესტაგის დეპუტატი, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, გერჰარდ შრიოდერის დროს აირჩიეს გსდპ-ის გენერალური მდივნის პოსტზე, მერკელის პირველ კაბინეტში სოციალური და შრომის საკითხების მინისტრის პორტფელს განკარგავდა, იყო გსდპ-ის თავმჯდომარე (კომისარული წესით). იურისტის პოლიტიკურ გზაზე ყველაზე აღსანიშნავი ჰამბურგის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდი იყო. გერმანიაში ძალიან იშვიათად ახერხებს ერთი პარტია ფედერალურ ან რეგიონალურ პარლამენტებში ადგილების ნახევარზე მეტის, აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას. შოლცის ლიდერობით გსდპ-მ 2011 წელს ჰამბურგის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობის ხელში ჩაგდება შეძლო, 2015 წელს კი სულ ცოტა დააკლდა იმავე შედეგის განმეორებისათვის, უზარმაზარ საპორტო ქალაქს დღემდე მისი მემკვიდრეები მართავენ. შოლცის დროს ჰამბურგმა სახელი გაითქვა გერმანიაში ყველაზე მასშტაბური სოციალური ბინათმშენებლობებით. 2018 წელს სოციალ-დემოკრატმა ჰამბურგის კანცელარიიდან ბერლინში გადაინაცვლა და ფინანსთა ფედერალური სამინისტრო ჩაიბარა. ევროპულ ქვეყნებში ფინანსთა მინისტრები, როგორც წესი, კაბინეტის ყველაზე გავლენიანი წევრები არიან, თან ჰამბურგელმა პარალელურად ვიცე-კანცლერის ფუნქციებიც შეითავსა. იურისტი საკმაოდ პოპულარულ მინისტრად იქცა, ხალხში მისი ავტორიტეტის ზრდას ყველაზე მეტად ხელი პანდემიამ შეუწყო. მან, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, კრიზისის დროს საწარმოებისა და სამუშაო ადგილების დასაცავად სტრატეგია შექმნა, რომლის მიზანიც ეკონომიკის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი სექტორების სწრაფი ფინანსური დახმარება იყო. შოლცის მიერ შედგენილ პაკეტს მედიამ კორონას წინააღმდეგ მიმართული „ბაზუკა“ (ყუმბარმტყორცნის სახეობა) უწოდა. ცხადია, სოციალ-დემოკრატი მინისტრის საკრედიტო პროგრამას დღემდე უამრავი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ მოქალაქეები კრიზისის პერიოდში ვიცე-კანცლერის სწრაფ და იმედის მომცემ რეაგირებას ვერ ივიწყებენ.

შთამბეჭდავი პოლიტიკური კარიერის მქონე სოციალ-დემოკრატი უკანასკნელ პერიოდამდე მაინც განწირულ კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ აგვისტოს თვეში ყველაფერი შეიცვალა. 25 აგვისტოს მონაცემებით, შოლცის წყალობით სოციალ-დემოკრატები სოციოლოგიურ გამოკითხვებში ყველა დანარჩენ პარტიას უსწრებენ, მათ რამდენიმე პუნქტით გადაასწრეს ორივე მთავარ ოპონენტს – ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და „გაერთიანება 90/ მწვანეებს“.

რამ გამოიწვია „აუტსაიდერის“ ეტაპობრივი დაწინაურება?

როგორც ჩანს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განსაკუთრებით აფასებს ოლაფ შოლცის გამოცდილებას. მსოფლიო უმძიმესი გამოწვევებით დახუნძლულ ათწლეულში შედის, შესაბამისად, მოქალაქეებს სურთ, რომ ქვეყნის სათავეში ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომელთაც წარსულში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიუღიათ, მილიონობით ადამიანის ბედის განსაზღვრაში ყოფილან ჩარეულნი, მმართველობის პასუხისმგებლობა ჰქონიათ საკუთარ თავზე აღებული. ამასთანავე, ამომრჩეველთა წრეები ყურადღებას ამახვილებენ კრიზისების დროს ჰამბურგელის მიერ გამოვლენილ სტოიციზმზე, გაწონასწორებულობასა და სწრაფი რეაგირების უნარზე.

სოციალ-დემოკრატის მეორე უპირატესობა მისი მოწინააღმდეგეების სისუსტეა. ორივე ოპონენტი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს ხმაურიან სკანდალში გაეხვა – „მწვანეთა“ ლიდერს, ანალენა ბერბოკს ოფიციალურ ბიოგრაფიაში უზუსტობები, ახლადგამოცემულ წიგნში კი პლაგიატი აღმოუჩინეს. მერკელის თანაპარტიელი არმინ ლაშეტი კი ჟურნალისტებმა წყალდიდობის რეგიონში სტუმრობის დროს, პრეზიდენტის პრესკონფერენციის ფონზე გულიანად მოხარხარე დააფიქსირეს. თან არც ერთ კონკურენტს არ აქვს შოლცის მსგავსი გამოცდილება. ყველა აღიარებს, რომ დანარჩენმა პარტიებმა კანდიდატები არასწორად შეარჩიეს, „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარესთან რობერტ ჰაბეკთან და ბაიერნის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზიოდერთან შოლცი ასე ადვილად ვერ გაიჭრებოდა წინ (აგვისტოს ზოგიერთი კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 41% ისურვებდა შოლცს კანცლერად, 18% ლაშეტს და 14% ბერბოკს).

გსდპ-ის კიდევ ერთი უპირატესობა პარტიის პროგრამა გახლავთ. სოციალ-დემოკრატები და პირადად ოლაფ შოლციც, ფაქტობრივად, დისტანცირდნენ თავიანთი წარსულის უმძიმესი შეცდომებისგან – გერჰარდ შრიოდერის რეფორმებისგან. კონტინენტური ევროპის ერთ-ერთი უძველესი პარტიის პროგრამას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ მემარცხენე პროგრამა. მემარცხენე-ცენტრისტები თავის მთავარ ამოცანად კვლავ კეთილდღეობის სახელმწიფოს შესაძლებლობების გაფართოებას ასახელებენ.

რას ითვალისწინებს გსდპ-ის პროგრამა?

დოკუმენტის სოლიდური ნაწილი სოციალური სისტემის უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერის საკითხებს უკავშირდება. სოციალ-დემოკრატები გეგმავენ მინიმალური ხელფასის 9,5 ევროდან 12 ევრომდე გაზრდას, მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების რეგულირებას, წელიწადში 24 დღის განმავლობაში სახლიდან მუშაობის (Homeoffice) პრაქტიკის დანერგვას. ისინი თავიანთ პრიორიტეტად აცხადებენ მინიმალური პენსიის საშუალო ხელფასის ნახევრისთვის გათანაბრებას, ოჯახის წევრზე მზრუნველი დასაქმებულებისათვის სახელფასო და სახელშეკრულებო შეღავათების დაწესებას, ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი, ერთდონიანი სადაზღვევო სისტემის შემოღებას, ბავშვების დაზღვევის გაძლიერებასა და ახალ საბავშვო ბაღებში, სკოლების გახანგრძლივებულ სექტორებში სახელმწიფოს რესურსების დაბანდებას.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება საბინაო პოლიტიკის რეფორმირება გახლავთ. ვილი ბრანდტის პარტია ყოველწლიურად 100 000 ახალი სოციალური საცხოვრებლის მშენებლობის ხელშეწყობას აპირებს, ინფლაციის დონის მიხედვით დარეგულირდება ბინების ფასებიც, კომპანიებს შეეზღუდებათ ზემოგებებზე გასვლის შესაძლებლობა.

მიმდინარე კამპანიის უმთავრესი თემები გახლავთ კლიმატი და ტრანსპორტი. სოციალ-დემოკრატიები აღნიშნული მიმართულებით გამოკვეთილად ენათესავებიან მწვანეებს. გსდპ-ის მთავარი დოკუმენტი ითვალისწინებს 2045 წლამდე გერმანიის ეკონომიკის სრული კლიმატნეიტრალობის მიღწევას, 2030 წლამდე 1990 წლის მონაცემებთან შედარებით 65%-ით ნაკლები სათბური აირების გამოყოფის უზრუნველყოფას. მთავარი მემარცხენე პარტია მხარს უჭერს 2025 წლამდე განახლებადი ენერგიის წყაროებში მრავალმილიარდიანი ინვესტიციების დაბანდებას. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სოციალ-დემოკრატები იშრომებენ იმისთვის, რომ ათწლეულის მიწურულს გერმანიის ქუჩებში 15 მილიონი ელექტრომობილი მუშაობდეს, ქვეყანა კი ელექტროძრავებისა და მათი გადამუშავების ინდუსტრიულ ცენტრად იქცეს. ცხადია, ეკოლოგიურად სუფთა, საჯარო სატრანსპორტო ქსელისა და რკინიგზის განვითარების საკითხებით დაწვრილებით არის განხილული გსდპ-ის პროგრამაში.

გერმანული პოლიტიკის კიდევ ერთი უმთავრესი საკითხი გახლავთ საგადასახადო პოლიტიკა. ტრადიციულად, სოციალ-დემოკრატები მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების მეტი დაბეგვრის, ქონებისა და მემკვიდრეობის გადასახადების ზრდის მომხრეები არიან, ასევე მხარს უჭერენ სამომავლო ინვესტიციების განხორციელების მიზნით „ვალების მუხრუჭის“ შემსუბუქებას.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია თავის პროგრამაში ამომრჩეველს სთავაზობს „სოლიდარული და სუვერენული“ ევროპის მშენებლობას, რომელსაც ერთიანი საგარეო, უსაფრთხოებისა და ფისკალური (რიგი მიმართულებებით) პოლიტიკა ექნება. პარტია Die Linke-სგან განსხვავებით გსდპ-ის წევრები არ გამოირჩევიან ნატოს მიმართ მტრული და რუსეთის მიმართ შედარებით მეგობრული დამოკიდებულებით, მათ აშშ ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიაჩნიათ, ჩინეთის გავლენების დაძლევის საშუალებად კი ევროკავშირის უფრო მეტი კონსოლიდაცია ესახებათ.

***

ერთი წლის წინ ყველას ეგონა, რომ სოციალ-დემოკრატებს არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ გამოცდილი კანდიდატის, ოპონენტთა მიერ დაშვებული სკანდალური შეცდომებისა და ძლიერი პროგრამის საფუძველზე გაერთიანებული პარტიის წყალობით, ისინი კვლავ თამაშში რჩებიან და წინასაარჩევნო გამოკითხვების ლიდერთა შორის იმკვიდრებენ ადგილს. მეტიც, მემარცხენე-ცენტრისტებს სასწაულის მოლოდინი აქვთ – რაც უფრო ახლოვდება შემოდგომა, მით უფრო იზრდება კანცლერად ოლაფ შოლცის არჩევის შანსი.

 

შენიშვნები:

[1]https://www.tagesschau.de/inland/btw21/scholz-wahlkampf-101.html

[2]https://www.tagesschau.de/inland/btw21/scholz-spd-wahlkampf-103.html

[3]https://www.focus.de/politik/deutschland/bundestagswahl/btw21-analyse-von-wolfram-weimer-die-gegner-straucheln-nun-hat-scholz-doch-eine-chance-und-einen-bayerischen-helfer_id_13520594.html

[4]https://www.br.de/nachrichten/deutschland-welt/olaf-scholz-der-spd-kanzlerkandidat-im-portraet,SSwLVut

[5]https://www.spiegel.de/wirtschaft/soziales/sozial-und-finanzpolitik-im-spd-programm-foerdern-und-fordern-jetzt-mit-neuer-rezeptur-a-8d833fae-59ac-4542-8cdf-cb7853f19389

[6]https://www.tagesschau.de/inland/innenpolitik/spd-analyse-wahlprogramm-101.html

[7]https://rp-online.de/politik/deutschland/bundestagswahl/spd-wahlprogramm-bundestagswahl-2021-mehr-investitionen-hoehere-steuern-mehr-klimaschutz_aid-58018727

გაზიარება