ნაცნობი ხელი საქართველოში
ბუნებას ანადგურებს

Polen Ekoloji – 23/05/2021

მშენებლობა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ერთჯერადი ინვესტიციაა. თუკი რაიმეს ააშენებთ, აამოქმედებთ კაპიტალბრუნვას რამდენიმე სექტორში, რომელიც მშენებლობის პროცესთან ერთად შეწყვეტს მოქმედებას. იმისათვის რომ ამ სექტორმა მუდმივად იმოქმედოს, სულ რაიმე უნდა აშენოთ. თურქეთში სამშენებლო სექტორს უარყოფითი რეპუტაცია აქვს, რომელიც ცხადია ე.წ. ხუთთა ბანდასთან (Limak, Cengiz, Kolin, Kalyon ve MNG) [1] ერთად არ გაჩენილა . იმპერიალისტური ოლიგარქიის თურქული ფრთის – თურქული ბურჟუაზიის რიგებში ასეთები უკვე დიდი ხანია არსებობენ. თუმცა ხუთთა ბანდამ დიდი როლი შეასრულა ქვეყნისათვის „მეგა პროექტების“ მშენებლობით ძირის გამოთხრაში. დიდი როლი შეასრულეს ბანდასთან ასოცირებულმა ფირმებმა და მათი, შედარებით წვრილმანი სამუშაოების წარმმართველმა, საშუალო ბურჟუაზიის კუთვნილმა ფირმებმა, რომელთა პირდაპირი წარმომადგენელიც თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლებაა. [2]

„ურბანული გარდაქმნა“, სავაჭრო ცენტრები, ბიზნესცენტრები თუ სახელმწიფო დაწესებულებების გრანდიოზული შენობები, ქალაქის ინფრასტრუქტურა, ელექტროსადგურები, სამთო-სამადნო დაწესებულებები და გზების მშენებლობა უკონტროლოდ მოედო ყველა სახის გეოგრაფიულ ზონას და აღმშენებლობის სახელით უმოწყალოდ დაიწყო ბუნების განადგურება. თითქმის ყველგან ცხოვრება შეუძლებელი გახდა, ხოლო მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური კრიზისის შედეგების შეგრძნება უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გახდა შესაძლებელი. ამგვარად, ეკოლოგიური პრობლემები პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, ხოლო საზოგადოებაში ამაღლებულმა ეკოლოგიურმა ცნობიერებამ, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა წარმოშვა, ამ სამშენებლო პროცესების წინაღმდეგ, რომლებიც აქამდე „განვითარებად“ მიიჩნეოდა.

მშენებლობა, ენერგეტიკა, მადნის მოპოვება, როგორც ერთმანეთთან გადაჯაჭვული სექტორები, თანდათან განვითარდა, ენერგეტიკაში და სამთო-სამადნო სექტორში არსებულმა სახელმწიფო მონოპოლიამ კი შესუსტება 1980 წლის შემდეგ დაიწყო. კერძო კაპიტალის სხვადასხვა ფრაქციები, რომელთაც პრივატიზაციის და „მოქნილი სამუშაო პირობების“ შემოღების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ „ბუნების უანგარო საჩუქრებით“ დიდი ფინანსური სარგებლის მიღება შეიძლებოდა, ერთად აღმოჩნდნენ ამ სექტორებში. ამგვარად დღეს ძალიან იშვიათია მსხვილ სამშენებლო ფირმას ენერგეტიკულ და სამთო-სამადნო სექტორებში აქტივები არ ჰქონდეს. ამ კონიუნქტურაში, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო აქტივობები და მათი შემოსავლები მმართველ პარტიას – AKP-ს,ხუთთა ბანდას და მათთან დაკავშირებულ ფირმებს შორის განაწილდა, ხოლო ძლიერი საერთაშორისო ფინანსური კავშირების მქონე ფირმებმა კაპიტალდაგროვება ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააგრძელეს. ასეთ ფირმებს შორის ერთერთი უმსხვილესი და ცნობილი, შესაძლოა ყველაზე ცნობილიც კი, ENKA გახლავთ.

დღეს ENKA, თავის ნორვეგიელ პარტნიორთან ერთად, დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, ორი დიდი ჰესისაგან შემდგარ ნამახვანჰესს აშენებს და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელია. ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი რეაქციის ჩახშობას, ისე როგორც თურქეთში მიგვაჩვიეს, პოლიციის ძალის გამოყენებით და თურქეთის საელჩოს მანიპულაციური განცხადებების დახმარებით ცდილობენ. წინააღმდეგობის მოძრაობა, პანდემიის მიუხედავად დიდი ხანია გრძელდება და სხვა ანალოგიურ მოძრაობებთან გაერთიანებით, ის საერთო-სახალხო მოძრაობად იქცა. ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ თურქეთის უახლოეს მეზობელ – საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ კავშირს თურქეთის რეგიონულ პოლიტიკასთან და წინააღმდეგობის მოძრაობებს.

ENKA-ს ზოგადი სახე

ENKA, როგორც სამშენებლო ფირმა, 1957 წელს სტამბოლში დაარსდა. კომპანია ცივი ომის შემდეგ რუსეთში და შუა აზიაში განხორციელებული სამშენებლო მოღვაწეობით გახდა ცნობილი. ერაყის ოკუპაციის შემდეგ ENKA ქვეყნის რეკონსტრუქციის პროცესში მონაწილე თურქული ფირმებიდან ერთერთი იყო. ENKA ამავე დროს, თურქეთის ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული ფირმაა, რომელიც მის მიერ კონტროლირებადი ელექსტროსადგურების მეშვეობით თურქეთში ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ რესურსებს განკარგავს. ჰოლდინგი აერთიანებს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა Çimtaş და Kasktaş, გებზეს, იზმირის და ადაფაზარის ენერგოკომპანიებს. ENKA-მ ასევე მიიღო მონაწილეობა მუღლა-იენიქოის, ქემერქოის, იათაღანის, თუნჩბილექ II-ის, აფშინ-ელბისტანის თბოელექტროსადგურების და ბურსას, იზმირის, თრაკიის, გებზე-ადაფაზარის გაზის კომბინირებული სადგურების მშენებლობაში. [3] კომპანიამ ასევე ააშენა ტოიოტას ფაბრიკა ადაფაზარიში, ადანა-ბერქეს კაშხალი, იეშილქოის აეროპორტის ტერმინალის შენობა; ასევე საბჭოთა კავშირი-ბულგარეთის გაზსადენის, ანკარიდან ბულგარეთის საზღვრამდე მიმავალი მონაკვეთი. ჩაატარა ბოსფორის ხიდის რეკონსტრუქცია, ააშენა სტამბოლის მეტროს ნაწილი, გერედე-ანკარას შემოვლითი გზის ნაწილი. საზღვარგარეთ ის ამუშავებს ოქროს მადანს ყირგიზეთში და ფლობს ისეთ აქტივებს როგორიცაა ელექტროსადგურები, გზები, პორტები, სამედიცინო ცენტრები, ფაბრიკები, ბიზნესცენტრები, ინფრასტრუქტურა და სხვა, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა რუსეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, ხორვატია,სერბეთი, კოსოვო, ერაყი, ლიბია, ომანი, იორდანია, საუდის არაბეთი, ბაჰამის კუნძულები და გაბონი. საქართველოში კი კომპანიამ ტრანსანატოლიური გაზსადენის საქართველოზე გამავალი სექცია ააშენა.

2020 წლის დასასრულის მონაცემებით, კომპანიის მოგებამ 4.51 მილიარდი ლირა შეადგინა, ხოლო მის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 20 000 ადამიანს აღწევს. კომპანიის დამაარსებელი შარიქ ტარა, რომელიც წარმოშობით სკოპიედან იყო და 2018 წელს გარდაიცვალა, 2014 წელს, თურქეთის ყველაზე მსხვილი გადასახადების გადამხდელი გახდა, ბიუჯეტში შეტანილი 37,6 მილიარდი ლირით. ტარა, 2015 წლის მონაცემებით თურქეთის მეექვსე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო 2.4 მილიარდ დოლარიანი ქონებით. 2017 წლის ჟურნალ ფორბსის თურქული რედაქციის მიერ შედგენილი 100 უმდიდრესი თურქის სიაში კი მესამე ადგილს იკავებდა. 1994 წელს, ჰოლდინგის პრეზიდენტის პოსტზე იგი მისმა ვაჟმა სინანმა შეცვალა, რომელიც ზემოთ ნახსენებ სიაში, 1.22 მილიარდ დოლარიანი ქონებით 22-ე ადგილზე იყო. სინან ტარა თურქეთის მრეწველთა და ინდუსტრიალისტთა გაერთიანების წევრია. [1] ENKA 5.4 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულებით თურქეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა. ამ ქონების საფუძველი კი კომპანიის სახელმწიფოსთან იმგვარი თანამშრომლობით ჩაიყარა, როგორიც დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტი სახელმწიფო ტენდერის მომგები კომპანიების ათეულში მოხვედრილ, სიაში ხუთი პოზიციის მფლობელ ხუთთა ბანდას გააჩნია.

ENKA, ერთერთი კომპანიაა მათგან, რომლებმაც დიდი მოგება მიიღეს სსრკ-ს დაშლის შემდეგ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, სამოქალაქო ომით გატანჯულ ლიბიაში და ოკუპაციის შემდგომ ერაყში საქმიანობით. ჰოლდინგმა, კორუფციული პოლიტიკური კავშირების გამოყენებით, ლიბიაში ორი მსხვილი თბოელექტროსადგურის მშენებლობა სამოქალაქო ომის პერიოდშიც გააგრძელა. 2014 წელს, ლიბიაში, ზემოთნახსენებ მშენებლობებზე მომუშავე მუშამ მაზლუმ დუნდარმა განაცხადა, რომ კომპანია მუშებს ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების გარეშე ამუშავებდა, ზოგ შემთხვევაში ყოველგვარი სამუშაო ვიზის გარეშეც კი, ხოლო კომპანიის ზოგი თანამშრომელი, ისლამისტური არასამთავრობო ორგანიზაციის IHH-ს [2] ეგიდით ადგილობრივ ტომებს იარაღით და საბრძოლო მასალით ამარაგებდა.[4] კომპანიის ხელმძღვანელობას ამ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, კომპანიის იმ წარმომადგენლებმა კი, რომლებმაც გასულ რამაზანის თვეში მუშებთან და ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იფთარი გამართეს, განაცხადეს, რომ 680 მეგავატიანი პროექტი 15 თვეში დასრულდება, ხოლო წლის ბოლოს ქალაქ მისრატაში მეორე პროექტი შევა ექსპლუატაციაში. [5]

საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა და ჰესების ხელახალი აღზევება

საქართველოში, კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში, წინამორბედის გადადგომის შედეგად გაპრემიერებული გიორგი გახარია, საკუთარ პარტიასთან უთანხმოების შედეგად 2021 წლის თებერვალში გადადგა თანამდებობიდან, მისი ადგილი ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, რომელსაც მხარს პარტიის დამაარსებელი, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი უჭერს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას კი ამჟამად უკრაინაში მცხოვრები, პარტიის ყოფილი ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პარტიების უმეტესობას გამოკვეთილი იდეოლოგია არ გააჩნია და მათი ლიდერები მეტწილად მდიდარი ბიზნესმენები არიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი კონკურენცია პროდასავლური, ნატოს წევრობის მომხრე ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილის საწინააღმდეგო პოზიციების ნიადაგზე გაერთიანებულ, ეკლეკტურ კოალიცია ქართულ ოცნებას შორის მიმდინარეობს, რომელიც ევროკავშირს და რუსეთს შორის ერთგვარი ბალანსის დაცვას ცდილობს. რუსეთმა, 2008 წლის ომით და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით წერტილი დაუსვა საქართველოს ნატოს წევრობის ამბიციებს, ხოლო ყარაბაღის მეორე ომში თავისი ჩართულობით სამხრეთ კავკასიაში გავლენა კიდევ უფრო გაზარდა, რამაც ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირს და რუსეთს შორის სიტუაციის დაბალანსებას ცდილობს, რუსეთის გავლენა გააძლიერა.

საქართველოს, რომელიც 2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე აპირებს განაცხადის შეტანას, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიები ნეოლიბერალურ პოლიტიკას უჭერენ მხარს და საკუთარი ინტერესების შესაბამისად, აუქმებენ და ნულიდან იწყებენ ქვეყნის პოლიტიკურ სტრატეგიას.[6] ირაკლი ღარიბაშვილი, 5 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ამბობდა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ძალებით განხორციელებულმა ენერგეტიკულმა და ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა რეგიონის პოლიტიკური, ენერგეტიკული და ეკონომიკური რუკა მთლიანად შეცვალა, ამავე დროს ის ხაზს უსვავდა საკუთარი ქვეყნის დამოკიდებულებას უცხოურ ინვესტიციებზე.[7] სააკაშვილის პერიოდში განხორციელებული რეფორმების შედეგად კი, საქართველო, 2020 წელს, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა.[8]

საქართველო, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას გამოეყო, არაერთ პროექტში ჩაერთო მსოფლიოში არსებული კრედიტების სიუხვის გავლენით. მათ შორის თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის,ბათუმის და ფოთის პორტების პროექტებში, რომელთა წყალობითაც ქვეყანამ ენერგეტიკული სატრანსპორტო დერეფნის იმიჯი შეიძინა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანა პოლიტიკურად სტაბილური არ არის. ნავთობის, ქვანახშირის და ბუნებრივი აირის დიდი მარაგების არარსებობის პირობებში, აზერბაიჯანსა და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების გზად ქვეყანაში არსებულ ყველა მდინარეზე ჰესების აშენება მიიჩნევა. საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილ კაშხალებთან ერთად, „ენერგოუსაფრთხოების“ და „ენერგოდამოუკიდებლობის“ სახელით, აზიის აღმავლობის ბანკის, ევროპის აღმავლობის და რეკონსტრუქციის ბანკის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის სპონსორობით, მდინარეების მთლიანი ენერგეტიკული პოტენციალი „შეფასდა“ და ახალი ჰესების მშენებლობა, ეკოლოგიური პირობების სრული უგულებელყოფით დაიგეგმა.[9] ქვეყანაში მოქმედი ეკოლოგიური ორგანიზაციებიდან ამ გეგმებს მწვანე ალტერნატივა აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა არ გააჩნია და ენერგოწარმოების ეფექტურობის გაუმჯობესების და განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მაგივრად ჰესებზე კონცენტრაცია ისეთი შედეგებს გამოიღებს, როგორიც ენგურის და შუახევის ჰესებზე მოხდა, სადაც ნაგებობებს ბზარები გაუჩნდა.[10] ამ პროექტებმა მოახერხეს და ქვეყანაში, რომელიც ინვესტიციებს ევროკავშირსა და სხვა უცხოურ წყაროებში პოულობდა, დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა იმპერიალისტური ბლოკების გავლენით მოქმედი ბურჟუაზიული პარტიების გამო აპათიაში ჩავარდნილ მოსახლეობას დუმილი დაარღვევინა და მათში ეკოლოგიური ხასიათის საპროტესტო მუხტი გააღვივა.

როგორც ყველგან, ამ შემთხვევაშიც ბუნების განადგურებამ პროექტს სწრაფად ჩამოაცალა „განვითარების“ შეფუთვა. მას შემდეგ რაც ის ხალხის საცხოვრებელ სივრცეს შეეხო, მცირემასშტაბიანი პროტესტი სწრაფად მზარდ თავდაცვით წინააღმდეგობად და პოლიტიკურ ბრძოლად გადაიქცა. უფრო ადრე, მდინარე ალაზანზე, რომელიც კასპიის ზღვაში ჩაედინება, დაგეგმილმა ხადორი-3 ჰესის პროექტმა პირველ რიგში ახმეტის რაიონში მდებარე სოფელ ბირკიანში მასობრივი პროტესტი გამოიწვია, პროტესტი სწრაფად მოედო მეზობელ სოფლებსაც და ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე დაშავდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის შემდეგ კომპანია იძულებული გახდა ხეობა დაეტოვებინა.[11] რუსეთის საზღვართან, სვანეთის 17 მთიან სოფელში მცხოვრები მოსახლეობა კი, კორეული კომპანიის მიერ მშენებარე ნენსკრაჰესის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცოცხლებას ჰაშტეგით #StopNenskra შეეცადა.[12] ნოემბერში რიონის ხეობაში გაშლილი კარვებით და ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქ ქუთაისში დაწყებული საპროტესტო აქციებით, რიონის ხეობის მოძრაობამ ENKA-ს პროექტის წინააღმდეგ დაიწყო მობილიზება. არაერთი ადამიანი დაკავებისა და დაშავების მიუხედავად, 24 საათიანი საპროტესტო მოძრაობა და კარვების პროტესტი კვლავ გრძელდება.

ENKA-ს თავხედობა ნამახვანჰესთან დაკავშირებით

2019 წელს ENKA-მ და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ნამახვანის ორკასკადიანი ჰესის პროექტის შესახებ, რომელიც 333 მეგავატიანი ნამახვანის და 100 მეგავატიანი ტვიშის ჰესებისგან შედგება, მასში 10%-იანი წილი ასევე ნორვეგიულ Clean Energy Group-ს გააჩნია. პროექტი Build-Operate-Transfer-ის შეთანხმებით უნდა განხორციელდეს. 800 მილიონ დოლარიან პროექტში, რომლის დასრულებაც 2023 წლისთვის იგეგმება, სახელმწიფო კომპანიას 15 წლის ვადით, სექტემბერ-აპრილს შორის მონაკვეთში, ყოველწლიური წარმოების 60%-ის შესყიდვის გარანტიას აძლევს. კომპანიას შეუძლია საკუთარი სურვილის მიხედვით ადგილობრივ ბაზარზე, ან საზღვარგარეთ (ძირითადად თურქეთში) გაყიდოს დამატებით წარმოებული ელექტროენერგია, ხოლო 15 წლის შემდეგ წარმოებული ენერგიის 100%-ის განკარგვა შეეძლება. ხალხის ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მშენებლობის, 2017 წელს განხორციელებული ტენდერის შემდეგ ხელშეკრულების ხელმოწერის, აზომვა-შემოწმების და პროექტის დაგეგმვის პროცესები სრულიად გაუმჭვირვალედ, სასამართლოში წამოწყებული დავების დასრულებამდე დაიწყო.

ოქტომბერში, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მშენებლობას ეწვია და განაცხადა, რომ ჰესი საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 12%-ს გამოიმუშავებს და დაახლოებით 1600 ადამიანს დაასაქმებს, მან პროექტს ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აღუთქვა.[13] ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტს 10 000 ხელმოწერიანი პეტიცია გადასცეს და პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ამის საპასუხოდ კომპანიამ ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა და „ინვესტორის უფლებების“ დასაცავად საპროტესტო აქციებში ჩარევა სთხოვა.[14] ამის შემდეგ, 3 აპრილს, პოლიციამ კომპანიის დასაცავად გზაზე ბარიერები ჩადგა, ხოლო 11 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით, კადრების გამოქვეყნებასთან ერთად, პოლიციის და სპეცრაზმის მრავალრიცხოვანი კონტიგენტი „მეწყერის საფრთხის“ მომიზეზებით ხეობაში შევიდა და კარვები დაშალა. საპროტესტო ტალღის ზრდასთან ერთად ხელისუფლება, მომიტინგეებთან და კომპანიასთან შეხვედრის შემდეგ იძულებული გახდა უკან დაეხია. საპროტესტო აქციების სხვა ქალაქებში გავრცელების შესაჩერებლად ხელისუფლება დათანხმდა აქციის მონაწილეებთან შეხვედრას და განაცხადა, რომ მშენებლობას 9-12 თვით აჩერებდა, რაც, აქციის მონაწილეების განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამებოდა.[15] 28 აპრილს, წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ, კომპანიას გარემოს დაცვის ნორმების დარღვევისთვის 1450 დოლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დააკისრა.[16]

კომპანიის ქართველმა წარმომადგენელმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა რომ „ხელისუფლების პოზიციას ეთანხმებოდა და ნეგატიური არაფერი მოხდებოდა“, ხოლო კომპანია პირველი ფაზის სამუშაოებს მალე დაიწყებდა.[17] ამ პროცესებში თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი, აქტიურად აკეთებდა ისეთ განცხადებებს, როგორიც კომპანიის წარმომადგენელს, საქართველოს ხელისუფლებისათვის მომუშავე შუამავალს, თუ თურქული ბურჟუაზიის საქართველოში მომუშავე ინვესტიციების ექსპერტს შეეფერება. ის აქციებზე ანტითურქული და ისლამოფობიური განცახდებების შესახებ საუბრობდა, დაზარალებულის მანტიას ირგებდა და აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი ზარალს აყენებდა უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში, ელჩი ცდილობდა გადაეფარა ის დღისწესრიგი სადაც ცენტრალურ პოზიციას ეკოლოგიური სისტემის განადგურება იკავებდა და მეგობრობაზე, მეზობლობაზე თუ საერთო ინტერესებზე აპელირებდა. რუსეთის მომხრე რელიგიური ჯგუფების და ანტითურქული განწყობების გაღვივების მოსურნე ულტრანაციონალისტების უსუსური მცდელობები მოეპოვებინათ კონტროლი აქციის მსვლელობაზე უშედეგო აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც აქციის ორგანიზატორებმა მრავალგზის განაცხადეს, რომ მათ თურქ ხალხთან არანაირი პრობლემა არ აქვთ და ეკოსისტემას და სასიცოცხლო სივრცეს ყველგან და ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავენ.

იაზგანი ქართულ მედიასთან საუბრებში აცხადებს რომ ერდოღანი უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს, რომ ის კომპანიის ხელმძღვანელობას ესაუბრა და პროცესები გარემოს დაცვის ნორმებთან სრული შესაბამისობით წარიმართება.[18] იაზგანმა ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო ტალღა ჰესის კი არა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების წინააღმდეგ იყო მიმართული და გარკვეული ჯგუფები ავრცელებდნენ ხმებს, რომ თუკი საქართველო ნატოში შევიდოდა თურქეთის ჯარი საქართველოში ჩადგებოდა, თურქეთს საქართველოსთან ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა, ხეობაზე თვალი ეჭირა და ზოგადად, ინვესტიციებს ეს ჯგუფები შიდაპოლიტიკური დავის მასალად იყენებდნენ.

საქართველოში გამართული აქციების მონაწილეები თვალყურს ადევნებენ შავიზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენებს, მათთვის ნაცნობია, იქიზდერეს ხალხის კამპანია, ჯენგიზის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა და თურქული ჟანდარმერიის დამოკიდებულება. მათ ყურადღება გაამახვილეს იქიზდერელი ქალების სამოსსა ხელჯოხებზე, მათ ქართველ ხალხთან მსგავსებაზე და აღნიშნეს, რომ როგორც პროექტის შეჩერებისთვის ისე ქვეყნის შიგნით ისლამოფობიური და ქსენოფობიური განწყობების გავრცელების აღსაკვეთად მხარეებს შორის კავშირია მნიშვნელოვანი, ხოლო სოციალური მედიის მსგავსი საშუალებებით კავშირების დამყარება დღეს მარტივადაა შესაძლებელი.

დამსხვრეული ოცნებები და ხალხთა თვითგამორკვევა

თურქეთს, რომელიც იმპერიალისტურ ძალებს შორის მომხდარი კონფლიქტების გამოყენებით ცდილობდა ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებზე ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარებას, ხელში მხოლოდ ცარიელი ოცნებები შერჩა. მან როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური კუთხით თავისი ექსპანსიონიზმის საზღვრებს მიაღწია, ხოლო მსოფლიოს კაპიტალისტური კრიზისის გამო ქარმა საწინააღმდეგო მიმართულებით დაუბერა, თურქეთის იმპერიალისტური ოცნებებიდან ჯიჰადისტებთან, რეგიონულ იმპერიალისტებთან და მაფიასთან დამყარებული ბინძური ურთიერთობებიღა დარჩა. მართალია თურქული სახელმწიფო, თურქულ ბურჟუაზიასთან კოალიციაში, აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს საქართველოს მსგავს ქვეყნებში, მაგრამ რეგიონის საერთაშორისო ურთიერთობებში დათმობაზე წასვლა უკვე მას უწევს, მას სხვა გზაც აღარ აქვს შიდა კრიზისის და ქურთი ხალხის კოლონიური ჩაგვრის გასაგრძელებლად.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის პოლიტიკურ რეალობაში ჯერ არ არის წარმოდგენილი, აუცილებელია, რომ თანდათანობით გამოჩენილი ეკოლოგიური კატასტროფა, როგორც რეალობა, ხალხების თვითგამორკვევის, ანუ ერის კოლექტიური უფლებების კონტექსტში იქნეს განხილული. ეკოლოგიური კატასტროფის პირობებში რეგიონის ჩაგრულ ხალხთა შორის არსად შეინიშნება ბურჟუაზიული განვითარების გზით მიღწეული, თავისუფალი და იმედიანი განვითარების ფაქტები. ასეთ დროს, ბუნებასთან შერწყმა, ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურის შენარჩუნება, ახალი ცხოვრების მოწყობა მხოლოდ დემოკრატიული და სოციალისტური სახალხო გაერთიანებების საშუალებით არის შესაძლებელი.

შესაბამისად, აუცილებელია ეკოსისტემის განადგურების საწინააღმდეგო სახალხო მოძრაობების მიერ ადგილობრივი და აპოლიტიკური მიდგომების გადალახვა. როდესაც ეს კოლონიური და ექსპლუატატორული პოლიტიკის გამოაშკარავებასთან ერთად მოხდება, ეს მოძრაობებიც ბუნებრივად მოექცევიან ინტერნაციონალისტურ პოზიციაზე და მსოფლიოს ყველა ჩაგრულის გვერდით დაიკავებენ ადგილს.

შენიშვნა: ეკოლოგიური კოლექტივის პოლენის რიონის ხეობის აქტივისტებთან ჩაწერილი საუბრის ვიდეოჩანაწერი აქედან შეგიძლიათ იხილოთ.

შენიშვნები:

[1] Türkiye’den 5 inşaat firması dünyada en fazla ihale alan ilk 10 firma arasında.

[2] Olcay Çelik, 128 milyar hangi sınıfın sorusu?, 16 Nisan 2021

[3] გებზე-ადაფაზარის თბოელექტროსადგური დღეებია რაც ექსპლუატაციაში გაეშვა: ENKA Power Adapazarı Santrali üretime başlamıştır, 19 Mayıs 2021

[4] İleri Haber, 13 Ekim 2014

[5] Anadolu Ajansı, 30 Nisan 2021

[6] Heinrich-Böll Vakfı, 17 Mart 2021

[7] Haberler, 5 Mayıs 2021

[8] ENKA-ს პარტნიორი ნამახვანჰესის პროექტში – ნორვეგიული Clean Energy Group ამ პროექტში ინვესტიციის ჩადების მიზეზად სწორედ რეიტინგის ამ პოზიციას და საქართველოს მიერ ენერგეტიკული ქარტის და ნიუ იორკის ხელშეკრულების ხელმოწერას ასახელებს.

[9] BankWatch, Nisan 2020

[10] Green Alternative, Kasım 2021

[11] Evrensel, 28 Kasım 2020

[12] BankWatch, Eylül 2020

[13] ENKA internet sitesi, Ekim 2020

[14] Kerim Ülker, Dünya Gazetesi, 3 Şubat 2021

[15] civil.ge, 24 Nisan 2021

[16] civil.ge, 28 Nisan 2021

[17] Habertürk, 26 Nisan 2021

[18] civil.ge, 16 Nisan 2021

გაზიარება