„გაერთიანება 90/მწვანეები“ – პირველად პირველი ადგილისათვის

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე

2021 წლის 26 სექტემბერს ანგელა მერკელის ეპოქა სრულდება, გერმანია ახალ ბუნდესტაგს აირჩევს და შედეგად ლეგენდარული კანცლერის მემკვიდრის ბედსაც გადაწყვეტს. შემოდგომის კენჭისყრა გერმანიის ისტორიაში პირველი ფედერალური არჩევნები იქნება, რომელიც პანდემიის პირობებში ჩატარდება.

წინასაარჩევნოდ რესპუბლიკაში არც თუ ისე სახარბიელო განწყობა სუფევს. ხალხი დაღლილია კორონას კრიზისის ჯერ კიდევ დაუძლეველი შედეგებით. მოქალაქეებს შორის არსებობს მოლოდინი, რომ მორიგი კანცლერის არჩევის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატთა მიერ დამკვიდრებული კონსერვატიული და პრაგმატული, კრიზისებზე post factum რეაგირებით გამორჩეული წესრიგი, რომელიც 16 წელია გრძელდება, შეიცვლება და ქვეყანა ახალი მოცემულობებით, ახალი ენერგიით განაგრძობს არსებობას. მოლოდინის მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის კვლევები ცხადყოფენ, რომ მოსახლეობის 80% აღარ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. მაშასადამე, ადამიანებს სურთ განსხვავებული ათწლეულისათვის საფუძვლის ჩაყრა, მაგრამ მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტების შედეგიანობის მაინცდამაინც არ ეიმედებათ.

უფრო ოპტიმისტურად განწყობილი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ყველა ახალ ეპოქას თავისი ფერი აქვს; მათი მტკიცებით, 2020-იანი წლები მწვანედ იქნება შეფერილი, რადგან ბიოსფეროშიც, ატმოსფეროშიც და პოლიტიკურ სივრცეშიც თანაბარმნიშვნელოვანი კრიზისების ხანა არის დასადგურებული. ფედერაციული რესპუბლიკის სისტემაში კი უკვე დიდი ხანია არსებობს „მწვანეთა პარტია“, რომელსაც სურს – მისთვის ხმის მიცემა კლიმატის კრიზისის დაძლევასთან, მოდერნულობასთან, დანარჩენი სამყაროსადმი ღიაობასთან, სამართლიანობასა და თანასწორობასთან ასოცირდებოდეს. მწვანეთა ელექტორატის რაოდენობა (ახალგაზრდები, ქალაქის განათლებული მოსახლეობა, მიგრაციული წარსული მქონე პირები და ა.შ.) წლიდან წლამდე იზრდება, მწვანეთა მთავარი თემები (გარემოს დაცვა, ეკოლოგია, ფემინიზმი, მულტიკულტურალიზმი) წლიდან წლამდე აქტუალური ხდება. შესაბამისად, მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, ისინი აღარ დაკმაყოფილდებიან მცირერიცხოვანი საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბებით და ისტორიაში პირველად კანცლერის პოსტის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

„გაერთიანება 90/მწვანეების“ პოლიტიკური პოზიციების შესაფასებლად რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გავცეთ პასუხი.

რა წერია „მწვანეების“ პროგრამაში?

პარტია ძირითადად კლიმატისა და სოციალური სამართლიანობის თემებზეა ორიენტირებული. 1980 წელს დაარსებული ორგანიზაციის საარჩევნო პროგრამა ეკონომიკისა და ინდუსტრიის სფეროში მთელ რიგ ფუნდამენტურ გარდაქმნებს ითვალისწინებს. მაგალითად, „მწვანეები“ მოსახლეობას პირდებიან, რომ 2030 წლისთვის 1990 წელთან შედარებით სათბური აირების გამოყოფას 70%-ით შეამცირებენ. კლიმატის ცვლილებების შედეგთა დაძლევის მიზნით, მემარცხენე-ეკოლოგისტები გეგმავენ 2030 წლამდე ეკონომიკაში ნახშირის გამოყენების სრულად აკრძალვას, ამასთანავე ნახშირორჟანგის ემისიის ფასის ტონაზე 60 ევრომდე გაზრდას (დღეს ტონაზე 25 ევროს იხდიან). მათი გამარჯვების შემთხვევაში ფედერალურ მთავრობაში შეიქმნება კლიმატის სამინისტრო, რომელსაც კაბინეტის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება ექნება.

ტრადიციულად, მწვანეები ემხრობიან დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების გადასახადებისგან გათავისუფლებას, სანაცვლოდ კი მხარს უჭერენ საშემოსავლო და ქონების გადასახადების ზრდას მდიდრებისათვის. საპარლამენტო პარტია ითხოვს მინიმალური ხელფასის 12 ევრომდე გაზრდას ( 1 საათი 12 ევრო), ორკლასიანი სამედიცინო დაზღვევის სამოქალაქო სადაზღვევო, უნივერსალური სისტემით ჩანაცვლებას, ბინის ქირის რეგულაციას საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. პროგრამაში გათვალისწინებულია დამატებითი ფინანსების მობილიზება სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისათვის, უმუშევართა ხელშეწყობისათვის.

საკმაოდ შთამბეჭდავია პარტიის პროგრამის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ქვეთავები. „გაერთიანება 90 / მწვანეების“ ლიდერები აპირებენ გააუქმონ ე.წ. „ვალების მუხრუჭი“ და შედეგად მოახერხონ კრედიტების მობილიზება, რათა ყოველწლიურად 50 მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელონ ქვეყნის ყველა რეგიონში. „მწვანეები“ ინვესტიციების დაბანდებას გეგმავენ ეკოლოგიურად სუფთა ახლო და შორეული სატრანსპორტო სისტემების აგებაში, სასოფლო გზების ქსელის გაფართოვებაში, საველოსიპედე კომუნიკაციების მოწყობასა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მასობრივ დანერგვაში. გარემოსდამცველ პოლიტიკოსთა აზრით, 2030 წლიდან მოქალაქეებისათვის მხოლოდ გამონაბოლქვის, ემისიის არმქონე ავტომობილების ყიდვა უნდა იყოს შესაძლებელი, გერმანიის ავტობანებზე კი სიჩქარის ლიმიტი 130 კმ/სთ-ით უნდა განისაზღვროს. „მწვანეთა პარტიის“ ყველა ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული გეგმის უმთავრესი ამოცანა კლიმატის კრიზისის შეჩერებაა.

საგარეო პოლიტიკაში „მწვანეები“ მხარს უჭერენ კლიმატის საკითხების საფუძველზე დასავლური და საერთაშორისო საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობას, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებასა და მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას, ემხრობიან უკრაინის არჩევანს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე ითხოვენ, რომ გერმანული კაპიტალით წარმოებული იარაღი მიწოდება შეუწყდეთ დიქტატორულ რეჟიმებს, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ ადამიანის უფლებებს. მოკლედ, მწვანეთა საგარეო პოლიტიკური ხედვები გერმანიის ყველა სხვა პარტიათა წარმოდგენებზე მეტად მოდის თანხვედრაში შეერთებული შტატების დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებთან.

ვინ არის „მწვანეების“ კანცლერობის კანდიდატი?

2021 წელს, თავიანთი 40 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად „მწვანეებმა“ კანცლერობის კანდიდატი წარადგინეს. აქამდე მათ არასდროს ჰქონიათ იმედი, რომ ქვეყნის ლიდერის თანამდებობაზე საკუთარი კადრის არჩევას შეძლებდნენ.

პარტიამ კანცლერობისთვის ბრძოლაში 40 წლის ანალენა ბერბოკი გააგზავნა. თავდაპირველად, მოქალაქეები აღფრთოვანებულნი იყვნენ ახალგაზრდა ქალი კანდიდატის ბიოგრაფიით. ანალენა ჰანოვერთან ახლოს მდებარე გლეხის კარ-მიდამოში აღიზარდა, საძინებლის კედელზე “Greenpeace”-ის პოსტერი ეკიდა და ადრეული ასაკიდანვე აცნობიერებდა დედამიწის წინაშე არსებულ მთავარ საფრთხეებს. მშობლებთან ერთად მონაწილეობდა ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგოდ გამართულ მასობრივ დემონსტრაციებში. ცნობისათვის ისიც შეიძლება ითქვას, რომ ქ-ნი ბერბოკი მოზარდობისას გერმანიის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახლდათ ბატუტზე ხტომაში.

„მწვანეთა პარტიის“ თანათავმჯდომარემ განათლება ჰამბურგსა და ლონდონში მიიღო, იგი პროფესიით პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია.

ყოფილი ტანმოვარჯიშე სტუდენტობისას პარტიის წევრი არ ყოფილა. პარტიულ სტრუქტურებში იგი ევროპარლამენტარ ელიზაბეტ შროდტერის დახმარებით აღმოჩნდა, ორიათასიანი წლების პირველ ნახევარში ბერბოკი მის პრაქტიკანტი, შემდგომში კი მისი ბიუროს ხელმძღვანელი იყო. შროდტერს თავისი აპარატი ბრიუსელისა და სტრასბურგის გარდა პოტსდამშიც ჰქონდა, რადგან სწორედ ბრანდერბურგის მხარიდან იყო ნომინირებული ევროპარლამენტის არჩევნებზე.

ბიუროში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ბერბოკი მალევე დაწინაურდა პარტიულ კიბეზე, ის ჯერ ბუნდესტაგის ფრაქციის რეფერენტი გახდა, შემდეგ ბრანდერბურგის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს, 2013 წლიდან ჰანოვერელი ეროვნული პარლამენტის წევრია, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე დებატების დროს იგი პარტიას კლიმატის პოლიტიკის საკითხებზე წარმოადგენდა. 2018 წელს ახალგაზრდა ლიდერი პარტიის თანათავმჯდომარედ დაასახელეს. ყველას ეგონა, რომ ბერბოკს რობერტ ჰაბეკი, აღნიშნულ თანამდებობაზე მისი მეწყვილე დაჩრდილავდა, მაგრამ მიმდინარე წელს შლეზვიგ-ჰოლშტაინის გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა კანცლერობისთვის ბრძოლაში კოლეგას დაუჭირა მხარი.

კამპანიის დასაწყისში პარტიის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ მოწინააღმდეგეთა შეტევის მთავარი ობიექტი მათი რევოლუციური, გამბედავი და უაღრესად ხარჯიანი პროგრამა იქნებოდა. ისინი არ მოელოდნენ, რომ ძლიერ დარტყმებს ახალგაზრდა, კლიმატის საკითხების კარგად მცოდნე და საზოგადოების ყველა ფენაში კარგად დაქსელილ, პრაგმატულ კანდიდატზე მიიტანდნენ. „გაერთიანება 90/მწვანეების“ საარჩევნო მენეჯერთა გათვლები არასწორი აღმოჩნდა.

მიმდინარე წლის მაისში „მწვანე ეიფორიამ“ მთელი ფედერაციული რესპუბლიკა მოიცვა. ზოგიერთი სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით მწვანეებმა რეიტინგით ქრისტიან-დემოკრატებსაც კი გადაასწრეს და 26-27%-იანი მხარდაჭერით ქვეყნის ნომერ პირველ პოლიტიკურ ძალად იქცნენ. საყოველთაო ზეიმისა და აღტკინების პერიოდში მოწმენდილ ცაზე პირველი მეხი გავარდა.

თავდაპირველად, ანალენა ბერბოკი მისი ოფიციალური ბიოგრაფიის გამო გააკრიტიკეს. ჟურნალისტებმა ბუნდესტაგის წევრის დოსიეში რამდენიმე ბუნდოვანი და მცდარი პუნქტი აღმოაჩინეს. კერძოდ, კანცლერობის კანდიდატს ბიოგრაფიაში ზუსტად არ ჰქონდა მითითებული, თუ რა გახლდათ ზოგიერთ სამუშაო ადგილზე მისი კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობა და სად, რომელ ქალაქში უწევდა დასაქმებულს მუშაობა. ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით პოლიტიკოსი ისეთი ორგანიზაციების წევრად იყო მოხსენიებული, რომელთაც წევრობის ინსტიტუტი საერთოდ არ გააჩნიათ. ცხადია, ბერბოკი თავისი განვლილი გზის შელამაზებაში, არასასურველი დეტალების დამალვასა და არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულეს.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ბერბოკმა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისათვის მიღებული შემოსავლების შესახებ არ შეატყობინა ბუნდესტაგის შესაბამის უწყებებს. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე სხვა დეპუტატთან ერთად კანცლერობის კანდიდატსაც დავიწყებია ჰონორარებისა და საშობაო პრემიების საკუთარ დავთარში შეტანა. ბუნებრივია, ქალი ლიდერის მტრებმა საკითხი თითზე დაიხვიეს და „მწვანეები“ მორიგ ტყუილში დაადანაშაულეს.

ბერბოკს გამანადგურებელი დარტყმა შტეფან ვებერმა, პლაგიატის ავსტრიელმა მკვლევარმა, მიაყენა. მან საგულდაგულოდ შეისწავლა კანდიდატის წინასაარჩევნოდ დაწერილი სააგიტაციო წიგნი „ახლავე! როგორ განვაახლებთ ჩვენს ქვეყანას“. აღმოჩნდა, რომ ბუნდესტაგის დეპუტატს თავის წიგნში ათობით წინადადება სხვა წყაროებიდან, ციტირების ელემენტარული წესების დაცვის გარეშე ჰქონდა გადმოტანილი. მიუხედავად იმისა, რომ ბერბოკის წიგნი სამეცნიერო ნაშრომი არ გახლდათ, ავტორი საზოგადოებამ მაინც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და მას სხვისი ინტელექტუალური შრომის უპატიოსნოდ მითვისებაში დასდეს ბრალი.

სულ ბოლოს ანალენა ბერბოკს ისიც გაუხსენეს, რომ იგი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდიდან 2009-2012 წლებში სადოქტორო სტიპენდიას იღებდა. საერთო ჯამში მან დაწესებულებისგან კვლევითი სამუშაოსათვის 40 ათასი ევრო მიიღო, მაგრამ დისერტაციის დაცვა მაინც ვერ მოახერხა.

თავიანთი ამბიციური პროგრამის საჯარო დებატებში დაცვისა და მისი დებულებების ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანებისთვის წარდგენის ნაცვლად, მწვანეები თითქმის ორი თვეა მხოლოდ ბრალდებებს პასუხობენ. კატასტროფულად შემცირდა ბერბოკის პირადი რეიტინგი, პარტიამ სოციოლოგიურ გამოკითხვებში მოწინავე ადგილი დაკარგა და ახლა სოციალ-დემოკრატებთან უწევთ მეორე ადგილისათვის ჭიდილი. პარტიაში ერთიანობის პრობლემაც შეიქმნა, ყველას არ არის მზად მთავარი კანდიდატის დაცვისთვის თავდაუზოგავად იშრომოს, ისინიც უკმაყოფილნო არიან ლიდერის წინდაუხედაობითა და უპასუხისმგებლობით.

პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა წრეებში უკვე საუბრობენ, რომ მწვანეებმა ბერბოკის კანცლერობის კანდიდატად დასახელების გამო უდიდესი შეცდომა დაუშვეს. ისინი დღეს კიდევ უფრო მკაფიოდ ამჩნევენ პარტიის თანათავმჯდომარის რობერტ ჰაბეკის უპირატესობებს. ჰაბეკი დიდი ხანია ლიტერატურის დოქტორია, აქვს სამწერლო გამოცდილება, პლაგიატში არასდროს არ დაუდანაშაულებიათ, ყოფილა ლანდტაგში ფრაქციის თავმჯდომარეც და რეგიონალური მინისტრიც. ალბათ, ის უფრო მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა კონკურენტებს და უკეთ გამოიყენებდა კლიმატის კრიზისის შედეგად შექმნილ ხელსაყრელ ვითარებას მწვანეთა პარტიის საარჩევნო წარმატებებისთვის. უბრალოდ, ფემინისტური მოძრაობიდან წამოსული პოლიტიკური ძალისათვის სირცხვილი იქნებოდა, რომ ქრისტიან-დემოკრატი და სოციალ-დემოკრატი კაცი კანდიდატების საპირწონედ კვალიფიციური ქალი პოლიტიკოსის მოძებნა გაჭირვებოდა.

რა პერსპექტივები აქვთ მწვანეებს სექტემბრის არჩევნებისათვის?

წარუმატებლობებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, მწვანეებისთვის სექტემბრის კენჭისყრა მაინც ტრიუმფალური იქნება. 2017 წელს, ბუნდესტაგის არჩევნებზე მემარცხენე-ეკოლოგისტებმა ამომრჩეველთა 9%-ის მხარდაჭერა დაიმსახურეს, 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნების დროს კი 20%-იან ნიშნულს გადააბიჯეს. ამჟამად, ყველა გამოკითხვების მიხედვით მათი ამომრჩევლების რაოდენობა 15%-ზე გაცილებით მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის მომავალი ფედერალური მთავრობის ჩამოყალიბება ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნება მწვანეთა თანამონაწილეობის გარეშე. თან მწვანეებს გაცილებით უფრო მეტი არჩევანი ექნებათ პარტნიორების შერჩევის დროს, ვიდრე სხვა პარტიებს.

მედიაში მომავალი სამთავრობო კოალიციის რამდენიმე ვარიანტის შესახებ საუბრობენ. ყველაზე მყარი უმრავლესობის ფორმირება ქრისტიან-დემოკრატებსა და მწვანეებს შეუძლიათ, ასეთი მთავრობები უკვე მუშაობს ბადენ-ვიურთენბერგისა და ჰესენის მიწებზე. განიხილება „შუქნიშნის კოალიციის“ ჩამოყალიბების შესაძლებლობაც, სადაც თავს ერთად მოიყრიან მწვანეები, სოციალ-დემოკრატები და ლიბერალები. ამ პარტიებისგან შემდგარი მთავრობა წლებია წარმატებით მართავს რაინლანდ-პფალცის რეგიონს. 2017 წელს განიხილებოდა ე.წ. „იამაიკის კოალიციის“ (ქრისტიან-დემოკრატები, მწვანეები, ლიბერალები) შექმნის იდეაც, აღნიშნული ვარიანტის ხორცშესხმას კვლავ არ გამორიცხავენ მიმომხილველები. მწვანეები ოპოზიციაში შეიძლება აღმოჩნდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კვლავ „დიდი კოალიციის“ (CDU/CSU + SPD) კონტროლის ქვეშ დარჩება, რასაც კატეგორიულად მიუღებელია სოციალ-დემოკრატებისათვის. საქსონიის არჩევნების შემდეგ მწვანეთა ხელისუფლების მიღმა დატოვების კიდევ ერთი, საკმაოდ სათუო სტრატეგია გამოიკვეთა. აღმოსავლეთ გერმანული მიწის მართვის სადავეები ქრისტიან-დემოკრატებმა და სოციალ-დემოკრატებმა ლიბერალებთან ერთად ჩაიბარეს. იმავე გეგმის ფედერალურ დონეზე განხორციელების წინაპირობები ჯერჯერობით არ იკვეთება.

მაშასადამე, ცვლილებები გარდაუვალია და მათ უნდა ველოდოთ. გასარკვევი რჩება ის, თუ რამდენად მასშტაბური იქნება გარდაქმნები გერმანიის პოლიტიკურ ველზე.

ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი, თსუ-ისა და გაუ-ს შედარებითი პოლიტიკის ლექტორი / კონტაქტი: levan.lortkipanidze@gmail.com

შენიშვნები:

[1]https://www.spiegel.de/politik/deutschland/bundestagswahl-2021-spiegel-redakteure-analysieren-die-wahlprogramme-der-parteien-a-e2703c36-77ad-4427-a834-2634f7b5ec37

[2]https://www.deutschlandfunk.de/bundestagswahl-2021-was-im-wahlprogramm-der-gruenen-steht.2897.de.html?dram:article_id=494383

[3]https://taz.de/Die-Gruenen-im-Abwaertstrend/!5780923/

[4]https://www.br.de/nachrichten/deutschland-welt/annalena-baerbock-im-portraet-die-kanzlerkandidatin-der-gruenen,SSwbYn1

[5]https://www.spiegel.de/politik/deutschland/bundestagswahl-mehrheit-der-waehler-will-politikwechsel-a-f235c4d3-9c0c-4269-b706-3ab392d799a4

[6]https://www.focus.de/politik/deutschland/weitergedacht/weitergedacht-die-wagenknecht-kolumne-gruene-versprechen-sauberes-leben-aber-sankta-annalena-behuetet-nur-die-reichen_id_13261539.html

გაზიარება